მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონი ახლო მომავალში ამოქმედდება. თუკი აქამდე მოხმარებელს თავად უწევდა საკუთარი უფლებების დაცვა და ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ, ახალი კანონის შემთხვევაში სიტუაცია სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კანონპროექტი, რომლის ინიციატორი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტია, პირველი მოსმენისთვის უკვე მზად არის. bpn.ge-სთვის ცნობილი გახდა კანონპოექტში შესული რამდენიმე დეტალი. კერძოდ, ახალ კანონში გათვალისწინებული იქნება ინტერნეტ ვაჭრობა და ე.წ. ქუჩის ხელშეკრულებები.
შესაბამისად, კანონით დარეგულირდება გადამზიდი კომპანიების პასუხისმგებლობა და დარღვევების შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნება მომხმარებელს ზარალი აუნაზღაუროს. დღეს კი გადამზიდ კომპანიებს ეს ვალდებულება არ გააჩნიათ და მომხმარებელი მხოლოდ მათ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ე.წ. ქუჩის ხელშეკრულებებს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილისთვის გაუგებარია, როგორ დაარეგულირებს კანონი ქუჩაში დადებულ ხელშეკრულებებს.
"მე მქონდა შენიშვნები ქუჩაში დადებულ ხელშეკრულებებთან, თუმცა, არ გაიზიარეს. ძნელად წარმოსადგენია, როგორ მოხდება ამის კონტროლი. მომხმარებელმა ქუჩაში მდგომი გამყიდველისგან რაიმე ნივთის შეძენის შემთხვევაში ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს. ასევე, გამყიდველი ვალდებული იქნება შეძენილი საქონელი უკან დაიბრუნოს. მხოლოდ დეზერტირების ბაზრობაზე დგას უამრავი გარემოვაჭრე, როგორ უნდა დაარეგულიროს კანონმა მისი და მომხმარებლის ურთიერთობა? ამას შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს. ჩემი აზრით, ეს იქნება ბიუროკრატია. სწორედ კეთილი სურვილებით იქმნება ბიუროკრატიული ინსტიტუტები. საბჭოთა კავშირში ყველაფერი რეგულირდებოდა, მაგრამ რით იყო დაცული მომხმარებელთა უფლებები? რაც შეეხება ინტერნეტ ვაჭრობას, მომხმარებელი თაღლითობას თუ გადააწყდება, შეუძლია სასამართლოში იდავოს. კანონი ამის უფლებას მისცეს," - ამბობს დარჩიაშვილი.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე იმედოვნებს, რომ ახალი კანონი მალე ამოქმედდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალ კანონში გათვალისწინებული იქნება ინტერნეტ ვაჭრობა, რაც ძველ კანონში არ იყო.