რიგითი ქართველის "ჯიბის ევოლუცია" - როგორ იზრდებოდა მოქალაქეების შემოსავალი 1970 წლიდან დღემდე

რიგითი ქართველის "ჯიბის ევოლუცია" - როგორ იზრდებოდა მოქალაქეების შემოსავალი 1970 წლიდან დღემდე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო სტატისტიკური ქართველის ხელფასი 1995 წელს, როდესაც ლარი გახდა ქვეყნის ეროვნული ვალუტა, 13.5 ლარი იყო, დღეს კი 773 ლარია. თუმცა დამოუკიდებლობის პირველ წლებში პროდუქტი ბევრად უფრო იაფი იყო, შემდეგ კი ინფლაცია მოხდა.

რამდენად აისახა ინფლაცია დღევანდელ ხელფასზე, თვისობრივად მართლა გაიზარდა საქართველოში ადამიანების შემოსავალი 37-ჯერ თუ არა, ამასთან დაკავშირებით, Ambebi.ge ნუმიზმატს და ისტორიის დოქტორს, ნიკო ჯავახიშვილს ესაუბრა.

- თავდაპირველად, ვისაუბროთ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, 1918-21 წლებზე. უჭირდა ხალხს, ნამდვილად, მაგრამ საქართველოს მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით - რუსეთის, აზერბაიჯანის, სომეხეთის - საქართველოს მდგომარეობა ბევრად უფრო სტაბილური და უკეთესი იყო. როცა საქართველო გასაბჭოვდა, ქართული მანეთი ბევრად ჯობდა ამავე მეზობლების ვალუტების კურსს. ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვიყავით, შუა აზიის რესპუბლიკები, ფოთისა და ბათუმის საშუალებით იძენდნენ ევროპულ საქონელს. ქართული მანეთი გასაბჭოების დროს, 25-ჯერ ჯობდა რუსულ ფულს.

- ბატონო ნიკო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო სტატისტიკური ადამიანის ხელფასი 1970 წლიდან  1991 წლამდე იზრდება. უკეთესობისკენ მიდიოდა ცხოვრება?

- მატულობს, იმიტომ, რომ ინფლაცია იყო. ფულის კურსის დაცემა 80-იანი წლებიდან ხდებოდა ძალიან აშკარა, იმიტომ, რომ შავ ბაზარზე დოლარი ძვირდებოდა. ოფიციალური კურსი, ერთი დოლარის 60 კაპიკი იყო, მაგრამ არაოფიციალური კურსი რამდენჯერმე აღემატებოდა მას. მოსკოვის ზოგიერთ მაღაზიაში, დოლარით შესაძლებელი იყო უცხოური საქონლის შეძენა ხელსაყრელ დასად. საბჭოთა ფულზე ამას ვერ შეიძენდი, ამიტომ, ხალხი დაინტერესებული იყო სპეკულიანტებთან შეეძინა დოლარი. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ კრიზისი იყო სახელმწიფოში. ხელფასი რომ მატულობდა, ფასებიც მატულობდა. იგივე დარჩა რეალურად, რაც მანამდე იყო. საერთოდ, კრიზისული ქვეყანა იყო, ნავთობი იაფი ღირდა, კომუნალური გადასახადები მინიმალური იყო, მაგრამ ნორმალური ტანსაცმელი გეყიდა, სამმაგი და ოთხმაგი თანხის გადახდა მოგიწევდა. საჭმელი და ასეთი ტიპის პროდუქცია იაფი იყო, ხალხი მშიერი არ იყო. 60-70-იანი წლებიდან გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვერ აკმაყოფილებდა თავისი მოსახლეობის მოთხოვნებს.

- ბატონო ნიკო, 1991-ში 270, ხოლო 1992-ში 1 528 მანეთი იყო საშუალო შემოსავალი.

- ფულის კურსის ვარდნამ ძალიან დიდი ტემპები მიიღო საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში. 1991 წლიდან ეს იყო უკვე "ჭენებითი ინფლაცია", ჰიპერინფლაცია. შემდეგ მოვიდა კუპონი, რომელიც იყო გარდამავალი ფული, პირდაპირ ლარის შემოღება არ მოინდომეს და ვითომ გარდამავალი ფული შემოიღეს, და როცა მთლიანად განიცადა ამან დარტყმა, მთელი დარტყმა კუპონმა მიიღო თავის თავზე და შემდეგ შემოვიდა ლარი. ლარმა თავისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა, აწევაც ვნახეთ და დაწევაც. საერთო ჯამში, ლარი უფრო სტაბილურ ვალუტად ჩამოყალიბდა, ვიდრე შეიძლებოდა საქართველოს ეკონომიკის მქონე ქვეყანას ჰქონოდა.

- ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ლარი შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ, 1998 წლამდე და მას შემდეგ.

- 1998 წლამდე ლარი ბევრად უფრო სტაბილური იყო, 1.3 იყო დოლართან მიმართებაში და შემდეგ დაიწყო რყევა. საბოლოო ჯამში, დოლართან 1-სა და 2-ს შორის მერყეობს და დღესაც ეს ტენდენცია გრძელდება.

- მაგალითად რომ ავიღოთ, "საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, 2002 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 113 ლარი, დღეს 773 ლარია...

- რა თქმა უნდა, პროდუქტების ფასები მომატებულია. მართალია, დოლართან მიმართებაში დიდი ცვლილებები არ არის, მაგრამ კატასტროფულად ეცემა სოფლის მეურნეობის პროდუქტთან მიმართებაში კურსი. მე მახსოვს 15-20 წლის წინ, 25 ლარად შესაძლებელი იყო გეყიდა გოჭი, დღეს შეუძლებელია 25 ლარად მოახერხო მისი ყიდვა, 100 ლარი მაინც უნდა. თუ გოჭზე გავიანგარიშებთ, დღეს ეს ყველაზე აქტუალური თემაა, ფასებმა 3-ჯერ და 4-ჯერ მოიმატა. ასეა თითქმის ყველა პროდუქტზე. 300 ლარი ჯდება დღეს ერთი და იგივე  პროდუქტი, რისი ყიდვასაც მაშინ 100 ლარად მოახერხებდი. ხელფასებიც გაიზარდა. მაშინ, მართალია, იაფი ღირდა, მაგრამ ხალხს შემოსავალი არ ჰქონდა, 25 ლარი იყო პენსია. მსოფლიოშიც ტენდენცია უკეთესობისკენ მიდის. ხალხს ხელფასი გაუჩნდა, ოჯახის წევრებმა დაიწყეს მუშაობა. ვინც მუშაობს, არაფერი არ უშავთ, მოთხოვნები გაიზარდა, უბრალოდ. მაშინ, დღის წესრიგში, ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო, გადარჩენილიყო ხალხი, და დღეს ხომ განვითარებაზე ვფიქრობთ. ეს ჯობია იმას, რა თქმა უნდა.

- სამომავლოდ რა იქნება ლარის კურსთან დაკავშირებით? ინფლაცია გაიზრდება და პროდუქტებზე ფასები მოიმატებს, თუ პირიქით?

- მსოფლიოში არის კრიზისული სიტუაცია. წამყვან ვალუტებს, ევროს და დოლარსაც არ აქვს კარგად საქმე. დრომ დაამტკიცა, რომ ყველაზე მოგებული დარჩა ის, ვინც უძრავ ქონებაში დააბანდა ფული. ოქროც არ აღმოჩნდა ისეთი მყარი, იმიტომ, რომ ოქროს ფასებმაც დაცემა დაიწყო ბოლო წლებში. ალბათ, უკეთესობისკენ იქნება ყველაფერი პერსპექტივაში, მსოფლიო ხომ ვითარდება, უბრალოდ, ხალხს დაავიწყდა, რომ 20 წლის წინ არ იყო დენი, გაზი და ელემენტარული მოთხოვნები. სწორი ეკონომიკური მართვის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტი არ შეიძლება ძვირი ღირდეს და თან უცხოეთიდან შემოგქონდეს, როცა საქართველოს უკეთესი პერსპექტივები ჰქონდა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ამ წლებში და ეს წლები კორუფციასთან ბრძოლაში დაიკარგა. შეიძლებოდა, რომ საქართველოს თავისი მოსახლეობა მაინც დაეკმაყოფილებინა თავისი პროდუქტით, ამაში ძალიან მოვიგებდით.

Ambebi.ge გთავაზობთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომელშიც იხილავთ, თუ როგორ იცვლებოდა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 1970-2013 წლებში.

1970 - 106,1 მანეთი

1975 - 118,9 მანეთი

1980 - 145,2 მანეთი

1985 - 167,6 მანეთი

1986 - 170,6 მანეთი

1987 - 177,2 მანეთი

1988 - 186,9 მანეთი

1989 - 197,7 მანეთი

1990 - 214,0 მანეთი

1991 - 270,3 მანეთი

1992 - 1528 მანეთი

1993 - 27950 კუპონი

1994 - 6151,6 ათ. კუპონი

1995 - 13,5 ლარი

1996 - 29,0 ლარი

1997 - 42,5 ლარი

1998 - 55,4 ლარი

1999 - 67,5 ლარი

2000 - 72,3 ლარი

2001 - 94,6 ლარი

2002 - 113,5 ლარი

2003 - 125,9 ლარი

2004 - 156,6 ლარი

2005 - 204,2 ლარი

2006 - 277,9 ლარი

2007 - 368,1 ლარი

2008 - 534,9 ლარი

2009 - 556,8 ლარი

2010 - 597.6 ლარი

2011 - 636,0 ლარი

2012 - 712,5 ლარი

2013 - 773,1 ლარი

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

ფოტომონტაჟში გამოყენებულია ლიუ ჩხატარაშვილის ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია