მცირე ხნის წინ, მაღაზიაში შესულმა შემთხვევით მოვისმინე გამყიდველის სატელეფონო საუბარი. შევიტყვე, რომ ამ ქალბატონის ვაჟს შეჰყვარებია გოგონა, რომელიც ნათესავად ეკუთვნის. ბიჭი თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლია და როცა მას მოძღვრისთვის თავის სიყვარულის შესახებ მოუყოლია და უთქვამს, რომ დაქორწინებას აპირებს, მოძღვარი ამ ქორწინების წინააღმდეგ წასულა - მართლმადიდებლური წესების მიხედვით, ნათესაური ქორწინება მეშვიდე თაობამდე აკრძალულია.
ქალმა რომ სატელეფონო საუბარი დაასრულა, ბოდიშის მოხდით ვთხოვე, იქნებ დაწვრილებით მითხრათ თქვენი გასაჭირი-მეთქი. გამყიდველს არ დაუმალავს, რომ თურმე მისი ვაჟი და ის გოგონა ერთმანეთისთვის მეექვსე თაობაა, მოძღვრის განმარტებით კი, ქორწინება ნათესავთა შორის მეშვიდე თაობამდე აკრძალულია.
გამყიდველმა ცრემლიანი თვალებით მითხრა, ჩემი ბიჭი სტუდენტია, გული აიცრუა სწავლაზე, თავის მოკვლაზეც კი ფიქრობს, გოგონა კი სკოლის მოსწავლეა და მთელ დღეებს შინ ტირილში ატარებსო. აღარ ვიცოდი რა მეთქვა, იქნებ სხვებსაც დაეკითხოთ, კარგად გაარკვიოთ თქვენი ნათესაური კავშირები-მეთქი. მერე სულიერი სიძლიერე ვუსურვე და წამოვედი...
რამდენიმე დღის წინ, გამყიდველი ისევ მოვიკითხე. მითხრა, კარგი ამბავი არ მაქვს, მაგრამ ორივე უკეთ არის, თითქოს ბედს შეეგუვნენ, ტაძარში სისტემატიურად დადიან და სულიერად დამშვიდდნენო... ეს ამბავი ახლობლის ოჯახში მოვყევი და მასპინძლის ბებიამ თავისი ახალგაზრდობის დროინდელი მსგავსი ისტორია გაიხსენა:
ქალბატონი ეთერი:
- მე და ნინო ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ, სტუდენტებიც ერთდროულად გავხდით და კახეთიდან რომ ჩამოვედით, თავდაპირველად საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. იქ გავიცანით გოჩაც, რომელსაც პირველივე დღიდან მოეწონა ნინო. ჩემი მეგობარიც არ იყო გულგრილი, შეუძლებელი იყო გოჩა არ მოგწონებოდა - მაღალი, სიმპათიური, ძლიერი, თბილი... ის ჩვენზე ოთხი წლით უფროსი იყო და დიდ ყურადღებას გვაქცევდა. მცირე ხანში ნინოს სიყვარულშიც გამოუტყდა და ახალგაზრდებმა საერთო მომავალზე დაიწყეს ფიქრი. თუმცა ამ ამბის გახმაურებას არ ჩქარობდნენ, გოჩა ამბობდა, სწავლას დავამთავრებ, ფეხზე დავდგები, ვიმუშავებ, ბინას ვიქირავებ და ცოლად მერე შეგირთავო. ნინოსაც არსად ეჩქარებოდა, მაინც სულ ერთად იყვნენ და ურთიერთობის დეფიციტს არ განიცდიდნენ. ერთხელ სოფლიდან ნინოს მამამ თამაზმა ჩამოგვაკითხა და ვახშმობისას გოჩაც შემოგვიერთდა. კაცებმა ცოტა დალიეს, საუბარს შეჰყვნენ და უამრავი საერთო ნაცნობი გამონახეს. მათ შორის ნათესაური კავშირებიც კი აღმოჩნდა.
- მაინც როგორი?
- ამ ამბიდან თითქმის ნახევარი საუკუნეა გასული და დეტალურად არ მახსოვს, თუმცა ის კი ვიცი, რომ გოჩას ბებიის და ნინოს გვარის კაცზე იყო გათხოვილი. ის კაცი, თამაზის წინაპარი იყო - სისხლისმიერი ნათესავი, თუმცა იმ დღემდე თამაზი არც გოჩას იცნობდა და არც მის ოჯახს. ნინოს მამას ძალიან მოეწონა ახალგაზრდა კაცი და დაახლოების მიზნით, ორ თვეში, ნინოს უმცროსი დის ნათლობაში გოჩა ბავშვის ნათლიად მიიწვია.
გაგრძელება