რა გეგმები აქვს პუტინს საქართველოში და უწყობს თუ არა ხელს ხელისუფლება ქვეყანაში რუსული ინტერესის ზრდას

რა გეგმები აქვს პუტინს საქართველოში და უწყობს თუ არა ხელს ხელისუფლება ქვეყანაში რუსული ინტერესის ზრდას

პუტინმა 2015 წელს ევრაზიული კავშირის, ანუ 21-ე საუკუნის საბჭოთა კავშირის შექმნა საბოლოოდ უნდა დაასრულოს, - ასეთია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გეგმა, რომელსაც ის ღიად, ყოველგვარი მინიშნებების გარეშე ახმოვანებს. რა გეგმები აქვს პუტინს საქართველოში და უწყობს თუ არა ხელს ხელისუფლება ქვეყანაში რუსული ინტერესის ზრდას, ექსპერტი კახა გოგოლაშვილი განმარტავს:

- თუ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას არ გადაუხვია, ევრაზიული კავშირი არ შეგვეხება. ჯერჯერობით, დასავლური კურსის ცვლილების ნიშნებს ვერ ვხედავ, თუმცა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესაჩერებლად რუსეთი ყველა საშუალებას გამოიყენებს. ამაზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების შემდეგ უნდა ვისაუბროთ.

- მალე საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრი უნდა გაიხსნას, რუსეთი კი, ინფორმაციული პროპაგანდის საშუალებით საზოგადოებაში გავლენის მოსაპოვებლად აქტიურად მუშაობს. ამ ორი უერთიერთსაწინააღმდეგო პროცესის ლოგიკური შედეგი რა იქნება?

- ბუნებრივია, რუსეთის ინტერესებში საქართველოს ტერიტორიაზე არც ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნა შედის, თუმცა დღეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთში მოვლენები რა სცენარით განვითარდება. თუ ოფიციალურმა მოსკოვმა დასავლეთის შემორიგებაზე ფიქრი დაიწყო და სანქციების მოხსნას შეეცადა, საგარეო პოლიტიკაში გაუმჯობესებულ პოზიციაზე აღმოვჩნდებით.

- რეალობას რომ დავუბრუნდეთ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთი დასავლეთთან პოზიციებს დათმობს?

-დღეს რუსეთი რეალურად ცდილობს და უნდა კიდეც, რომ დასავლეთი შემოირიგოს, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში იმდენად ღრმად შეტოპა, რომ უკან დახევასაც ვერ ახერხებს. არ გამოვრიცხავ, რუსეთმა დათმობებზე მართლაც იფიქროს.

- ევრაზიულ კავშირს დავუბრუნდეთ. რამდენად მოსალოდნელია, რუსეთმა ქართულ მხარესთან ოკუპირებული ტერიტორიებით ვაჭრობა დაიწყოს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობის სანაცვლოდ საქართველოსგან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მოითხოვოს?

- რა თქმა უნდა, რუსეთი საქართველოსთან ყველა სავაჭრო ვარიანტს ეძებს, მაგრამ ყველა შემოთავაზება ტყუილზე იქნება დაფუძნებული. შესაძლოა, პუტინმა ტყუილი დაპირებებით საქართველოს ერვოინტეგრაციის შეჩერება სცადოს და გვითხრას - რა გინდათ ნატო-ში ან ევროკავშირში, ევრაზიულ კავშირში შემოგვიერთდით და აფხაზეთთან და ოსებთან საქართველოსთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს დავიწყებო. ეს იქნება ხაფანგი - ბოლოს, რუსეთი მოგვიტრიალდება და გვეტყვის, პირობას ვერ ვასრულებო და ჩვენც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამ მიმართულებით საქართველოს პერსპექტივა არ აქვს და რუსეთს არ უნდა ენდოს.

-რუსული ინვესტიციების ზრდის ფონზე, საქართველო რუსეთს თამაშში ხომ არ მიყვება?

- როგორც ჩანს, გარკვეული მოლაპარაკებები ამ მხრივ მართლაც დაწყებულია. რუსული კომპანიები საქართველოში მართლაც ძლიერდებიან და ფაქტია, წინა ხელისუფლების მსგავსად, მმართველი გუნდი დღესაც კულუარულ თამაშს თამაშობს. არ უნდათ რუსული ბიზნესი გაანაწყენონ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ რუსული ბიზნესი რუსული პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ფაქტორია. რუსეთს საქართველოში სომხეთის სცენარის გამეორება სურს, სადაც ქვეყნის მართვის ბერკეტები რუსულმა ბიზნესმა აიღო ხელში. რაში ჭირდება დღეს რუსეთს ფოთის პორტი? გავლენის შესანარჩუნებლად! იგივე, რატომ აინტერესებს აზერბაიჯანული ნავთობი? აზერბაიჯანული ნავთობის შეჩერებით, რუსული ნავთობის მეტი რაოდენობით გაყიდვა სურს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, რუსული ბიზნესის შემოდინება შეაჩეროს ან ტენდერის დარღვეული პირობების გამო, ხელშეკრულება გააუქმოს, მაგრამ "როსნეფტზე" მმართველი გუნდის განცხადებების შემდეგ, ეჭვი მიჩნდება, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კულუარული მოლაპარაკებებია. ამ შემთხვევაში ერთადერთი ეფექტური პრევენცია საზოგადოების მაქსიმალური ჩართვაა.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა