პარიზის მოვლენების შემდეგ გაჩნდა განწყობა, რომ პოლიტიკური ისლამის მესვეურებმა დასავლეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყეს. რომელ დასავლურ ქვეყანას ემუქრება მორიგი ტერორისტული აქტების სერია, სად შეიძლება გაიხსნას ბრძოლის ახალი ფრონტი და ამ ფონზე, რამდენად ელის რაიმე ტიპის საფრთხე საქართველოს, ამ საკითხებთან დაკავშირებით Ambebi.ge-ს კითხვებს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი პასუხობს:
- ტერორისტულმა ორგანიზაციებმა აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფო შავ სიაში შეიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმი ქვეყნის საზღვრებთან მოგვადგა. საფრანგეთის მოვლენების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ისლამმა დასავლეთის წინააღმდეგ ტოტალური ომი წამოიწყო. ისინი შეიარაღების თვალსაზრისითაც გაძლიერდნენ და შესაბამისად, მეტი პოლიტიკური ამბიციაც გაუჩნდათ. თანაც, როცა ტერორისტი სხვა სახელმწიფოში გადადის, ის ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის, ანგარიშსაც არავის აბარებს და ადგილზე სპონტანურად, როგორც ალაჰის სასარგებლოდ ჩათვლის საჭიროდ, ისე მოქმედებს. ასე რომ, 6-7-კაციან ტერორისტულ ბრიგადებს რა მოეპრიანებათ, არავინ უწყის. ყველაფერია მოსალოდნელი.
- ითქვა, რომ აჭარაში, ქვემო ქართლსა და პანკისში პოლიტიკური ისლამის მესვეურები გააქტიურდნენ. გააჩნიათ მათ ქვეყანაში საფრთხის შექმნის ბერკეტები?
- გააჩნია, ტერორისტებს კავკასიაში რა მიზანი ამოძრავებთ. ფაქტია, კავკასია პოლიტიკური ისლამის ინტერესის სფეროში უკვე მოექცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსტრემისტები თბილისითაც დაინტერესდნენ. საქართველო რეგიონის ცენტრია და მასზე გავლენის მოპოვება სრულიად კავკასიის როგორც მორალურ, ისე პოლიტიკურ კონტროლს ნიშნავს. ეს ტერორისტებსაც კარგად ესმით.
- და საქართველოს სახელმწიფო რამდენად მზადაა ტერორიზმის პრევენციისთვის?
- ვერ გეტყვით, ამ მიმართულებით საქართველოს რა პოტენციალი გააჩნია. ამაზე საჯაროდ საუბარიც გაუმართლებელია, მაგრამ როგორც ვირუსოლოგები აკონტროლებენ ვირუსს, ასევე უნდა მოიქცნენ ქართველი სპეცსამსახურებიც - თითოეული პიროვნება, რომლებიც ექსტრემიზმთან ან ტერორისტულ ჯგუფებთან კონტაქტში არიან შემჩნეულნი, მათი გადაადგილება, კავშირები და მიზნები მაქსიმალურად უნდა კონტროლდებოდეს. 24-საათიან რეჟიმში მათზე მეთვალყურეობა აუცილებელია. ამასთან, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთის გავლით სირიაში არ აღმოჩნდნენ. ამ მხრივ კონტროლის გამკაცრება აუცილებელია. რაც მთავარია, მთავრობამ მუსლიმების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც უნდა იფიქროს, რათა რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეების დაპირისპირება და შეურაცხყოფა თავიდან ავიცილოთ. ტერორიზმის წინააღმდეგ კონპლექსური მუშაობაა საჭირო.
რუსუდან შელია
AMBEBI.GE