საქართველო უძველესი კულტურის კერაა. არქეოლოგიური გათხრები უმნიშვნელოვანესია და ეს მასალა, რომელსაც არქეოლოგები მოიპოვებენ, ამდიდრებს ჩვენს საგანძურს. თითოეული არქეოლოგიური აღმოჩენა ახალი ინფორმაციის შემცველია და სწორედ არქეოლოგიის დახმარებით ვსწავლობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულს.
Ambebi.ge წარმოგიდგენთ 2014 წლის 5 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას, რომლებზეც გასულ წელს ქართველი არქეოლოგები მუშაობენ.

ნიკა თუშაბრამიშვილი, არქეოლოგი: ზიარის გათხრები

ეს არის დმანისის დონის გათხრები. ეს დაახლოებით 2 000 000 წლის წინანდელი ადამიანის ნაცხოვრები ადგილია. ორი პუნქტია აღმოჩენილი, ერთი დაახლოებით მაგ ასაკის არის, მეორე 500 000-ით ნაკლები. არის კიდევ ერთი ფენა ცეცხლის კვალით. ეს უტყუარი ცეცხლის კვალია. ევროპაში, ყველაზე ძველი ცეცხლის კვალი საფრანგეთშია ნაპოვნი, ის 350 000 წლის წინანდელი ფენაა. ჩვენი ცეცხლის კვალი უფრო ძველი თუ არა, იგივე ასაკის მაინც არის. შესაძლოა, ჩვენ აღმოვაჩინეთ ყველაზე ძველი ცეცხლის კვალი და ამას დაახლოებით ერთ წელიწადში გავარკვევთ. ეს ძეგლი გამოირჩევა თავისი დალაგებულობით, მაგალითად, განსხვავებით დმანისისგან, სადაც სპილო, სირაქლემა, ვეფხვი, ადამიანი ერთად არის თავმოყრილი, აქ ყველაფერი დალაგებულია.
ფოტო: ზიარის გათხრები, 3D გამოსახულება


კონსტანტინე ფიცხელაური, არქეოლოგი: დიდნაურის გათხრები - დედოფლისწყარო

წარმოებული სამუშაოების შედეგად ირკვევა, რომ ქალაქი წინასწარი პროექტით არის დაგეგმარებული, აქვს საკუთარი წყალმომარაგებისა და თავდაცვითი სისტემები. მისი თავდაცვითი ზღუდის სისქე 7 მ-მდე აღწევს, ხოლო თავდაცვითი თხრილის სიგანე - 2-13 მ-მდე. სამუშაოებისას მოპოვებული არქეოლოგიური მასალა (კერამიკა) ქალაქის თარიღს, ზოგადად, ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულითა და I ათასწლეულის დასაწყისით განსაზღვრავს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის, მსგავსი მასშტაბებისა და გეგმარების ნაქალაქარი ამიერკავკასიაში მიკვლეული არ არის და ამ ეტაპზე ეს ობიექტი უნიკალურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

რევაზ პაპუაშვილი, არქეოლოგი: ერგეტას გათხრები

ერგეტა არის ზღვისპირეთში, ანაკლიასთან ახლოს. ეს გათხრები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ კოლხეთის ძლიერების საწყის პერიოდს ვიკვლევთ. ეს ის პერიოდია, როცა სახელმწიფო კოლხეთი ყალიბდება და იქმნება მითი არგონავტების შესახებ. ჩვენ აღმოვაჩინეთ შრომისა და ბრძოლის იარაღები, ასევე დიდი რაოდენობით სამკაულები. ახლა რაც გავთხარეთ, ეს ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეს მიეკუთნება. აქამდეც ყოფილა ასეთი მნიშვნელობის აღმოჩენები, თუმცა ეს ძალიან დიდი რესურსია და ამდიდრებს საქართველოს საგანძურს.

ამირან კახიძე, არქეოლოგი: ქობულეთის ფიჭვნარი

ფიჭვნარი ჩვენი ეროვნული კულტურის გამორჩეულ ძეგლს წარმოადგენს. ის თავის ადგილს საკაცობრიო ცივილიზაციაშიც იკავებს. ფიჭვნარი და მისი შემოგარენი ექცევა საკაცობრიო კულტურის, იმ საკაცობრიო ცივილიზაციის იმ კერათა რიცხვში, სადაც პირველად დაიწყო შუამდინარეთის, ანატოლიის, ბალკანეთის, ეგვიპტის მითვისებითი მეურნეობიდან მწარმოებლურ კულტურაზე გადასვლა.
მეორე უმთავრესი ის გახლავთ, რომ ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაზე გადასვლის შემდეგ, ამ მხარემ დიდი როლი ითამაშა ბრინჯაოს მეტალურგიის შექმნაში და ეს ადგილები, სწორედ, გამოიყურება მსოფლიოში უძველეს ბრინჯაოს მეტალორგენულ კერად. ამ მხრივ წელს შესანიშნავი აღმოჩენები გვაქვს, მდინარე კინტრიშის შენაკადში, სადაც ჩანს, რომ ჩვენი ძველი წინაპრები III-II ათასწლეულში, საბადოებიდან გამოტანილი ნედლეულის დაქუცმაცებას აწარმოებდნენ, რომ უფრო გაეძლიერებინათ დაფშვნილი ლითონის ლღობის ტემპერატურა და სიცხედ ექციათ.ფიჭვნარი ჩვენ დიდ ინფორმაციას გვაძლევს ტომობრივი კულტურის წესთან დაკავშირებით. წელს, ჩვენ საველე სამუშაოები გვქონდა ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მეხუთე საუკუნის კოლხურ სამაროვანზე. აქ 1966 წლიდან მიმდინარეობს გათხრები და ამ გათხრებმა ცხადყო, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში იყო კლასობრივი საზოგადოება.
მესამე ძეგლი, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, ეს იყო ელინიზმის ეპოქის სამაროვანი, სადაც 36 სამარხამდე გავთხარეთ, აქამდე სამასამდე გვქონდა გათხრილი. შეიქმნა, უდიდესი, ეტალონური ძეგლები, აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში, კოლხეთის სანაპიროზე, ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნის კოლხურის, მეოთხე საუკუნის ელინიზმის ეპოქის. რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ჩვენს ფიჭვნარში კვლევის ობიექტს წარმოადგენს კლასიკური ხანის, მეხუთე-მეოთხე საუკუნის ბერძნული ნეკროპოლი, რომელიც ერთადერთია არა მარტო აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში, პონტოს სანაპირო ზოლში, საერთოდაც, საქართველოში და ამიერკავკასიაში.
ვახტანგ ლიჩელი; დავით ნასყიდაშვილი: გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში (სოფ. სამთავისისა და იგოეთის ტერიტორია). ამ ძეგლზე დადასტურებულია 11 სხვადასხვა პერიოდის ნაშთი, რომელშიც ასახულია საზოგადოების განვითარების თითქმის მილიონ ნახევარი წლის ისტორია (სამუშაოებს აწარმოებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიცია. ხელმძღვანელი პროფ. ვ. ლიჩელი).
ძვ.წ. V-IV საუკუნეების ასეთი მასშტაბური, კულტურულად და ეკონომიკურად დაწინაურებული დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე მანამდე არ იყო ცნობილი. აქ მოპოვებულია ეგვიპტური, ირანული, ფინიკიური, მესოპოტამიური ნაწარმი. ხოლო აღმოჩენილი სრულიად უნიკალური დიზაინის მქონე მცირე არქიტექტურული ფორმები ძალიან მაღალი ესთეტიკური დონის შესაბამისი ნაგებობებია. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ 2 500 წლის წინანდელი შენობების ინტერიერში ყველა ნივთი თავის ადგილზე დევს (კერძის გასაკეთებელი ჭურჭელი ღუმელზე, შეწირული ნივთები - საკურთხეველზე, ხელადა სასმელი წყლით – ოთახის კუთხეში და ა.შ.). აშკარაა, რომ გრაკლიანი გორის ძვ.წ. V-IV საუკუნეების არქეოლოგიური ფენომენი ადგილობრივი საზოგადოების წიაღში ფართო კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე განვითარებულ ცალკე კულტურული მოვლენაა. 2014 წელს ჩატარებული გათხრების შედეგების მიხედვით, გრაკლიანი გორა სრულიად განსაკუთრებულ სამეცნიერო და ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლად წარმოჩინდა და ის საეტაპო ძეგლად უნდა მოვიაზროთ ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის სივრცეში.
გიორგი ხარშილაძე
AMBEBI.GE