"ასანთის ღერის გადაგდებაზე 150 ლარი ჯარიმა არ უნდა იყოს" - რას ფიქრობენ თბილისელები გარემოს დაბინძურებაზე დაწესებულ გადასახადებზე

"ასანთის ღერის გადაგდებაზე 150 ლარი ჯარიმა არ უნდა იყოს" - რას ფიქრობენ თბილისელები გარემოს დაბინძურებაზე დაწესებულ გადასახადებზე

გასულ ზაფხულს ბაზალეთის ტბაზე ავედით, ცხელოდა, ტბის გარშემო, სიახლოვეს დაჯდომა ვერ შევძელით, ანტისანიტარია და სიბინძურე იყო, ნაგავში ცურავდა იქაურობა, საიდანაც გულგატეხილები უკან გამოვბრუნდით.

სამწუხაროდ, ასეა ყველგან, სადაც კი ბუნებაში გასვლას და პიკნიკს, ან უბრალოდ, გასეირნებას დააპირებ. დანაგვიანებულია ქალაქიც და ზოგადად, მთელი გარემო.

15 იანვრიდან გარემოს დაბინძურებისთვის კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ძალაში შევიდა. ახალი კანონის - "ნარჩენების მართვის კოდექსის" აღსრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ევალება.

"ნარჩენების მართვის კოდექსის" თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც სხვადასხვა სახის ნარჩენებს: სიგარეტის ნამწვი, პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა, ფანჯრიდან გადაყრიან.

როგორც ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ჩამონათვალშია მითითებული, მოქალაქე, თუ 2 კგ-მდე ნარჩენებით გარემოს დაანაგვიანებს, 80 ლარით დაჯარიმდება.

100-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს მას, ვინც საცხოვრებელი სახლიდან ან შენობა-ნაგებობიდან გარემოს 2 კგ-მდე ნარჩენებით დაანაგვიანებს, ხოლო რაც შეეხება ავოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2 კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანებას, ამ შემთხვევაში, მძღოლი 120 ლარით ჯარიმდება და ასე. ჯარიმა 500 ლარამდე ადის.

ჩვენ მოქალაქეებს გავესაუბრეთ, მათ შორის არიან როგორც ცნობილები, ისე - უცნობები...…

ლიზა ვადაჭკორია:

- ბოლო რამდენიმე წელიწადია, ამას ვითხოვ და აი, აღსრულდა. ალილუია! ულამაზესი ქვეყნის მოქალაქეები ნაგავსაყრელზე ვცხოვრობთ, რაც უდიდესი სირცხვილია. კახეთისკენ მიმავალ გზაზე თუ გაგივლიათ? გზის ორივე მხარეს ნაგავია გაშლილი - ბოთლები, პოლიეთილენის პარკები. ეს ხომ ტურისტული მარშრუტია?! პიკნიკზე გასულხართ? იქ სუფთა ადგილი თუ გინახავთ? არა!

უნდა დაისაჯოს ყველა, თუნდაც, სიგარეტის ნამწვისთვის! სხვაგვარად ჩვენ სისუფთავეს ვერ დავიცავთ.

როგორც ავტომანქანაში ღვედი გაიკეთა ყველამ, იმიტომ რომ ჯარიმაა უღვედოდ მოძრაობაზე დაწესებული, ასევე დაიცავენ სისუფთავეს.

2012 წლიდან ეს არის პირველი მიღებული კანონი, რომელმაც ასე ძალიან გამახარა. ისე, უფრო მაღალ ჯარიმებსაც კი დავაწესებდი...

არ მეშინია ამ ჯარიმების იმიტომ, რომ არასოდეს ვყრი ნაგავს ქუჩაში და ეს სხვებმაც უნდა ისწავლონ!

როგორც ჰიგიენის წესების დაცვა, ან დანა-ჩანგლით ჭამა, მოხუცების პატივისცემა, ისევე საჭიროა. ყველაფერი კი ჩვენს ცნობიერებაში ღრმად უნდა იყოს აღბეჭდილი. ამ ჯარიმებით კი შედეგს მივაღწევთ.

გივი სიხარულიძე:

- დასუფთავების პრობლემა ძალიან მტკივნეული თემაა. საშინელება ხდება გარშემო. მე ბუნების მოყვარული კაცი ვარ და გადაჭრით ვამბობ, გარემო არ უნდა დანაგვიანდეს. თუ ასე მოხდა, ამის ავტორი ჯარიმებით უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჯარიმა უნდა შეესაბამებოდეს ხალხის დღევანდელ მორალურ და მატერიალურ მდგომარეობას.

როცა ევროპული სტანდარტებით ინიშნება ჯარიმა, არადა, ქვეყანა მათხოვრის დონეზე ცხოვრობს, მაშინ ამ ჯარიმას რა აზრი აქვს?! ის ძალიან სასაცილო და სევდიან ელფერს იძენს. სიტყვაზე, ასანთის ღერის გადაგდებაზე 150 ლარი არ უნდა იყოს გადასახადი. მაშინ, როცა პენსიონერს 145-150 პენსიას აძლევ. ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოა.

მარი მელიქიშვილი, ჟურნალისტი:

- არ ვფიქრობ, რომ ქვეყანა ჯერ ევროპულად უნდა მოვაწყოთ და მსგავსი სახის სანქციები მერე დავაწესოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში ჩემი აზრით, უფრო მაღალია მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რაც საქართველოში სამწუხაროდ, მოიკოჭლებს.

რაც შეეხება ჯარიმებს, მივესალმები, რადგანაც ქართველებს სჭირდებათ აკრძალვები, რაღაც სახის ჯარიმა ან შეზღუდვა, თუნდაც ღვედი. ისე, უღვედოდ მოძრაობაზე კანონმა და ჯარიმებმაც გაამართლა. უპასუხისმგებლო ერი ვართ, ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას ყურადღებას არ ვაქცევთ, ან უბრალოდ არ გვაინტერსებს. როცა დაწესდება ჯარიმა, მისი შიში გაჩნდება, თუნდაც იმიტომ, რომ თანხა ჯიბეს დაარტყამს. ამიტომ ნაგავს უადგილო ადგილას აღარ გადავყრით. მერე ყველას ჩვევაში გამოგვიმუშავდება და ბოლოს ჩამოვყალიბდებით ღირსეულ მოქალაქეებად, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნაგავი გარეთ არ უნდა დაყარონ და ქალაქი არ უნდა დააბინძურონ.

მარი ჯავახიშვილი, უცხო ენის სპეციალისტი:

- სანამ ვიღაც არ გვაიძულებს, სანამ ვიღაც ასე თავზე არ დაგვადგება და ძალით არ გაგვაკეთებინებს რაღაცას, მანამდე საკუთარი ინიციატივით არ შეგვიძლია, რომ ნაგავი უადგილო ადგილას არ დავყაროთ და თუ ვინმემ გადაყარა, მივუთითოთ, რომ ეს არ შეიძლება. მომწონს, ჯარიმა კარგი გადაწყვეტილებაა. ღვედის შეკვრამაც გვიჩვენა, რომ ასეთი რეგულაციები ამართლებს. ახლა მანქანაში სხდებიან თუ არა, ავტომატურად ღვედს იკრავენ. ავტობუსში ადიან თუ არა, ბილეთს იღებენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კარგი და საჭირო ინიციატივაა, "ნებით" ვაიძულოთ ხალხი, ქალაქი დანაგვიანებისგან დაიცვან.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია