"ხელისუფლების იმედი ნელ-ნელა ქარწყლდება - ყველაფრის მიზეზია ხელმძღვანელ პირთა არაპროფესიონალიზმი, არასწორი საკადრო პოლიტიკა, უინიციატივობა. ვერ გავიგეთ, ვინ არის უფროსი და ვინ რაზეა პასუხისმგებელი. თუმცა, პარადოქსია, მაგრამ ამის პარალელურად ივანიშვილისადმი ნდობას საზოგადოება ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ცხადად ჩანს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას ითხოვს. რომ არ იყოს ნდობა, მაშინ ეს მოთხოვნაც არ იქნებოდა. საქართველოში ჯერ კიდევ სჯერათ, რომ თუ ივანიშვილი დაბრუნდება, ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდება", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ რუსებმა მარიუპოლი დაიკავეს, დამთავრებულია ყველაფერი" / "ვვარაუდობ, რომ პროკურატურას კვალი იური ვაზაგაშვილის საქმეში ნაპოვნი აქვს და ეჭვმიტანილთა წრეც გამოკვეთილია" / "რუსეთი თრუსოს ხეობის მიტაცებას ცდილობს, რა მიმართულებითაც მომავალ გაზაფხულზე გეგმავენ გააქტიურებას".
"ჩემი აზრით, დღეს დღის წესრიგში როგორც მთავრობის ცვლილება, ასევე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დგას - ეს შეკვეთა მხოლოდ საზოგადოებისგან არ მოდის, ამას ითხოვს თვითონ ხელისუფლებაში შექმნილი ვითარება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ივანიშვილმა თქვა, რომ მისდამი არსებული ჭარბი ნდობა უნდა გადანაწილებულიყო ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს ვერ მოხდა. ვერ მოხდა იმიტომ, რომ ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნებს დაშორდა. ისე, ცოტა უცნაურად მეჩვენება მთავრობასთან დაკავშირებული ივანიშვილის გამონათქვამები. ერთი მხრივ, აქებს მთავრობასა და მის მეთაურს, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ მთავრობის წევრებს აქვთ პირთა გარკვეული ჯგუფის არაკონსტრუქციული გავლენის ქვეშ მოქცევის პრობლემა. სწორედ ეს თქვა, როცა პრემიერ-მინისტრის ნათესავები ახსენა. ისე გამოვიდა, რომ, ერთი მხრივ, შეაქო ღარიბაშვილი, მეორე მხრივ კი, გააკრიტიკა. თუმცა, ვხვდები, ამას რატომაც ამბობს ივანიშვილი..." - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"ივანიშვილმა ღარიბაშვილი შვილივით გაზარდა. პრემიერს ჩაბარებული ჰქონდა ამხელა ბიუჯეტი და მისთვის უკანონოდ თეთრი არ მოუკლია. ამიტომაც ივანიშვილი ღარიბაშვილს უაღრესად ენდობოდა და ვფიქრობ, ახლაც ენდობა. თუმცა, ამ ნდობას ცოტა ბზარი კი გაუჩნდა, რისი მიზეზიც ის არის, რომ გამოჩნდნენ პირები, მათ შორის ღარიბაშვილის ნათესაობიდან, ვინც ღარიბაშვილ-ივანიშვილის ურთიერთობით ცხოვრების მოწყობა მოინდომეს. ივანიშვილი ვერ იტანს ტყუილს და ვერ იტანს, როდესაც ფულს ჰპარავენ. ღარიბაშვილს ვერ დავაბრალებთ ფულის მოპარვას, მაგრამ ტყუილი მას პირადად თუ არ უთქვამს, თქვეს მისი უახლოესი გარემოცვის წევრებმა. ის, როგორც იქცეოდა ეს გარემოცვა, სიცრუის ფონს ქმნიდა. ივანიშვილს ატყუებდნენ სხვადასხვა დონეზე და ამ ტყუილების გამო ბევრჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩავარდა. მაგალითად, ივანიშვილისა და იური ვაზაგაშვილის ბოლო შეხვედრა ამის ნიშანდობლივი მაგალითი იყო. ცხადად გამოჩნდა, თუ როგორ ატყუებდნენ ივანიშვილს, რომელმაც დაუჯერა ვაზაგაშვილს სწორედ იმიტომ, რომ კარგად დაინახა ამ პროცესებში რა სიცრუის მსხვერპლიც იყო, ეს კარგად დაუმტკიცა მას ბატონმა იურიმ. ამიტომ შეშფოთდნენ ისინი, ვინც დანაშაულში ეჭვმიტანილები არიან და ამიტომაც დაგეგმეს ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია", - განაგრძობს ექსპერტი.
"უფლება არა მაქვს, რამე კვალი, თუნდაც რუსული გამოვრიცხო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მაინც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა გააკეთეს. როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა ამ შეხვედრის დროსვე გადაამოწმა ზოგიერთი საკითხი და ვაზაგაშვილის ვერსიის სისწორე, მაგალითად, საკადრო ცვლილებების ამბავი. გაარკვია, რომ მას ატყუებდნენ და ე. წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე მაღალჩინოსნები კვლავაც თანამდებობებზე იყვნენ. შესაბამისად, მიიღო რამდენიმე რადიკალური გადაწყვეტილება, რამაც აგრძნობინა მავანთ, რომ მათ გარშემო რკალმა დავიწროება დაიწყო. მიხვდნენ, რომ ისე აღარ გაგრძელდებოდა, როგორც ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო, როდესაც "კორტების საქმის" გამოძიება მდორედ და უშედეგოდ მიდიოდა. ამის გამო მიიღეს ეს რადიკალური გადაწყვეტილება და დაგეგმეს ეს სასტიკი დანაშაული. ისმის კითხვა, თუ იური ვაზაგაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ემუქრებოდნენ, მაგრამ არავინ შეხებია, რა მოხდა ახლა? საქმე ის არის, რომ ახლა დღის წესრიგში რეალურად დადგა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნა, ივანიშვილმა შესაბამისი რჩევები მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობას და საკადრო გადაადგილებები მოითხოვა. ამ პროცესების ძრავა იყო სწორედ იური ვაზაგაშვილი, რომელიც სამართლის აღსრულებამდე არც ივანიშვილს და არც ხელისუფლებას მოსვენებას არ მისცემდა. სავარაუდოდ, მათ იფიქრეს, რომ ვაზაგაშვილის მოკვლით კიდევ ჰქონდათ შანსი ამ საკითხის აქტუალიზაციის შეჩერებისა, თუმცა, შეცდნენ" – თვლის რესპონდენტი.