არასამთავრობო სექტორში 8-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კახა კოჟორიძე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. რატომ გადაწყვიტა სამოქალაქო სექტორიდან საჯარო სამსახურში გადანაცვლება და ქმნის თუ არა გიორგი მარგველაშვილი ახალ პოლიტიკურ გუნდს, კახა კოჟორიძე Ambebi.ge-ს კითხვებს პასუხობს:
- "საიაში" თავმჯდომარის ორწლიანი ვადა ამომეწურა და კარიერაში ცვლილებებზე ვფიქრობდი კიდეც. საერთოდ, სიტყვა "კარიერა" არ მიყვარს და ზოგადად, არც კარიერისტი ვარ... უბრალოდ, ახალ პოზიციაზე იგივე საქმის კეთება მინდოდა. როცა პრეზიდენტისგან შეთავაზება მივიღე, მცირე ფიქრის შემდეგ, დავთანხმდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკაში წავედი. გააჩნია, ვინ რა კუთხით შეხედავს - თუ ადამიანის უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულების საკითხებზე რჩევები პოლიტიკაა, ამ გაგებით, პოლიტიკაში დიდი ხნით ადრე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციშიც" ვყოფილვარ. თუმცა ხაზს ვუსვამ - სამოქალაქო სექტორში ყოფნისას პოლიტიკაში არასოდეს ვეჭრებოდი. "საია" სწორედ იმიტომაა წარმატებული, რომ სამართლებრივ საკითხებსა და პოლიტიკას ერთმანეთში არ ურევს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც იგივეს ვაპირებ - გიორგი მარგველაშვილს რჩევები პროფესიული კუთხით მივაწოდო.
- როგორც არ უნდა სცადოთ, უკვე საჯარო მოხელის სტატუსი გაქვთ და გარკვეულწილად პოლიტიკური პასუხისმგებლობაც დაგეკისრებათ. ახალ ამპლუაში თავს რამდენად კომფორტულად იგრძნობთ?
- საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, ეს ჩემი პირველი თანამდებობაა. ბუნებრივია, იგივე შეკითხვაზე გადაწყვეტილების მიღებამდეც დავფიქრდი, თუმცა საკუთარი თავისთვის პასუხის გაცემა არ გამჭირვებია. როცა "საიას" თავმჯდომარე გახლდით, პრეზიდენტსა და მის გუნდს სხვადასხვა საკითხებზე რამდენჯერმე შევხვდი. მათ შორის, კამპანია "ეს შენ გეხება"-ს ფარგლებშიც. ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ ჩვენ იდენტური ღირებულებები და ხედვები გვაქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამორჩეული, ღირსეული და პრინციპული ადამიანები არიან. განსაკუთრებით მომწონდა ის ფაქტი, რომ, როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიტიკოსები პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებდნენ, გიორგი მარგველაშვილს მათი მისამართით იგივე პასუხი არ დაუბრუნებია. მნიშვენლოვანია, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს. სახელმწიფო ინსტიტუტების ძლიერება, პირველ რიგში, ქვეყნის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.
- არადა, გაჩნდა აზრი, რომ პრეზიდენტმა საკუთარი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო...
- პირადად მე, პოლიტიკაში ამ დოზით ჩართვაზე არ მიფიქრია. ამ განწყობთ არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვსულვარ. პოლიტიკაში წასვლა რომ მდომებოდა, დიდი ხნით ადრე, რომელიმე პარტიას შევუერთდებოდი.
რუსუდან შელია
AMBEBI.GE