"ტერიტორიის ოკუპაციაზე უფრო საშიში სულიერი ოკუპაციაა. თუ ჩვენ სულიერად ვიქნებით თავისუფლები და არა ოკუპირებულები, 3 000 ან 5 000 ადამიანის მიერ საქართველოში, ვინც იღებს ფულს იმისთვის, რომ ქართველებმა აღარ ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე, რომ ქართული ღირებულებები, ეროვნული ფასეულობები წაიშალოს, ჩვენ აღარ გვქონდეს სიტყვა "პატრიოტი", გაუფასურდეს ყველაფერი, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიტანა, მოვა დრო, რომ აფხაზეთის, იგივე სამაჩაბლოს დაბრუნების შანსიც რომ დადგეს, კაციშვილი აღარ იქნება საქართველოში, ვინც ამაზე წავა, რომ დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. ტერიტორიების ოკუპაცია ჩემთვის ნაკლები საფრთხეა, ვიდრე სულიერი ოკუპაცია", - მსახიობსა და "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლედერის, გია ბურჯანაძის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გამოთქმულ ამ მოსაზრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Ambebi.ge მსახიობს დაუკავშირდა.
- თავდაპირველად მინდა ვთქვა, ჩემამდე მოდის ხმები, ჩემზე რას წერენ და რას ავრცელებენ ის არაკეთილმოსურნე ხალხი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით. ძალიან გთხოვთ, ჩემთან ვისაც უნდა კამათი, პირდაპირ დამელაპარაკოს, "ფეისბუქზე" ნუ წერენ და ნუ მწერენ, მაინც არ ვკითხულობ.
- თქვენ თქვით, რომ ფიზიკური ოკუპაციის გარდა, საქართველოს სხვა მხრივაც აქვს უფრო სერიოზული საფრთხე ოკუპაციის. რას გულისხმობდით?
- უინსტონ ჩერჩილმა თქვა ,,ქვეყნებს არა ჰყავთ მეგობრები, ქვეყნებს აქვთ ინტერესები". ქვეყნები რომლებიც უმოწყალოდ ხოცავდნენ ერთმანეთს, მერე ერთიანდებოდნენ და სხვა ქვეყანას უპირისპირდებოდნენ. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ეს უბედურება, საქართველო არის ორ პოლუსს შორის. ჩვენ საინტერესო გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ქართველებს სულ უნდა ეთამაშათ. ერთი როცა დასუსტდებოდა, მეორე აუცილებლად იძიებდა შურს. ორი ვებერთელა მონსტრი არის დაჯახებული ერთმანეთთს, დასავლეთი, რომელიც ერთიანი არ არის, ევროპა, სადაც ჩვენნაირი ქვეყნები არიან, ერი სახელმწიფოები, თავისი კულტურით და არის ამერიკა, ამხელა კონგლომერატი.ევროკავშირშიც არის ბევრი პრობლემა ამერიკასთან დაკავშირებით. მეორე მხარეს არის დიდი მონსტრი, რომელსაც მართავს ,,კა გე ბე"-ს კაპიტანი, რომელიც დიდი ჭკუით არ გამოირჩევა, რომლისთვისაც ძალა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
სულიერი ოკუპაცია რა არის? როდესაც გავიწყდება შენი მშობელი დედა. იმის გამო, რომ შენმა მშობელმა დედამ რძე ვერ გაჭამა მძიმე მშობიარობის, ან სხვა რამის გამო, და, ამ დროს, სხვა ქალბატონმა გაჭამა რძე, დიდი მადლობა უნდა გადაუხადო იმას, ვინც რძე გაჭამა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელი დედა მოიძულო ან დაივიწყო. დაახლოებით ეგეთი რამე დაემართა საქართველოს. ჩვენ ვერ ვეტყვით ამ ადამიანებს, თავი დაგვანებეთ, რა დაგვმართეს ეს, პირიქით, მადლობელი უნდა ვიყოთ ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვინც ჩვენ გვერდზე დგანან, თუნდაც არაღიარების პოლიტიკაში. საგარეო პოლიტიკის კარგი მცოდნე გვჭირდება, რომელიც მარტო კი არ გასცემს, მიიღებს კიდეც, მოგებაც უნდა ვისწავლოთ. ჩვენ მივანდოთ რომელიმე ქვეყანას ჩვენი სულიერი ცხოვრება, ეს არ შეიძლება.
მე მახსოვს, რომ საქართველოში ცეკას პირველ მდივანს აუცილებლად ჰყავდა მოადგილედ რუსი, რომელიც მეთვალყურედ იყო დანიშნული, მაგრამ ისინი ისე არ ერეოდნენ ერის სულიერ ცხოვრებაში, როგორც დღეს ერევა ამერიკის ელჩი. დღეს ქვეყანას ნორლანდი მართავს, ყველაფერი მათთან წყდება და სამწუხაროდ, მარტო საქართველოს არა, ევროკავშირის ქვეყნებსაც, რომლებსაც თავის დროზე უჭირდა და ამერიკამ ძუძუ აჭამა. თუ შენ შეგიჩნდა ეშმაკი, შენ ხარ სულიერად ოკუპირებული და აღარ გაინტერესებს არაფერი, მაშინ ბოლომდე დარჩები ოკუპირებულად, მაგრამ თუ ფიზიკურად ხარ ოკუპირებული, მანამდე გაქვს თავის დახსნის შანსი. წარმოიდგინეთ, რომ ენგურს გაღმა დგას რუსის ჯარი და ენგურს გამოღმა ნატოს ჯარი, რამე პატარა რომ გაფხაჭუნდეს, სამ საათში საქართველო აღარ იქნება!
- როგორ უნდა გაუმკლავდნენ ქართველები ასეთ სიტუაციას?
- ქართველებმა უნდა ათამაშონ ერთი ადგილი! ერთმა ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, პოლიტიკოსია ის კაცი, ეროვნული მოძრაობის დროს თავდადებული კაცი, ეს ხომ არაკაცური საქციელი არისო?! როცა ქვეყანა გაბარია, იქ არაკაცურზე და არავაჟკაცურზე აღარ არის ლაპარაკი. მე ვარ ის კაცი, ვინც ლაპარაკობდა, რომ არაფრის დიდებით არ უნდა ვთქვათ უარი "აისაფიში" მონაწილეობაზე, მაგრამ უნდა გავუგზავნოთ ექიმები, ოცეული გააგზავნე, უნდა ჩათვალო, რომ მონაწილეობ, მაგრამ ყველაზე დიდი კონტიგენტი არ უნდა გააგზავნო! ქართველი ბიჭები იქ არ უნდა იხოცებოდნენ. მაკკეინს რომ ასიამოვნო, შენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა გაწირო. არ უნდა მივანდოთ ისეთ პოლიტიკოსებს ქვეყანა, რომლებიც მხოლოდ პირადი გამორჩენისთვის არიან. მეც ძალიან მჭირდება ფული, მაგრამ რამდენჯერაც არ შემომთავაზეს, უარი ვთქვი პოლიტიკაზე, რადგან მე არ ვარ პოლიტიკოსი. დღეს, ერთი სერგეენკო არის მგონი, რომელიც თავისი პროფესიით ხელმძღვანელობს თავის დარგს.
როდესაც ისეთი მინისტრები გვყავდა, რომელიც შალახოს დაგიკრავს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ის ადამიანი იქ მეორე დღეს არ უნდა იყოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მისი პარტია დღეს გამოდის და იფურთხება იმ ჭაში, რომელ წყალსაც ისინი სვამდნენ.
- დღეს ხედავთ რომელიმე პარტიას, რომელიც თქვენ ხედვას იზიარებს?
- მე პარტიებს რომ ვერ ვხედავ, ამიტომ არ ვარ არცერთი პარტიის წევრი და არც ვყოფილვარ. თუ არის ისეთი პარტია, რომელიც ისე ფიქრობს, როგორც მე, ეგ არ ვიცი, მაგრამ რომ იყოს, მე აუცილებლად დავუახლოვდებოდი. რომც იყოს ეგეთი პარტიები, ერთი პარტია ვერაფერს გააკეთებს, თუ ის იქნება დაპირისპირებული ამ ორ ძალასთან, გააქრობენ და ცხვირს ვერ გამოყოფენ, ფულს ვერ იშოვნის და ოფისს ვერ შეინახავს. ოდიდგანვე ასე იყო, ან ერთს უნდა მიჰყიდვოდნენ ან მეორეს.დღეს გამოჩდნეს ორთოდოქსული მუსულმანური ლიდერი, რომელიც ერთი მილიარდით დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ნახავთ, რომ დღეს დღე და ღამე ევროპულ ფასეულობებზე რომ მელაპარაკებიან, დაიწყებენ ვაჰაბიტურ მოძრაობაზე ლაპარაკს.
ხელოვნურად ხდება, რომ გაჭირვებული ვიყოთ, აბა როგორ ხდება, რომ ოცი წლის განმავლობაში სულ უმუშევრობაა საქართველოში?! გაუნათლებელი ერი ვართ დღეს! 20 წლის მანძილზე სულ უარესობისკენ გაკეთდა რეფორმა. გაუნათლებელი და გაჭირვებული ხალხი იოლი სამართავია! 20 წლის წინ არავის დააჩაგვრინებდნენ ქუჩაში უსამართლოდ ადამიანს, როგორც დღეს, ოღონდ ლუკმაპური გქონდეს. ეტყობა ასე უნდათ რომ იყოს, რადგან ახლა ძალიან იოლია ახალგაზრდების მართვა, დაუნიშნავ 700 ლარს ხელფასს და ის ხმის ამომღები აღარ არის. ახალგაზრდები, როცა დღეს არსად არ არის პრესპექტივა, შედი რომელიმე ორგანიზაციაში, გინდა ხუბუტიასგან იყოს დაფინანსებული, გინდა დასავლეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა. ხელფასი გაქვს 5000$, რომელიც ევროპაში პროფესიონალებს არ აქვთ და ეგ, ვინც აფინანსებს, მაგათთვის არაფერი არ არის.
დღეს, მე მაბრალებენ რომ პუტინისტი ვარ, მაგრამ ის ხალხი, რომელიც დღეს მაგას მაბრალებს, ისინი თვითონ არიან პუტინისტები. როცა ისინი მაგათი ერთი ადგილის მლოკავები იყვნენ, მე ჩემი ოჯახი და ჩემი წინაპრები, მაშინაც ძალიან ცუდად ვიყავი. არ აქვს მნიშვნელობა ვისისტი ხარ, როცა ჩემს ქვეყანას პირად ინტერესებს ანაცვალებ, აგენტი ხარ, რა.
გიორგი ხარშილაძე
AMBEBI.GE