"ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რა მოუვათ მახინჯ ტვინებში" - ნინო ქადაგიძე ჟვანიას საქმის "დელიკატური ნაწილის" შესახებ

"ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რა მოუვათ მახინჯ ტვინებში" - ნინო ქადაგიძე ჟვანიას საქმის "დელიკატური ნაწილის" შესახებ

საქართველოს ექს-პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შესახებ, მისი გარდაცვალების დღიდან არაერთი ჭორი თუ ოფიციალური ვერსია ვრცელდებოდა. პოლიტიკოსთა და მოქალაქეთა დიდი ნაწილი, ისევე, როგორც ზურაბ ჟვანიას ოჯახი, გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა, მათ საპასუხოდ კი, ქვეყნის წინა მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში ჯერ საერთოდ დუმდა, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ კი საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პიკანტური მოსაზრება გააჟღერეს.

მკითხველს უკვე მოეხსენება გუშინ გავრცელებული დოკუმენტის შესახებ[მეტი], რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა[მეტი], და ალბათ, არც გასული წლის მარტში, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არანაკლებ სკანდალური განცხადება დავიწყებია.

"როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს, ან სხვანაირად არის თუ... არა, არა მგონიაო, - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო... მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხა და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივიდოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს, ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანიას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება. ახლაც - ივანშვილმაც იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე რა თქმა უნდა, ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავდა, რომ იგი მართლა შეურაცხყოფილი იყო.

გუშინ გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ძმამ, გოგლა ჟვანიამ გააკეთა კომენტარი[მეტი], რომელშიც განაცხადა, რომ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს (ზურაბ ჟვანია, რაულ იუსუპოვი), არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ. ამ დრომდე არ გაუკეთებია გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძეს, თუმცა მან "საქმის დელიკატური" ნაწილის შესახებ გასულ წელს ისაუბრა, როდესაც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პასუხი გასცა ჟურნალისტების კითხვას,  ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირის განცხადებების შესახებ, თითქოს საქმის მასალების განსაჯაროება იმიტომ არ მოხერხდა, რომ ამ საქმეში დელიკატური მომენტებია. "ეს დელიკატური ნაწილი ის ნაწილია, რომლის გამოც სულ შანტაჟის ქვეშ ვართ და სულ ტრავმირებულები…", - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.

იმავე პრესკონფერენციაზე ნინო ქადაგიძემ სააკაშვილის ბრალდებასაც უპასუხა. გთავაზობთ ნინო ქადაგიძის განცხადებებს:

"ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟის ატეხვა ერთ მიზანს ემსახურება, რომ გამოძიების ნორმალური მსვლელობიდან და არსებითი საკითხებიდან ყურადღება გადატანილ იქნას სკანდალურ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუშლის გამოძიებას. ახდენენ ამ საქმის პოლიტიზაციას, რათა მერე გაიკეთონ ფარი, რომ ამ პოლიტიკური დევნის მიღმა დარჩეს სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც არსებობს. რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ყველა მათგანი იყო დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით გამოძიებაზე და მე შემიძლია შევაჯამო ეს სიტყვები მიშას სიტყვებით. მიშამ მითხრა: მთხოვე, რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე. ეს არის მისი სიტყვები.

რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თანხაზე მქონდა საუბარი, იყო იმ კონტექსტში, როდესაც ვცდილობდი, სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა. ჩემი ერთ-ერთი ვერსია იყო - რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ღამე გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ, აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც და მკვლელობა შესაძლოა იმის გამოც მოხდა, რომ ამ ადამიანმა იქიდან რაღაც მოიპარა. შეიძლებოდა, ეს თანხაც ყოფილიყო… მით უფრო, ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომლებიც სეიფებში ინახებოდა, დაკარგული იყო. სულ ეს იყო, რაც თანხაზე ვილაპარაკეთ. რაც შეეხება იმას, თითქოს ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა რაღაც, ეს თამარ დეკანოსიძის, გარდაცვლილი ადამიანის მოწმედ მოყვანას ჰგავს ძალიან", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ და დასძინა, რომ ის არ განეკუთვნება "იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თავისი ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ".

"ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რა მოუვათ ამათ მახინჯ ტვინებში. ვფიქრობ, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება მიმდინარეობს ნორმალურად და ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ გამოძიებას შეუშალოს ხელი. მე ამას არ მინდა ხელი შევუწყო და ერთადერთი, რასაც ვიტყვი, არის ის, რომ ჩვენ, ოჯახი, ხელს ვუწყობთ გამოძიებას და თანახმა ვართ ყველანაირ ექსპერტიზაზე. ტყუილები და ბრალდებები ამათი მოგონილია და მე ამაში ვერ შევეჯიბრები", - აცხადებდა ნინო ქადაგიძე.

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა