როგორ გარიყა ივანიშვილმა ზაქარია ქუცნაშვილი და რატომ მოიხსენიებს მას ბესელია "ხისთავიან იდიოტად"

როგორ გარიყა ივანიშვილმა ზაქარია ქუცნაშვილი და რატომ მოიხსენიებს მას ბესელია "ხისთავიან იდიოტად"

2011 წლის შემოდგომაზე, მაშინ, როცა საჯარო პოლიტიკაში ახლადმოვლენილი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ გუნდის ჩამოყალიბების პროცესში იყო, ზაქარია ქუცნაშვილი ოპოზიციის მაშინდელ ლიდერთან, ეკა ბესელიას რეკომენდაციით მოხვდა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა ზაქარია ქუცნაშვილი პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერად მალევე დაასახელა.

ერთი შეხედვით, ქუცნაშვილი ივანიშვილის ფავორიტადაც იქცა, თუმცა საპარლამენტო არჩევნებამდე, მილიარდერის დაცვის წევრის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების მიხედვით გაირკვა, რომ რეალურად ზაქარია ქუცნაშვილის პიროვნებით მოხიბლული არც ბიძინა ივანიშვილი გახლდათ და არც მისი დიდი ხნის მეგობარი და რეკომენდატორი ეკა ბესელია. შეგახსენებთ, ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ეკა ბესელია ზაქარია ქუცნაშვილს "სუფთა იდიოტსა და ხისთავიანს" უწოდებს [ვიდეო] და იმასაც დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილი ზაქარიას "ვირეშმაკად" მოიხსენიებს ხოლმე...

მიუხედავად ამისა, კოალიციის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ზაქარია ქუცნაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ დაინიშნა, შესაბამისად, დანარჩენ დეპუტატებთან შედარებით მეტი პრივილეგიაც მიიღო - მაღალი ხელფასი, სახელმწიფო მანქანის მომსახურება... თუმცა, დაახლოებით, ერთი წლის თავზე, ზაქარია ქუცნაშვილი ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ვოლსკიმ ჩაანაცვლა.

როგორც მაშინ სახელისუფლო კულუარებში ამბობდნენ, ქუცნაშვილი პოლიტიკურ ამბიციას შეეწირა - მას კოალიციის პოლიტსაბჭოს დახურულ შეხვედრაზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის შენარჩუნება ისურვა. ეს ის პერიოდია, როცა ირინა იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა და პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი გათავისუფლდა. მაშინ ითქვა, რომ ზაქარია ქუცნაშვილის უარმა ჯერ კიდევ პრემიერის თანამდებობაზე მყოფი ბიძინა ივანიშვილი გაანაწყენა.

Ambebi.ge-სთან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პირად საუბრებში დღესაც არ მალავენ, რომ ქუცნაშვილის თანამდებობიდან მოხსნის ერთ-ერთი ინიციატორი დავით საგანელიძეც გახლდათ. სწორედ მან "ურჩია" პრემიერ ივანიშვილს ქუცნაშვილის გუნდიდან გარიყვა. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, ზაქარია ქუცნაშვილმა არაერთხელ სცადა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, დეპუტატი სოლოლაკის რეზიდენციის კარებსაც მიადგა, თუმცა ყოფილმა პრემიერმა მასთან შეხვედრა არ ისურვა.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა