ინფორმაციამ, რომ 2015 წლის 1 მარტიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება, საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. არაერთმა მძღოლმა თავისი ავტომობილის გადაკეთება და მწყობრში მოყვანაც დაიწყო, თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენი ავტოპარკი ამ ცვლილებისათვის ჯერ მზად არ არის. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის ის პუნქტი, რომელიც 2015 წლის 1 მარტიდან სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირებას ითვალისწინებს, ძალაში რჩება, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ე.წ. ტექდათვალიერების შემოღება შესაძლოა კიდევ ორი წლით – 2017 წლამდე გადაიდოს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ინიციატივით მთავრობას პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს.
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელი, ვასო ურუშაძე, იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ რეფორმისათვის მზად არ არის:
- ჩვენი კოალიცია ტექდათვალიერების აღდგენის პროცესს მონიტორინგს 2013 წლიდან უწევს - იმ დროიდან, როცა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა - 2014 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ტექნიკური დათვალიერება უნდა აღდგესო. მოვიდა 2014 წლის 1 იანვარიც და კანონში "საგზაო მოძრაობის შესახებ" შევიდა ცვლილება, რომლითაც ტექნიკური დათვალიერება 2015 წლის 1 მარტამდე გადაავადეს. სავარაუდოდ, ახლაც ასე მოხდება, რადგან ამისათვის არც ინფრასტრუქტურა არსებობს, არც სტრატეგია და არც გეგმა. მიუხედავად ამისა, 2015 წლის დასაწყისში გავრცელდა განცხადება, რომ ტექნიკური დათვალიერება 1 მარტიდან უნდა აღდგეს, თუმცა, არ არსებობს არანაირი ბაზა, პასუხისმგებელი სტრუქტურა, ან კომისია, რომელიც ამ საკითხზე რეალურად მუშაობდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, დარჩენილ ორ თვეში პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ტექნიკური დათვალიერება თუნდაც რაღაც ფორმით აღდგეს. ჩვენი ვარაუდით, კანონში შევა ცვლილება და ტექდათვალიერება ისევ გადავადდება 2017 წლამდე, თუმცა, ეს ჩვენი ვარაუდია. რაც ჩვენ ამ პროცესს მონიტორინგს ვუწევთ, ასე ხდება ხოლმე, დანარჩენს კი, მომავალი გვიჩვენებს.
- საქართველოში მძღოლების დიდი ნაწილი მოუწესრიგებელი და მოძველებული მანქანით დადის. ამიტომ, ტექდათვალიერების შემოღება ბევრს არ სურს.
- საერთოდ, ე.წ. ტექდათვალიერება მოსახლეობას საბჭოთა პერიოდს აგონებს, როცა ის სერიოზული კორუფციის წყარო და ბუდე იყო, მაგრამ დღეს ჩვენ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ: თუ გვინდა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, ის წესები და ნორმებიც უნდა გავითვალისწინოთ, რა ნორმებითაც ცივილიზებული სამყარო ხელმძღვანელობს. როდესაც გვექნება თავისუფალი მიმოსვლა, უვიზო რეჟიმი, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს თავისი ავტომობილით გადაადგილდეს ევროპაში ყოველგვარი დაბრკოლებისა და საბაჟო პროცედურის გარეშე. თუმცა ვეროკავშირი გვეუბნება, რომ მათ აქვთ თავიანთი წესები ეკოლოგიური უსაფრთხოების დასაცავად, ეს ეხება მანქანის მიერ გამონაბოლქვი ტოქსიკური აირების რაოდენობას და ავტომობილის ტექნიკურ გამართულობას. ავტომობილი ირგვლივ მყოფთათვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ დავუშვათ, საქართველოს რომელიმე რაიონში მცხოვრებ ადამიანს ჰყავს 1970 წელს გამოშვებული "მოსკვიჩი" და საერთოდ არ გეგმავს ევროპაში წასვლას, ასეთ მძღოლს არავინ უნდა სთხოვდეს ევრო-4 და ევრო-5-ის სტანდარტების დაკმაყოფილებას. აქ ლაპარაკია იმათზე, ვისაც სურს თავისი ავტომობილით ევროპის ქვეყნებში გადაადგილდეს.
- რატომ ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ტექდათვალიერების აღდგენა შეუძლებელია?
- ჩემი აზრით, ხელისუფლება ნამდვილად არ არის მზად საიმისოდ, რომ ტექდათვალიერება 1 მარტს აღადგინოს. ეს უნდა მოხდეს თანდათან, ეტაპობრივად. ამ სფეროში ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ავტოპარკი ძალიან მოძველებულია. ამიტომ, ერთი ხელის მოსმით რომ ავიღოთ და აქ ევროპული ნორმები გადმოვიტანოთ, ჩვენი ავტოპარკის 80 პროცენტი პარალიზებული იქნება. ამიტომ, ჯერ უნდა დავიწყოთ საზოგადოების ინფორმირება - ვისაც სურვილი აქვს, რომ უახლოეს მომავალში საზღვარი გადაკვეთოს და ევროპის ქვეყნებში წავიდეს, ეს მოთხოვნები თავდაპირველად იმან უნდა დააკმაყოფილოს.