როგორც ცნობილია, სესხის გაცემისას ბანკები უფლებას იტოვებენ ხელშეკრულების პირობებში ცვლილება ნებისმიერ დროს შეიტანონ. ამიტომ, ლარის გაუფასურებამ ბანკის მსესხებლებს დიდი თავსატეხი გაუჩინა - ხომ არ გაუძვირდებათ საპროცენტო განაკვეთი? პასუხად ბანკებში ამბობენ, რომ საპროცენტო განაკვეთს არ გააძვირებენ.
თუმცა, ბანკების ხელშკრულების პირობებში ვკითხულობთ, რომ ეროვნული ვალუტის ინფლაციის შემთხვევაში, ბანკი უფლებას იტოვებს, სესხის პროცენტი 1, 55%-ით გაზარდოს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მოცემულ ეტაპზე ინფლაცია 15%-ია. იმ შემთხევაში თუ ეს მაჩვენებელი კიდევ მოიმატებს, შესაძლოა მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი გაუზარდონ. ამ ეტაპზე ამის საფრთხეს საბანკო ექსპერტი ლია ელიავა ვერ ხედავს. მისი თქმით, მოცემულ მომენტში ლარის დევალვაციამ ფინანსურად აზარალა ის მსესხებელი, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული.
"როდესაც ლარი უფასურდება, მსესხებელს კი ვალი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, იმავდროულად შემოსავალი ლარში აქვს, რა თქმა უნდა, ვალუტის გადახდის ხარჯი ყოველთვის იზრდება. ეს ზრდა ლარის კურსის ვარდნის პროპორციულია. გარდა ამისა, შესაძლებელია საპროცენტო ხარჯი იმ მსესხებლებს გაეზარდოთ, ვისი სესხის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ის გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას ანუ გაზრდის მათ შორის რეფინანსირების განაკვეთსაც. მნიშვნელოვანმა სავალუტო რყევამ, რომელსაც ბოლო 2-3 თვის მანძილზე ადგილი ჰქონდა, მსესხებელს სესხის დაფარვის ხარჯები გაუზარდა. რაც შეეხება მათ, ვისაც სესხი ლარში აქვთ აღებული - პრაქტიკულად, ამ სესხის დაფარვის ხარჯი არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, მსესხებელი ყოველთვის დაინტერესებული უნდა იყოს, რომ სესხი ლარში აიღოს." - ამბობს ლია ელიავა.
თუმცა, საქართველოში ზოგიერთ ფინანსურ სექტორში ანგარიშსწორება ლარის ნაცვლად, უცხოურ ვალუტაში მიმდინარეობს. რასაც საბანკო ექსპერტი კანონდარღვევას უწოდებს. ნმისი თქმით, სწორედ უცხოური ვალუტის მიმოქცევამ განაპირობა ლარის დევალვაცია.