რეპორტაჟი სულისშემძვრელი ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ - რა ხდება სოფელში, სადაც მამა შვილის საფლავზე ააფეთქეს

რეპორტაჟი სულისშემძვრელი ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ - რა ხდება სოფელში, სადაც მამა შვილის საფლავზე ააფეთქეს

ვაზაგაშვილების ოჯახის მორიგი, სულისშემძვრელი ტრაგედიის გამო სოფელ ყარაფილაში უკვე მესამე დღეა გლოვაა, თუმცა თანასოფლელის თავს დამტყდარ უბედურებას ადგილობრივები ახლა უკვე უხმოდ, ფაქტობრივად, დუმილით გლოვობენ. სოფელში აღარც ქალების ტირილი ისმის და აღარც ხმამაღალი განცხადებები... პირველი ემოციების გასვლის შემდეგ ყარაფილელთა უმეტესობა საკუთარ სახლში ჩაიკეტა - იქ ჩასულ მედიას მათთვის აქამდე უჩვეულო არასტუმართმოყვარეობა აკვირვებს...

ტრაგედიიდან მეორე დღეს სოფელი დადუმდა. სარიბარის – სოფლის იმ უბნის მკვიდრთა სახლების დიდ ნაწილს, საიდანაც ვაზაგაშვილების ოჯახი მოდის, ჭიშკარზე ბოქლომი ადევს, იქ კი, სადაც საკვამურიდან კვამლი ამოდის, კარს არავინ აღებს... ადამიანების ნაკლებობაა სოფლის ორღობეებში - ერთადერთი სულიერი, ახლა იქ შინაური ცხოველი და ფრინველი თუ დაიარება.

სოფლის შიდა გზების მსგავსად, უკვე არავინაა არც სასაფლაოზე. ისიც სარიბარის მსგავსად მოკრძალებული და პატარაა. სასაფლაო ვაზაგაშვილების საფლავებით იწყება – ჯერ ზვიადის (იური ვაზაგაშვილის პირველი – მცირეწლოვანი შვილის), მერე კი – ზურას. იქაურობას ჯერ კიდევ ეტყობა ახლახან დატრიალებული უბედურების კვალი – პირდაპირ შვილების საფლავზე ისევ დგას სისხლის გუბე, თუმცა ახლა შედარებით პატარა. იქვე გამომძიებლების მიერ გამოყენებული ხელთათმანები, თითის ანაბეჭდების ასაღებად საჭირო თეთრი ფხვნილი, მოძრაობის ამკრძალავი ყვითელი ლენტი და სხვა სახის ნივთები ყრია... იქვეა მოფანტული ყვავილების ნაფლეთები, რომელიც იური ვაზაგაშვილმა შვილის საფლავზე მიიტანა...

სურათი შემზარავია, მედიის არც ერთ წარმომადგენელს არ სურს წარმოიდგინოს კიდევ უფრო უარესი...

სასაფლაო სარიბარს უყურებს, უფრო სწორად სარიბარი უყურებს სასაფლაოს. ცოცხალთა და მიცვალებულთა დასახლებას ერთმანეთისგან, საერთო ჯამში, ალბათ, 100 მეტრი აშორებს. ვაზაგაშვილების სასაფლაოდან ვამჩნევთ, რომ ორღობეში ერთი მოხუცი მოდის, ჯოხით, ნელ-ნელა... ცოტა ხანში უბნის ბირჟაზე, ერთ-ერთი ადგილობრივის ღობის ძირში დაგდებულ მორზე ჯდება. გვიხარია, სოფელში პირველი სულიერის დანახვა და მისკენ ვეშვებით...

"რომ გავარდა, ისეთი ხმა იყო შვილო, ისეთი, როგორც ზარბაზანისა. მესრის დაბლა ყვავილები ეწყო, იმ ყვავილების ქვეშ ყოფილა დამონტაჟებული. ამოთხრილიცააა იქ – აფეთქების შემდეგ ხომ ამოიყარა მიწა. ვაი, ვაი შვილო, ასეთი საზარელი საქმე მეტი არ შეიძლება. აქედან ამის გამკეთებელი ვინ არის, ვის აქვს ისეთი ასაფეთქებელი ნივთიერება? თვითონ მთავრობის საქმე იყო ვიღაცის. აბა სხვა ვის რას უშლიდა? ისეთი ჭკვიანი კაცი იყო, რომ ასეთ საქმეს არავინ გაუკეთებდა. ყოველ შაბათ-კვირას მოდიოდა, ყოველ შაბათ-კვირას და უცვლიდა ყვავილებს მის შვილს", - გვიყვება 74 წლის ნოდარ კუდუხაშვილი, რომელსაც ჩვენთან საუბრის განმავლობაში უბნის სასაფლაოსთვის, ვაზაგაშვილების საფლავით რომ იწყება, თვალი არ მოუშორებია.

ნოდარი პაპასგან გავიგეთ ისიც, რომ ტრაგედიის ღამეს გორის პროკურატურაში უბნის 20-მდე მკვიდრი დაკითხეს, მათ შორის ის მესაფლავეც, რომელმაც აფეთქების დღეს სოფელში გარდაცვლილი ერთ-ერთი ადგილობრივის საფლავი გათხარა და რომლის დაკრძალვაზეც იური ვაზაგაშვილი იმყოფებოდა. ვაჟა გიგოლაშვილის სახლიც, ვაზაგაშვილების სახლს რომ უყურებს, სწორედ მოხუცმა მიგვასწავლა. მესაფლავე სახლში დაგვხვდა, თუმცა იმის გამო, რომ ვაჟა გიგოლაშვილს ჭიშკართან საკუთარი შვილი "იცავდა", მასთან საუბარი ვერ შევძელით. სამწუხაროდ, უმცროს გიგოლაშვილს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მედია ყარაფილაში "კონცერტის მოსაწყობად იყო ჩასული". "ზურას ამხანაგია შვილო, ერთ ლოგინში გაიზარდნენ და გამწარებულია – მამა დააკლეს შვილის საფლავზე", – საკუთარ შვილის დაცვა ასე სცადა მესაფლავის ცოლმა ნანა ბედოშვილმა. გიგუაშვილების ოჯახს გავუგეთ...

მესაფლავე აღარ შეგვიწუხებია, თუმცა სურათის გახსენება, რომელიც სასაფლაოზე დახვდა და შეკითხვები, რითაც დაკითხვაზე პროკურატურა დაინტერესდა, ნანა ბედოშვილს ვთხოვეთ. ვაჟა გიგოლაშვილის მეუღლისგან შევიტყვეთ, რომ იური ვაზაგაშვილი მაშინ, როცა ის მეზობლებმა აფეთქების შემდეგ პირველად ნახეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

"ღამის 2 საათზე მოიყვანეს ჩემი მეუღლე დაკითხვიდან. ჰკითხეს, რა იყო, როგორ იყო, ხომ არავინ ნახეთო. არავინ უნახავს, სამარეს თხრიდა და ვის შეამჩნევდა? მოყვა, რაც ნახა – პირველი ის მივიდა, უკვე ძირს ეგდო საწყალი და ხრიალებდა. გუბე იდგა სისხლის და მასში ცურავდა", - გაიხსენა მესაფლავის მეუღლემ.

ყარაფილაში 4-5 საათი დავყავით. ამ ხნის განმავლობაში ნოდარ კუდუხაშვილისა და ნანა ბედოშვილის გარდა, კიდევ ორი მოხუცი აღმოჩნდა მზად ჟურნალისტებისთვის კარის გასაღებად. მათ შორის იყო დომენტი გიგოლაშვილი, რომელიც თანასოფლელებთან ერთად გორის პროკურატურაში ტრაგედიის ღამესვე დაკითხეს:

"დაკითხვაზე მეც ვიყავი. რაც ვნახე სულ ყველაფერი ვთქვი, თუმცა ბევრი არაფერი მიხანავს – ავად ვიყავი და ვიწექი, როცა რაღაც ხმა გავიგონე, მეგონა, ახალ წელს რომ ისვრიან, ის იყო და არც გამოვსულვარ გარეთ. ცოტა ხნის შემდეგ საქონელს გამოვხედე და ბალკონიდან დავინახე, რომ სასაფლაოსთან ბევრი ხალხი იყო. მე რომ მივედი, საფლავთან პოლიცია უკვე არავის უშვებდა... გამომძიებლებმა მკითხეს, ხომ არაფერი დაგინახავთ სასაფლაოზეო? – ვუთხარი, არა-მეთქი. კი ბატონო, აქ ვცხოვრობთ და სასაფლაო ახლოსაა, მაგრამ სულ სასაფლაოს ხომ არ ვუყურებთ, თან წარმოდგენაც არ გვქონდა, თუ ასეთი რამ მოხდებოდა", - გვითხრა დომენტი გიგოლაშვილმა.

ბოლო რესპონდენტი, რომელსაც სოფელ ყარაფილაში სტუმრობისას ვესაუბრეთ, გურამ ბარამიძე იყო. მასთან ინტერვიუს შემდეგ ჩვენთვის გასაგები გახდა, რატომ იყო მედია აქ არასასურველი სტუმარი. მოხუცს არ დაუმალავს, რომ სოფელში ხმამაღალი განცხადებების უკვე ეშინიათ...

"ეგ ვიღაცამ, ჩვენ ენაზე რომ იტყვიან, წინასწარ "დანაღმა". იცოდნენ, რომ შვილის საფლავზე მიდიოდა და მოუწყვეს – მოწყობილი საქმეა. იურიმ მიაღწია მისი შვილის ამბავს – დღეს თუ ხვალ საქმე უნდა გახსნილიყო. ადგილობრივი მოსახლეობის ეჭვები ასეთია, რომ ეს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი და გააკეთეს. რას ერჩოდნენ? კაცს შვილი მოუკლეს და ჩიოდა, აბა არ უნდა ეჩივლა?.. ახლა ინტერვიუს რომ გაძლევთ, მეშინია, მეც არ დამინაღმონ ამაღამ, სახლში რომ მივალ", - გვითხრა გურამ ბარამიძემ.

მგლოვიარე სოფელში, რომელიც ახლა უფრო ჩუმია, ვიდრე ტრაგედიის პირველ დღეს, 4 ადამიანის, რამდენიმე ძაღლის, ძროხის და ქათმის გარდა სხვა არავინ შეგვხვედრია, თუ არ ჩავთვლით საპატრულო პოლიციის რამდენჯერმე ჩავლილ და უკან დაბრუნებულ ერთ ეკიპაჟს, რომელიც ყარაფილასა და მიმდებარე სოფლებში 24 საათის განმავლობაში პატრულირებს... ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში ბოქლომი ედო თავად ვაზაგაშვილების სახლის ჭიშკარს, საგვარეულო სასაფლაოს კი, სადაც ოჯახის ორი შვილი – ზვიადი და ზურაა დაკრძალული, ჯერ კიდევ არ შეშრობია მამის სისხლი...

იხილეთ ვიდეო

ნინია სიხარულიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია