ფარნა ბადურაშვილი ჯერ მხოლოდ 19 წლის იყო, უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობდა. მთაში გაზრდილს, მთა ძალიან უყვარდა... დედა და ოჯახის წევრები დიდხანს ეხვეწნენ თურმე, რომ ახალი წელი მთაში კი არა, მათთან ერთად გაეტარებინა, თუმცა მათ არ დაუჯერა და მეგობრებთან ერთად საყვარელ მთებს მიაშურა. 3 იანვარს მთელმა საქართველომ გაიგო ზვავს ჩაყოლილი ახალგაზრდის ტრაგედიის ამბავი...
ბახმაროში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფმა სამი ახალგზარდა: დავით მჭედლიშვილი, გიორგი გაგნიძე და გიორგი ნაზღაიძე ზვავიდან გამოიყვანა, მეოთხე, ფარნა ბადურაშვილი კი, გარდაცვლილი იპოვეს. დღეს გადარჩენილებს ტრაგედიაზე საუბარი უჭირთ, თუმცა "კვირის პალიტრასთან" დავით მჭედლიშვილი უბედურ შემთხვევას ასე იხსენებს:
- სამწუხაროდ, ჩვენთვის 2015 წელი საშინელი ტრაგედიით დაიწყო - ზვავში გამორჩეული, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი - ფარნა ბადურაშვილი დაგვეღუპა. ჩვენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისის" წევრები ვართ. 2014 წლის 30 დეკემბერს, ოთხკაციანი ჯგუფი ტრადიციულად ახალი წლის მთაში შესახვედრად გაემართა. მარშრუტი წრიული იყო და ადიგენის რაიონის სოფელ დერცელიდან იწყებოდა. საწყისი წერტილიდან ჯგუფი შავნაბადას იალაღებზე უნდა ასულიყო, შემდგომ ზოტის მთაზე, საიდანაც ზოტიყელის საზაფხულო დასახლებაში უნდა გადასულიყო და ხულოს რაიონის მხრიდან დაბრუნებულიყო საწყის წერტილზე. პირველი ორი დღე ლაშქრობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, ანუ მარშუტის ყველაზე მაღალი წერტილი, ზოტის მთა წარმატებით გადავლახეთ და მწყემსების ბინაში დავბანაკდით. პირველ იანვარს დილის ათის ნახევარზე ზოტიყელის იალაღებისკენ დავიძარით, ბანაკიდან 700 მეტრში ჯგუფის ორი წევრი გიორგი ნაზღაიძე და ფარნა ბადურაშვილი ზვავში მოხვდნენ, გიორგი პატარა ნაძვის წყალობით გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ სამწუხაროდ, ფარნა ზვავში ღრმად აღმოჩნდა დამარხული.