ირაკლი შოთაძე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურიდან ინფორმაციის გაჟონვას გამორიცხავს

ირაკლი შოთაძე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურიდან ინფორმაციის გაჟონვას გამორიცხავს

საქართველოს მთავარი პროკურატურის მოადგილე ირაკლი შოთაძე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურიდან ინფორმაციის გაჟონვას გამორიცხავს.

ირაკლი შოთაძე ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" ამასთან დაკავშირებით ადვოკატ ირმა ჭკადუას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სიტუაციაში ბოლომდე გაერკვევა, თუმცა გამორიცხავს, რომ ინფორმაცია პროკურატურიდან გასულიყო. "პროკურატურიდან რომ რაღაც ინფორმაცია გასულიყო, გაცილებით მეტი ინფორმაცია გამჟღავნდებოდა, რადგან საქმეში არ არის ერთ მოწმეზე საუბარი, გაცილებით მეტ მოწმეზე და მეტ მტკიცებულებებზეა საუბარი. მე გამოვრიცხავ, რომ რაიმე ინფორმაცია პროკურატურიდან არის გასული", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე მოპოვებულია არაერთი ახალი მტკიცებულება, რომელიც ცვლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც წინა გამოძიების დროს იყო დადგენილი. მისი თქმით, განახლებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებული იური ვაზაგაშვილი და ადვოკატები.

პროკურორის განმარტებით, პირველადი გამოძიება, რაც თავის დროზე ჩატარდა, სრულიად გაყალბებულია. შოთაძის განცხადებით, წლების განმავლობაში საქმეზე გაკეთდა ყველაფერი, რათა, ყველა მტკიცებულება ფალსიფიცირებული ყოფილიყო, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ და "საქმე შეეკერათ".

"ჩატარებულია საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოები, მოპოვებულია არაერთი ახალი მტკიცებულება, რომელიც ცვლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც წინა გამოძიების დროს იყო დადგენილი. ჩატარებულია არაერთი ექსპერტიზა. აქ არის მთელი რიგი ჩვენებები, აქ არის არა მარტო ბუთურიძის ჩვენებები, აქ არის მთელი რიგი ჩვენებები, რომლებმაც წარმოაჩინა საქმეში ახალი რეალური ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მთლიანად ცვლის საქმის არსს და რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინოს რეალური ფაქტები, თუ რეალურად რა მოხდა 2006 წელს", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქმე დასკვნით ფაზაშია შესული. "ამ ეტაპზე შემიძლია განვაცხადო, რომ ვფლობთ, საკმაოდ მყარ მტკიცებულებებს. თუმცა დარჩენილია რაღაც საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც საჭიროა ამ საქმეზე სრული სურათის დასადგნად. ვფიქრობთ ამ საგამოძიებო მოქმედებებს უახლოეს მომავალში ამოვწურავთ და საქმეზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ