განმეორდება თუ არა საქართველოში უკრაინის დრამატული სცენარი - შს მინისტრის ხმაურიანი ინტერვიუ მოსალოდნელ არეულობაზე

განმეორდება თუ არა საქართველოში უკრაინის დრამატული სცენარი - შს მინისტრის ხმაურიანი ინტერვიუ მოსალოდნელ არეულობაზე

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეა მოსალოდნელი. "არის სხვადასხვა ინფორმაცია. სხვადასხვა ძალების მხრიდან რაღაც მცდელობები, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოში იგივე განმეორდეს", - აღნიშნა გომელაურმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, რამდნიმე დღის წინ კი მინისტრმა იგივე საფრთხეებზე ერთ-ერთი საგაზეთის ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შს მინისტრს პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდა. პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, განმარტოს, კონკრეტულად რა საფრთხეებს ელოდება მათგან.

"ის პირველივე საგაზეთო სტატიაში აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციის და არეულობის მოხდენას ცდილობს. კარგად ვიცით, რას ემსახურებოდა, როგორც ჭიკაიძის, ასევე გომელაურის ეს განცხადებები. ისინი ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის ზრახვებსა და სურვილებს ახმოვანებენ და ამით ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დისკრედიტაცია სურთ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ღვინიაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" რეაქციას და მინისტრის ხმაურიან განცხადებას დღეს სამთავრობო გუნდიდანაც ეხმაურებიან.

"ნაციონალურ მოძრაობა" არ არის უძლური მოძრაობა და თუ ის მოინდომებს, ბევრი რამ შეუძლია, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრვლესობის წარმომადგენელმა, ლევან ბერძენიშვილმა შს მინისტრის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

ბერძენიშვილის თქმით, შს მინისტრის განცხადება, გარკვეული ძალების მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით შესასწავლია.

"თუ რაიმე განზრახვა ვინმეს აქვს და მინისტრმა ამის შესახებ იცის, ის გადადგამს ნაბიჯებს. მთავარია, მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობა" და სხვებიც მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტში შს მინისტრის მოწვევა მართებული არ არის.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მინისტრს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმე აქვს და "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა ამ მხრივ არასერიოზულია.

"მესმის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების კონტექსტი. მას ნაგულისხმები აქვს ის საფრთხეები, რომლებიც არ გვაკლია გეოსტრატეგიული მდებარეობისა და მეზობელი ქვეყნების ზრახვების გამო. ასეთი საფრთხეების ნეიტრალიზება ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი. შს მინისტრი, რომ მოვიდეს პარლამენტში იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მოუყვეს მათი ზრახვებისა და მავნებლური მოქმედებების შესახებ, ძალიან არასერიოზულია. ამისთვის მინისტრები არ დადიან პარლამენტში. როცა ასეთი მოქმედებები იგეგმება, არსებობს შესაბამისი ღონისძიებები და ამით ხდება პასუხის გაცემა. არ მგონია, შს მინისტრს იმის დრო ჰქონდეს "ნაციონალებს" გაეცნოს და ამას დაუთმოს მნიშვნელოვანი სამუშაო დრო, რომელიც მას სჭირდება საქმის გასაკეთებლად. არ მიმაჩნია შს მინისტრის მოწვევა მართებულად", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს ვახტანგ გომელაურმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდეს და კონკრეტულ ინფორმაციაზე დეპუტატებთან ისაუბროს. ვახტანგ გომელაურის თქმით, როცა აღნიშნულის საჭიროება იქნება, საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა.

"როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მივალ. თუ კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება, იდეეების დონეზე საუბარი არ იქნება ნორმალური ჩვენი მხრიდან. როცა იქნება კონკრეტული ინფორმაცია, ვისაუბრებთ კიდეც და თუ საჭირო იქნება, სხვა ღონისძიებებსაც ჩავატარებთ", - აღნიშნა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა