ოკუპირებულ ახალგორში მოკლული 19 წლის ახალგაზრდა და იქ დარჩენილი ქართველების მძიმე ცხოვრება

 ოკუპირებულ ახალგორში მოკლული 19 წლის ახალგაზრდა და იქ დარჩენილი ქართველების მძიმე ცხოვრება

აფხაზეთის მსგავსად, ოკუპანტებმა კონტროლი ახალგორშიც გაამკაცრეს. მართალია, საშვების მოქმედების ვადა ამოიწურა, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათი მოქმედების ვადა 15 მარტამდე გახანგრძლივდა. პარალელურად, შეჩერებულია პასპორტების გაცემაც.

რა სიტუაციაა ახალგორში და როგორია იქ დარჩენილი ქართველების ცხოვრება, ამის შესახებ Ambebi.ge ახალგორის მკვიდრს, სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს ესაუბრა:

- ამჟამად, ახალგორში მშვიდი სიტუაციაა, აქაურობა მოსახლეობისაგან თითქმის დაცლილია. ვისაც საშვი და პასპორტი აქვს, თავისუფლად გადაადგილდებიან. თუმცა, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კვლავ საბუთის გარეშეა.

- რა სიტუაცია პასპორტების მხრივ? ბევრმა აიღო იქაური პასპორტი?

- გასული წლის მეორე ნახევარში აქაური მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა პასპორტები აიღო. ბევრი გამოთქვამს პასპორტის აღების სურვილს. თუმცა, ამჟამად პასპორტების გაცემა შეჩერებულია; რატომ -  არ ვიცი.

- პასპორტის სანაცვლოდ ოსური მხარე რას ითხოვს?

- პირადობის მოწმობის ჩაბარებას ითხოვენ. მანამდე ქართველები ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემცვლელს იღებენ და ოსურ მხარეს პირადობას მხოლოდ შემდეგ აბარებენ. თუმცა,"პრივილეგირებულებიც" არიან, რომლებიც პირადობებს არ აბარებენ, თუმცა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

- საზღვრის ჩაკეტვაზე ხომ არ მიდის საუბარი?

- არა, ამის შესახებ არაფერი მსმენია. არა მგონია, ჩაიკეტოს. ყოველ შემთხვევაში, აქ ასეთი განწყობა არ იგრძნობა, ჯერჯერობით.

- რაც შეეხება ქართული სასმელების აკრძალვას, იგივე ქართულ პროდუქტებსაც ხომ არ შეეხო?

- დიახ, ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა. გაზიანი სასმელი ჯერჯერობით იყიდება, თუმცა მათ აკრძალვაზეც იყო საუბარი. ალკოჰოლის გასაყიდად ლიცენზიას სთხოვენ. პროდუქტი ისევ შემოდის და იყიდება, მაგრამ ის, რაც რუსეთიდან შემოდის და რუბლზე იყიდება, გაცილებით იაფია, ვიდრე ქართული პროდუქტი. აქ მანამდეც მაღალი ფასები იყო და ლარის გაუფასურებამ ფასების ზრდას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი.

- რაც შეეხება დავით ბაშარულის გარდაცვალებას, რა ვერსიები აქვთ ადგილობრივებს და რაიმე ახალი ხომ არ არის?

- სამწუხაროდ, არავინ არაფერს ამბობს. ცხედრის ნაწილები ექსპერტიზისთვის დონის როსტოვში გაგზავნეს.

- რა არის ძირითადი პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს?

- პრობლემა ყველა სფეროშია, აქ მომავალი არ არსებობს. ახალგაზრდობა აქაურობას ტოვებს ან იშვიათად ჩამოდიან, რადგან განათლების, კულტურის, სპორტის მხრივ არაფერი კეთდება.

სალომე გოგოხია

"პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე" - რას პასუხობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თბილისის საკრებულოს დეპუტატს

როგორი იქნება ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკი? - მსგავსი რამ მხოლოდ წამყვან პარკებშია(+ფოტო)

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ ავტომობილებითა და მოტოციკლებით მიემართებიან