თბილისში, 24 იანვარს თოვლჭყაპი და ნისლი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, უახლოესი სამი დღის განმავლობაში, საქართველოში ამინდს განაპირობებს შავი ზღვიდან შემოსული თბილი და ნოტიო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კასპიის ზღვიდან შემოსული ცივი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით დათბება.
22 და 23 იანვარს დასავლეთ საქართველოს ბარში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მთასა და მაღალმთაში შესაძლოა იყოს მცირე თოვა. 24 იანვარს კი დასავლეთ საქართველოში, ასევე გორი-სურამის მონაკვეთზე, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 20-25 მეტრი წამში, ხანგამოშვებით კი - 30 მეტრი წამში.
შესაბამისად, 22-24 იანვარს დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა დღისით თანდათან დათბება. კერძოდ, 22 იანვარს ბარში დღისით მოსალოდნელია +13; 23 იანვარს _ +15, ხოლო 24 იანვარს + 17 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 22-24 იანვარს ღამით ყინვა დაფიქსირდება. კერძოდ, 22 იანვარს ღამით -2;+3 გრადუსი; 23 იანვარს ღამით -5;0; 24 იანვარს კი - 4;+1 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
ამასთან, 24 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მთებსა და მაღალმთაში ითოვებს. მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი თბილისშიც, სადაც ღამით -1, დღისით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.