სპარტაკ ბურდული - იყო დრო, როდესაც მისი სახელისა და გვარის ხსენება შიშის ზარს სცემდა ადამიანებს, თუმცა რაიონში ის ბევრს უყვარდა და თავის მფარველად ეგულებოდა. ციხეში გატარებულმა 24-მა წელიწადმა ისე გამოაწრთო, რომ ცხოვრება ალბათ, ვეღარაფრით გააკვირვებს. როგორც თავად ამბობს, მისი გულის დასაპყრობად ულამაზესი ქალები ეცილებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის იყო მოსამართლე, რომელმაც მას ათწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და მისი ადვოკატები...
ინტერვიუ 10 წლის წინაა ჩაწერილი. ამ პუბლიკაციით არ ვცდილობთ, ქურდული სამყაროს პროპაგანდას. პირიქით, გვსურს, სწორედ მათ ნაკლოვანებებზე გავამახვილოთ ყურადღება და გავავლოთ ზღვარი დღევანდელ და მაშინდელ ყოფას შორის, მკითხველს დავანახოთ ქურდულიი მენტალიტეტის მანკიერი მხარეები. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით სპარტაკი ქურდის სახელს აღარ ატარებს. როგორც მომეჩვენა, განვლილ ცხოვრებაში ჩადენილ შეცდომებს ნანობს კიდეც. მისი თავგადასავალი და ხიფათით სავსე ცხოვრება კი მკითხველისთვის უდაოდ საინტერესო და უჩვეულოა. ჩვენს საუბარს იმ ამბის გახსენებით დავიწყებთ, თუ როგორ მოხვდა ის შავ სამყაროში და როგორ "მონათლეს" ქურდად.
"ნათლიმამა"
მოჭიდავე ვიყავი. 14 წლის ასაკში გავხდი საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებს შორის. დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, ჩემ შესახებ გაზეთებში წერდნენ... სკოლაშიც, მერვე კლასამდე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. შემდეგ სწავლაზე გული ავიცრუე და მთელ დღეს ქუჩაში ვატარებდი ხოლმე. ახლაც ხშირად მახსენდება ერთი ბებერი ქურდის სიტყვები. მას არაქურდად ტოვებდნენ და ასეთი რამ თქვა: მე კაცობა და ქურდული გაგება ქუჩამ მომცა და არა ქურდებმა, თქვენ ვერ წამართმევთ იმას, რაც არ მოგიციათო... მეც სწორედ ასე დამემართა. წნორში არის რკინიგზის სადგური, რომელსაც რამდენიმე საწყობი ჰქონდა. იქ ინახებოდა აზერბაიჯანიდან შემოსული საქონელი, სამშენებლო მასალები და ათასი რამ. ყველა თავისთვის ჩალიჩობდა - ზოგი იპარავდა, ზოგიც იმ საწყობში მუშაობდა... ერთ საღამოს, კარგად შებინდებული იყო, როდესაც მე და ჩემი ორი მეგობარი სადგურზე დავხეტიალებდით და ერთ-ერთი საწყობიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემოგვესმა. შევედით. ერთი კაცი სამს ედავებოდა და ჟარგონით ელაპარაკებოდა. სამიდან ერთ-ერთი, ამ საწყობის დარაჯი გახლდათ და კარგად ვიცნობდით. ბიჭებმა თქვეს, მივეხმაროთო, მაგრამ საწყობში რომ შევედით, რატომღაც მე იმის მხარეზე დავდექი, ვინც მარტო იყო. ბოლოს, ამ კაცმა იარაღი ამოიღო, ერთ-ერთს შუბლზე მიადო და უთხრა: ახლა სიცოცხლეს გჩუქნით, მაგრამ სხვა დროს გზაზე აღარ გადამეყაროთ, თქვენ რომ იცოდეთ, ვინ ვარ, შიშით სული გაგძვრებოდათო. შემდეგ მხარზე ხელი გადამხვია და გარეთ გამიყვანა. მეგობრებიც გამომყვნენ. ამ კაცმა თვალებში ჩამხედა და მკითხა: