სომხეთს გასულ კვირას კრიმინალური სამყაროს დაახლოებით 300 გავლენიანი "ავტორიტეტი" ეწვია. ფაქტია, რომ სომხეთის ხელისუფლება არათუ წინ აღუდგა კრიმინალური სამყაროს ერევანში ჩასვლას, არამედ ე.წ. სხოდკას უშუალოდ მმართველი პოლიტიკური ელიტა მასპინძლობდა. თურმე გავლენიანი "კანონიერი" ქურდები" საკუთარ რესტორანში მიიპატიჟა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ახლო მეგობარმა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუბენ აირაპეტიანმა. სწორედ მის რესტორან "არსნაკარში" შენიშნეს პოსტსაბჭოთა სივრცის ისეთი გავლენიანი კრიმინალები, როგორიც არიან: რობინზონ არაბული, გიორგი უგულავა ("თახი"), დავით სებისკვერაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, ამირან სოფრომაძე ("სოფოტია"), ოლეგ შიშკანოვი ("შიშკანი"), შაქრო კალაშოვი, ბორის აფაქია ("აფაქელა"), ჰუსეინ აჰმადოვი ("ბრმა ჰუსეინი") და სხვები. ქურდული შეკრების მონაწილეთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა და ქართველ სამართალდამცველებს მათი ძებნა აქვთ გამოცხადებული. ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმების მიუხედავად, სომეხ სამართალდამცველებს არც ერთი მათგანის დაკავება აზრადაც არ მოსვლიათ, რის გამოც შესაძლოა ოფიციალურ ერევანში საპროტესტო ნოტა გაიგზავნოს.
ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით სომხეთის შსს-ში საპროტესტო ნოტა უნდა გაიგზავნოს. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ზაზა ჭაიას თქმით, ამ საკითხზე ერევანშიც იმსჯელეს. შესაძლოა, საქართველოს საზღვრებთან მომდგარი კრიმინალური ანკლავი ქვეყანაში, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სიტუაციის არევით არის დაინტერესებული, რითაც გავლენის აღდგენას შეეცდებიან.
ზაზა ჭაია, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი: - საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს, ამ ქვეყნების შს სამინისტროებს, დადებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ძებნილ პირთა დაკავებასა და მათ ექსტრადირებას. სომხეთის რესპუბლიკა ვალდებულია, დააკავოს ისინი, აცნობოს ქართველ კოლეგებს და მოახდინოს დაკავებულთა ექსტრადირება. პარადოქსია, რომ ამ შეკრების მთავარი ინიციატორია "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი, რომელსაც საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წელი ადამიანის გატაცებისთვის.
- რაკიღა სომხეთის პოლიცია არ რეაგირებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერევანში ჩასულ "კანონიერ ქურდებს" გარკვეული გარანტიები აქვთ მიღებული?
- ეს შეკრება რუსეთის ხელისუფლების უნებართვოდ ვერ გაიმართებოდა.