როგორც დაანონსდა, საკუთარ ავტოფარეხში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი მედიამენეჯერის, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე დეტალებს პროკურატურა ახლო მომავალში გაასაჯაროებს. გარდაცვლილის ძმა დარწმუნებულია, რომ საქმე გაიხსნება და თვითმკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება. რატომ გახდა აქტუალური მკვლელობამდე ორი კვირით ადრე იარაღის საკითხი მის ცხოვრებაში, ვის დაუპირისპირდა, ვისგან იცავდა თავს, სად შეიძლებოდა დაგეგმილიყო კიწმარიშვილის მკვლელობა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე "კვირის პალიტრას" საკუთარ მოსაზრებას გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი უზიარებს:
- დეტალურად შევისწავლეთ გამოძიების მასალები, ჩამოვწერეთ შენიშვნები, ვერსიები და წარვუდგინეთ პროკურატურას. ალბათ, მალე დასკვნებიც გაკეთდება. ჯერჯერობით, ისეთი არაფერია, რომ ვთქვა, ვინმეზე ვეჭვობ-მეთქი. პროკურატურას საქმე თვითმკვლელობის მუხლით აქვს აღძრული, მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ ეს მათი პოზიციაა.
- გამორიცხავთ, რომ თქვენმა ძმამ თავი მოიკლა?
- ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა. ემოციურ მომენტებს რომ გვერდი ავუაროთ, ვერ ვხედავ მთავარს - მოტივს. ეროსი ავადმყოფი და დეპრესიული ადამიანი არ იყო. ცხოვრებაში ბევრად მძიმე პერიოდები ჰქონია და ახლა არც ისეთ ჩიხში იყო, საიდანაც ვერ გამოვიდოდა. ის კი არა, ახალი გეგმები ჰქონდა - ტელევიზიის დაარსება უნდოდა, ასევე "60 წუთის" აღდგენა "რუსთავი 2"-ზე. ბევრისთვის ეს გადაცემა არცთუ კომფორტული სიახლე იქნებოდა.
"რუსთავი 2"-ს როცა ხელმძღვანელობდა, ბევრჯერ უფიქრია, რომ შესაძლოა, ვინმეს მისი ლიკვიდაცია შეეკვეთა. მაშინ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ეს იქნებოდა სახელისუფლებო კლანების ქმედება, რასაც მოჰყვებოდა მოვლენები, რომლებიც ბევრ პოლიტიკურ ფიგურას გადაიყოლებდა. ამიტომ უთქვამს, გონიერება ეყოფათ, ეს არ გააკეთონო. ამიტომაც არ ჰყავდა დაცვა და არც იარაღის ტარების სურვილი გასჩენია ოდესმე.