"ბოლომდე პასუხები არაფერზე არ არის" - ოჯახსა და ადვოკატებს ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამომძიებლებთან შენიშვნები აქვთ

"ბოლომდე პასუხები არაფერზე არ არის" - ოჯახსა და ადვოკატებს ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამომძიებლებთან შენიშვნები აქვთ

ოჯახსა და ადვოკატებს ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამომძიებლებთან შენიშვნები აქვთ. როგორც ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ქალაქის პროკურატურიდან გამოსულმა ზურაბ კიწმარიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრა კამათის რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი თქმით, უფრო მეტია გასაკეთებელი.

"ვეცნობოდით მასალებს, ვსვამდით შეკითხვებს, ვისმენდით არგუმენტებს, თუმცა, ძირითადად, ვერ ვიზიარებდით. შეხვედრა კამათის რეჟიმში მიმდინარეობდა. ჩვენ მოვითხოვეთ, რაც საეჭვოა შეისწავლონ და მოიძიონ მეტი ინფორმაცია. ბოლომდე პასუხები არაფერზე არ არის. შესაბამისად, ბოლომდე არ არის ჩატარებული გარკვეული მოქმედებები", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც უნდა დაიკითხონ გარკვეული ადამიანები და გარკვეულ შეკითხვებს გასცენ არგუმენტირებული პასუხი. კიწმარიშვილმა განმარტა, რომ ეს ადამიანები გამოკვეთა მიმდინარე გამოძიებამ, გარდაცვლილის ოჯახისა და ადვოკატების მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, აქვთ თუ არა კავშირი აღნიშნულ პირებს უშუალოდ დანაშაულთან, ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

პროკურატურაში მსგავსი ტიპის შეხვედრა მომავალ კვირაშიც იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ