თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ამჯერად თანამდებობა სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ რობერტ გრიგალაშვილმა დატოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, რობერტ გრიგალაშვილმა პოსტიდან წასვლის შესახებ პატაკი საკუთარი სურვილით დაწერა.
როგორც ცნობილია, დღესვე თანამდებობა დატოვა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ზუმბაძემ. მან აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია.
იმისთვის, რათა არ მოხდეს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯის შელახვა, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი რეპუტაცია და ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სიმართლე", - აცხადებს ზუმბაძე განცხადებაში.