მაია ჯაბუა: გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ

მაია ჯაბუა: გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ

''სხვა ქართული ოჯახებისგან განსხვავებული და გამორჩეული საახალწლო ტრადიციები არ გვაქვს. სამზადისი ამ დღესასწაულისთვის ნაძვის ხის მორთვით იწყება, მე და ჩემი უმცროსი შვილი ნიკუშა ერთად ვაწყობთ ნაძვის ხეს და ყოველ წელს ახალ მოსართავს ვამატებთ, ვუწერთ წერილს თოვლის ბაბუას და კონვერტით ვდებთ ნაძვის ხესთან. თან, მთელი წელი მეკითხება, მართლა არსებობს თოვლის ბაბუო, მეც ვპასუხობ, არსებობს მათთვის, ვისაც მისი სჯერა, ჰოდა, მე მჯერაო, - ამბობს (იცინის).

რაც შეეხება საახალწლო სამზარეულოს, არაფერი ორიგინალური, ინდაური, საცივი, გოზინაყი ჩვენთანაც კეთდება. ტრადიციაა ის, რომ თითქმის ყველა ახალ წელს ბავშვები კონცერტზე მიმყავს, ხან ვასწრებთ სახლში დაბრუნებას და ახალი წლის შემობრძანებას სახლში ვხვდებით, ხან - ვერა, მაგრამ მთავარია, ერთად ვართ და სადაც მოგვიწევს იმ დროს ყოფნა, იქ ვეგებებით ახალ წელს. მაგალითად, შარშან მე და ეკა კახიანს შვილებთან ერთად ძველ მერიასთან, დიდ ნაძვის ხესთან მოგვიწია ახალი წლის შეხვედრამ, გავაჩერეთ მანქანა და ბავშვები ისე გაერთნენ, რომ მართლა გამორჩეულად დამამახსოვრდა'', - გვითხრა მაია ჯაბუამ, რომელთანაც ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ.

- ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც ტრადიციების მიმდევარი ვარ, ზოგი ტრადიცია მომწონს, ზოგი - არა. სუფრის ტრადიცია, თამადა, განსხვავებულები, დიდად არ მხიბლავს, ძალიან დამღლელი და მოსაწყენია. სიმართლე გითხრა, ასეთ სუფრაზე კარგა ხანია არ ვყოფილვარ, თუმცა კი ბევრ ისეთ საინტერესო სუფრაზე ვარ მოხვედრილი, რომელიც ალბათ სამუდამოდ მეხსომება. გააჩნია იმასაც, რა საზოგადოება შეიკრიბება, საინტერესო ხალხთან ყველაფერი საინტერესოა.

- მეზობლობის ინსტიტუტზე გკითხავთ, რომელიც ძალიან აქტუალური იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ თითქოს იკარგება.

- ამ ინსტიტუტს თავისი ხიბლი ჰქონდა, მე ისეთ სახლში გავიზარდე, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სტადიონი ჰქონდა, მთელი უბანი ჩვენს ეზოში იკრიბებოდა და უსასრულოდ ვთამაშობდით. დღეს აშენებენ უდიდეს კორპუსებს და ძალიან პატარა ადგილიც კი არაა იმისთვის, რომ ბავშვმა ითამაშოს. ჩვენს დროს ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, მეტი სიმშვიდე და მეტი თანადგომა იყო, დაცულებიც ვიყავით, დღეს კი ხალხი თითქოს უფრო მეტად ჩაიკეტა, თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, გარდა ამისა, გაიზარდა მოსახლეობა, ბევრი შემოემატა ქალაქს და ნელ-ნელა ხალხი გაუცხოვდა, ერთმანეთს აღარ იცნობენ, შესაბამისად, მეზობლების ურთიერთობაც აღარ არის ისეთი.

- ქალბატონო მაია, თქვენთვის ოჯ­ახის უფროსობა რას ნიშნავს?

- ჩვენს ოჯახში ასეთი თანამდებობები და იერარქია არ დაგვიწესებია. ძალიან დემოკრატიული ოჯახი გვაქვს, ერთიმეორის აზრს ვისმენთ, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და მშვიდობიანად ვახერხებთ ურთიერთობას.

- რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტს…...

- ნიშნობა, ხელის თხოვა, გადაპატიჟება-გადმოპატიჟება არასდროს მომწონდა, თუმცა ვინც ამას იცავდა, არ განვიკითხავდი. არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი, ამ ყველაფერს ავერიდებოდი. ქორწილებზეც არ ვგიჟდები. ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა, ახალგაზრდობაშიც და ახლაც, პომპეზურობა არ მომწონს. ვიღაცას უყვარს, ოცნებობს თეთრ კაბაზე და უნდა ჰქონდეს კიდეც, ვისაც როგორ წარმოუდგენია ქორწილი, ისეთი უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტს, ვფიქრობ, ძალიან ნორმალური და ორგანულია, ჩემი აზრით, კარგად უნდა იცნობდე ადამიანს, ზუსტად უნდა იცოდე, რომ ამ ადამიანთან გინდა ცხოვრება და მერე უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. ოჯახი ძალიან რთულია, ცხოვრება ბევრ გამოცდას გვიმზადებს, ამიტომ შენ გვერდით მყოფ ადამიანში დარწმუნებული უნდა იყო. მარტო სიყვარული საკმარისი არ არის. არავის არაფერს მოვუწოდებ, მაგრამ მე ამ ინსტიტუტს დადებითად ვუყურებ.

იხილეთ გაგრძელება

თურქი მსახიობი, რომელმაც აქამდე ცნობილი ყველა თურქი ვარსკვლავი დაჩრდილა - ვინ არის ქართველი ქალების ახალი გულთამპყრობელი აქინ აქინოზუ

10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა

ნახევრად შიშველი მადონას ფოტოებმა სოციალური ქსელი "ააფეთქა" - ფანები ფიქრობენ, რომ 61 წლის პოპვარსკვლავმა უკანალი გაიდიდა