კიწმარიშვილის საქმეში მოწმეთა ახალი წრე გამოიკვეთა - გადაკვალიფიცირდება თუ არა თვითმკვლელობამდე მიყვანა განზრახ მკვლელობად

კიწმარიშვილის საქმეში მოწმეთა ახალი წრე გამოიკვეთა - გადაკვალიფიცირდება თუ არა თვითმკვლელობამდე მიყვანა განზრახ მკვლელობად

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლით შეიცვალოს. გარდაცვლილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, გამოძიებისას რამდენიმე ადამიანი გამოიკვეთა, რომლებმაც შესაძლოა საქმეში არსებულ დეტალებს ნათელი მოჰფინონ და გამოძიება სწორ კვალზე დააყენონ.

ვინ არიან ეს პირები და როგორ მივიდა გამოძიება ამ ადამიანებამდე - ამ და სხვა საკითხებზე "მთელი კვირა" გარდაცვლილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.

ზურაბ კიწმარიშვილი: ეროსი კიწმარიშვილის საქმეში გამოკვეთილია რამდენიმე ადამიანი, რომლებთან დაკავშირებითაც გამოძიებამ უნდა მოახდინოს გარკვეული მოქმედებები, რომ მათგან მიიღოს რაიმე ინფორმაცია. ეს პირები საქმეში შესაძლებელია იყვნენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და იყოს გასაღები მთლიანად საქმისთვის. თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ საბოლოო ჯამში ასე არ იყოს, მაგრამ გარემოებები ამაზე მიუთითებს. ისინი აუცილებლად უნდა დაიკითხონ.

"მთელი კვირა": უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, ვინ არიან ეს ადამიანები?

ზ.კ.: მესმის, რომ ყველას აინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები, სახელები, რას წარმოადგენენ. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი გარდა იმისა, რომ აქამდე ამ პიროვნებებით და მათი კავშირით ამ საქმესთან გამოძიება არ ყოფილა დაინტერესებული და არც დღის წესრიგში დამდგარა მათი დაკითხვა. რაც გამოძიებასთან თანამშრომლობის ფორმატში დავსახეთ ახალი ღონისძიებები, ამის მერე გამოიკვეთნენ ესენი.

"მ.კ.": ანუ, ეს ადამიანები აქამდე დაკითხული არ ყოფილან?

ზ.კ.: არა. ახლა უკვე დაიწყო ეს მოქმედებები და გარკვეული ეტაპიც არის განხორციელებული.

"მ.კ.": ამ ადამიანებამდე როგორ მივიდა გამოძიება?

ზ.კ.: აი, ეს უკვე ის ინფორმაციაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ მოგაწვდით.

"მ.კ.": თქვენ პირადად თუ იცნობთ ამ ადამიანებს?

ზ.კ.: მე პირადად ამ ადამიანებს არ ვიცნობ. იცნობდა თუ არა გარდაცვლილი - ამის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ. ჩემთვის, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ინფორმაცია მითხრას გამოძიების კუთხით, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"მ.კ.": ეს ადამიანები მხოლოდ საინტერესო ინფორმაციის მატარებლები არიან, თუ ეჭვმიტანილები? გადაეგზავნათ თუ არა მათ უკვე უწყება და მზად არიან თუ არა პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის?

ზ.კ.: ეს კითხვები უნდა დაუსვათ გამომძიებლებს და პროკურატურას. ეს ყველაფერი გამოჩნდება ამ პროცესში. მე პირადად რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე. დანარჩენი ახლა გამომძიებლების პრეროგატივაა, როგორ იმუშავებენ ამ ხალხთან, რომელიც საინტერესოა მათთვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროფესიონალი გამომძიებლების ხელში იქცევა სწორ კვალზე გასვლის წინაპირობად. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთი და იგივე, რაც ჩემთვის ოპტიმალური გარემოებაა ამ ეტაპისთვის. ეს ინფორმაცია და ადამიანების აღმოჩენა არის პოზიტივი, დანარჩენი გამოძიებაზეა დამოკიდებული.

"მ.კ.": თქვენ აცხადებდით, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება, შესაძლოაბ, "რუსთავი 2"-თან იყოს დაკავშირებული. ამ მხრივ გამყარდა თუ არა თქვენი ეჭვები, ან რაიმე ხომ არ შეიცვალა?

ზ.კ.: ყოველთვის ვამბობდი, რომ იმ გარემოებებში, რომელმაც განაპირობა მისი შეკვეთილი მკვლელობა (თუ ამ ვერსიას გავყვებით) შეიძლება იყოს ერთ-ერთი "რუსთავი 2"-ის საკითხი. თუმცა, შეიძლება იყოს სხვა საკითხებიც. ყოველ შემთხვევაში, ეს ლოგიკაში ჯდება. დანარჩენი ყველაფერი არის მოსაზრებები და საგამოძიებო მოქმედებები.

"მ.კ.": იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იქნა აღმოჩენილი, სისხლის ლაქები არ აღმოჩნდა. საქმეში სხვა იარაღიც ხომ არ ფიგურირებს, ან ექსპერტიზის სხვა პასუხი თუ არის ამასთან დაკავშირებით ცნობილი?

ზ.კ.: იარაღთან დაკავშირებით დიდი ხანია რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია. გვინდოდა დამატებით სხვადასხვა ღონისძიებები დაგვესახა - გაკეთებულიყო ექსპერიმენტი, რომელიც აჩვენებდა, შესაძლებელია თუ არა, ჩვეულებრივ პირობებში მომხდარიყო ისე, რომ იარაღზე სისხლი და თითის ანაბეჭდები არ აღმოჩენილიყო, მაგრამ ეს ექსპერიმენტი არ ჩატარდა. შესაბამისად, ამის თაობაზე მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. სხვა იარაღიც არ ფიგურირებს.

"მ.კ.": ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით ხელახალი ექსპერტიზა მოითხოვოთ?

ზ.კ.: ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ჯერ არა. ექსპერტიზები და რაღაც აბსტრაქტული მიმართულებები ცოტა ხანი გადადებული გვაქვს, იმიტომ, რომ აქ სხვა მიმართულებითაა საქმე გასაკეთებელი. თავის დროზე კი არ არის გამორიცხული.

ასევე შეიძლება ჩვენ ექსპერტების დაკითხვა მოვიხთოვოთ, რადგან ვნახეთ მათი პასუხები, რომელიც, ჩვენი მოსაზრებით, არ არის საკმარისი. არის კიდევ რაღაც კონკრეტული კითხვები, რომელიც გამოძიებას მივაწოდეთ ამ ექსპერტების მიმართ. ამასთან დაკავშირებითაც საქმეს შეუერთდა კიდევ გარკვეული ინფორმაცია. ჩემი აზრით, საინტერესოა და ყველაფერზე თავის დროზე ღიად და დეტალურად ვისაუბრებთ.

"მ.კ.": ამ ეტაპზე გამოძიება რა მიმართულებით მუშაობს, რომ ექსპერტიზამ მეორე ადგილზე გადაიწია?

ზ.კ.: არის გარემოებები, რომელიც ვნახეთ, რომ არ არის კარგად ბოლომდე გახსნილი. დავსახეთ ამოცანა, რომ გამოძიებასთან ერთად დავსხდეთ, შევაგროვოთ ყველა ინფორმაცია და ვნახოთ, რა შეესატყვისება ერთმანეთს და რამდენად გასაგებია, რასაც ჩვენ ვხედავთ. სამწუხაროდ, რებუსებით ვსაუბრობ, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

"მ.კ.": აქედან გამომდინარე, ელოდებით თუ არა საქმის გადაკვალიფიცირებას?

ზ.კ.: ველოდებით და ეს ჩემი შინაგანი სურვილია. რაც შეეხება ამ საქმის ობიექტურ შეფასებას, გამოძიება მუშაობს და არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. პროკურატურა მზად არის ყველაფრისთვის. თუ ჩვენ ვნახეთ დეტალები, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ცალსახად იკვეთება რაიმე კვალი დანაშაულის ჩადენის ან შეკვეთილი მკვლელობის და ა.შ. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას. ვფიქრობ, ჩვენი მოთხოვნაც არ იქნება საჭირო და მაშინვე მისცემს გადაკვალიფიცირებას. ან კიდევ შეიძლება ჩათვალოს, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.

"მ.კ." ამ საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალები როდის გახდება ცნობილი?

ზ.კ.: დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს გაკეთდეს სწრაფად და დაჩქარებულად, თუმცა ხარისხის გაფუჭების ხარჯზე, რა თქმა უნდა, არა. ამას კი სჭირდება ადამიანური რესურსი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ორგანოს, იქ არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ დამოკიდებული იმ გამომძიებლებზე, რომლებიც ამ საქმეს მიუჩინეს.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი "რეზონანსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ