"იქ მგლური კანონია, შენ თუ არ შეჭამ, სხვა შეგჭამს! ყველაზე მეტად ერთმანეთის გვეშინია, ზოგჯერ - საკუთარი თავისაც", - ამბობს ერთ-ერთი სპეცრაზელი, რომელიც 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევაში მონაწილეობდა. მისი თქმით, უწყების ხელმძღვანელები არქიფო სეთურივით იქცევიან და რიგით თანამშრომლებს კაციჭამია ზომბებად აქცევენ. საკუთარი და, როგორც თავად ამბობს, ჩემი უსაფრთხოების მიზნით, ვინაობას არ ამხელს.
- რით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეები განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს?
- იმ მიზნით, რომ ქვეყნის მოღალატეების დასჯა სხვებისთვისაც სამაგალითო ყოფილიყო და საკუთარი ქვეყნის გაყიდვა "30 ვერცხლად" აღარ მოენდომებინათ.
- რატომ ფიქრობ, რომ აქციის მონაწილეები ქვეყნის მოღალატეები იყვნენ?
- აბა, რა ჰქვია იმ ადამიანს, რომელიც ბურჯანაძის გვერდით დადგება?! ყველამ იცის, რომ ბურჯანაძე კრემლის ხშირი სტუმარია. კრემლი კი საქართველოს გაძლიერებასა და აყვავებაზე ნამდვილად არ ზრუნავს. ვიცი, რომ ქვეყნის მოღალატეებთან ერთად, მიტინგზე ისეთი ხალხიც იდგა, რომლებიც დუხჭირ ცხოვრებას აპროტესტებდნენ და არც პოლიტიკა აინტერესებდათ, არც კრემლი და არც - ნატო. მაგრამ ბრძანება - ბრძანებაა და უნდა შეასრულო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგექმნება. ჩვენ რომ ის მომიტინგეები სასტიკად არ გვეცემა, სამსახურის გარეშე დავრჩებოდით. იცით, ერთ ადგილზე რამდენი კაცი მოდის?! საქართველოში უამრავი ახალგაზრდაა, რომლებსაც ძალოვან უწყებაში მუშაობა უნდა, შესაბამისი მონაცემებიც აქვთ და იმიტომ ვერ მუშაობენ, რომ მათთვის, ფაქტობრივად, ადგილი არ არის. ამიტომ, თითოეულ სპეცრაზმელს 30-40 კაცი მაინც შემოგვყურებს - ჩასაფრებულები არიან, ოღონდაც რამე შეგვეშალოს, რომ ჩვენი ადგილი დაიკავონ.
- რა დაუჯდა შსს-ს ბიუჯეტს მომიტინგეების დარბევა?
- თუ პრემიების რაოდენობას გულისხმობთ, თითო კაცს 1.300 ლარი მოგვცეს.
- რისთვის? განსაკუთრებული მამაცობისა და თავგანწირვისთვის?..
- ასე ნუ იტყვი. საფრთხე ნამდვილად იყო. ისინი კანალიზაციის მილებით იყვნენ შეიარაღებულნი, "მოლოტოვის კოქტეილებიც" ჰქონდათ და თანაც, არ იცი, გამწარებული კაცი რას გაგიკეთებს. შესაძლოა, ვინმეს დანაც ჰქონოდა ჯიბეში.
- მოხუცებსა და ქალებზე რას იტყვი?
- მოხუცები და ქალები სახლში უნდა დასხდნენ.
- ხმა გავრცელდა, თითქოს 3 კვირის განმავლობაში სპორტულ დარბაზში იყავით გამოკეტილები, ვარჯიშობდით, ძილის საშუალებასაც არ გაძლევდნენ, რამაც თქვენში აგრესია გამოიწვია...
- ტყუილია. არანაირ სპორტულ დარბაზში არ ვყოფილვართ გამოკეტილები. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ყაზარმული მდგომარეობა იყო გამოცხადებული და სახლში არ გვიშვებდნენ. ძილთან დაკავშირებით პრობლემა არ გვქონია, უბრალოდ, შუაღამისას განგაშს აცხადებდნენ, ესეც იმისთვის, რომ შეემოწმებინათ, შევძლებდით თუ არა 10 წუთში საბრძოლო მზადყოფნას.
- მომიტინგეები წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით ადრეც დაურბევიათ, მაგრამ არ გაუკოჭავთ და მიწაზე არ დაუყრიათ. ამჯერად ამის გაკეთება რისთვის დაგჭირდათ?
- ეს დაკავების ახალი მეთოდია, რომლის საშუალებითაც, გაცილებით მოკლე დროში, გაცილებით მეტ ადამიანს აპატიმრებ. ამის შემდეგ ყოველთვის ასე იქნება.
- რამდენი კაცი შემოგაკვდათ?
- არავინ შემოგვკვდომია. ზედმეტად თამამ კითხვებს მისვამ. მოდი, აქ გავჩერდეთ, თორემ ორივე სერიოზულ შარში გავეხვევით. ჟურნალისტობა ვერაფერს გიშველის. მეც დამღუპავ და თავსაც დაიღუპავ...
წინამორბედი რესპონდენტისგან განსხვავებით, უფრო გულახდილი და თამამი აღმოჩნდა ყოფილი სპეცრაზმელი; ის შინაგან საქმეთა სამინისტროში 1998-დან 2009 წლამდე მსახურობდა. როგორც ამბობს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სისტემაში განხორციელებული ყველა ცვლილების უშუალო შემსწრეა. არ უარყოფს, რომ რევოლუციის შემდეგ უწყებაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, თუმცა მისი აზრით, ყველაზე მთავარი მანკიერება ჯერ კიდევ აღმოსაფხვრელია.
- მაინც რა არის ამ სისტემის ყველაზე მთავარი მანკიერება? განაგრძეთ კითხვა