"მასობრივი გათავისუფლება ყოველთვის ბადებს ეჭვს, როგორც წესი, მასობრივად თავის ნებით დაწერილი განცხადებების მიღმა კონკრეტული მიზეზები იმალება", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ძალოვან სტრუქტურებში მიმდინარე საკადრო ცვლილებების შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით წმენდა ძალოვან სტრუქტურებში/"მართლა ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ უწყებაში ამ ადამიანების შემცვლელი ვერ მონახო".
"ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა დღეს, როდესაც თანამდებობა დატოვა ფოტოგრაფების ცნობილი საქმის პროკურორმა ვალერიან ზუმბაძემ, რომელიც ორიოდე დღის წინ დაწინაურდა და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ზუმბაძის გადაწყვეტილება ლოგიკური და გასაგები იყო. "ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ სახელმწიფო უწყებებში არ მუშაობდნენ და მაღალ თანამდებობას არ იკავებდნენ პირები, რომელთა მიმართაც გარკვეული ეჭვები არსებობს. თუმცა არც იმ ისტერიას უნდა ავყვეთ, რომ ყველა გამოცხადებულ სახელსა და გვარს გამოვეკიდოთ და მათი დევნა დავიწყოთ. შექმნილ ვითარებაში კარგი გამოსავალია და მივმართავ პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს, მაქსიმალურად დაჩქარდეს გამოძიების პროცესი და ყველა იმ ბრალებას, რაც არსებობს, პასუხი გაეცეს", - აცხადებს სესიაშვილი.
"როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, ძალოვანი სტრუქტურებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს. დაწყებული მათი არაპროფესიონალიზმიდან, დამთავრებული კონკრეტულ საქმეებში მათი ბრალეულობით. "მასობრივი გათავისუფლება ყოველთვის ბადებს ეჭვს, როგორც წესი, თავისი სურვილით მასობრივად სამსახურიდან წასული ადამიანების მიღმა კონკრეტული მიზეზები იმალება. როდესაც ეს ადამიანები არაერთ რეზონანსულ საქმეში მონაწილეობდნენ, სასურველია, საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად რა მიზეზით მოხდა მათი გათავისუფლება", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
"ფაქტია, რომ ხელისუფლება შეცდომებს უშვებს. ვიცი, როგორ ინიშნებიან თანამდებობებზე ძალოვან სტრუქტურებში. ამ დროს ხდება მათი შესწავლა და როდესაც იგებ, რომ ეს ადამიანი, ვალერიან ზუმბაძე ფოტოგრაფების და სხვა რამდენიმე რეზონანსული საქმის პროკურორი იყო, როგორ დავიჯერო, რომ მასზე პროფესიული კადრი სტრუქტურაში არ არსებობდა. მართლა ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ამ ადამიანების შემცვლელი ვერ მონახო", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
"ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ან ნეპოტიზმთან გვაქვს საქმე, ან იდევ ორი ფაქტორია. პირველი - შეიძლება ხელისუფლება ცდილობდა იმ ადამიანთა გამოყენებას. მათ წინააღმდეგ კომპრომატები ჰქონდათ, ასეთი ადამიანების მართვა კი უფრო მარტივია, და მეორე - ხელისუფლებამ იფიქრა, რომ შეილება მეც დამჭირდეს ყველაფრის მკადრებელი ადამიანი და რაღა სხვა აღვზარდო. ყველა დროში ყოველ ხელისუფლებას სჭირდება ყველაფრის მკადრებელი ადამიანები", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.