მსახიობ თაკო აბაშიძე ფლორისა და ფაუნის დიდი მოყვარულია, ეს ყველაფერი კი დედისგან მოჰყვება. რაზეც ჩვენთან ასე საუბრობს: "დედა ფლორისა და ფაუნის დიდი თაყვანისმცემელია, ამიტომ მისი წყალობით, ბავშვობიდან ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც ოთხფეხა აუცილებლად დადიოდა, ჩიტი ყოველთვის გალობდა და მცენარე ქოთნებში აუცილებლად იზრდებოდა. ამ ყველაფერს ჩვენთან ყოველთვის ღირსეული ადგილი ჰქონდა მიჩენილი".
მოკლედ, გარემო ბავშვობიდან შეუყვარდა. როგორც ამბობს, ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ ესთეტიკაა, ამასთან, სულის თერაპიაცაა... ადამიანს, რომელიც უვლის მცენარეებს, ეს საქმიანობა პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს. ამიტომ, მცენარეების მოშენებასა და გამრავლებას ყველას ურჩევს. ასევე ურჩევს მოუარონ ცხოველებსაც, რათა შეეჩვიონ იმას, რომ ოჯახის წევრის გარდა არსებობს რაღაც, რაზეც ადამიანი პასუხისმგებელია და მასზე ზრუნავს.- მცენარეები სულიერი არსებები არიან და ამასთან, ჩვენზე დამოკიდებულებიც... ამ სამყაროში ყველაფერი მნიშვნელოვანია, მათ შორის მცენარეებიც და ისინი სწორედ ამიტომ არსებობენ.
ჩემს ყვავილებს რომ ველაპარაკები, ისე არ გამიგოთ, რომ მათ ოჯახურ საიდუმლოებებს ვუმხელ. არა, ვაქებ, სტიმულს ვაძლევ, რომ უკეთ გაიხარონ. ყვავილი არ იზრდება იქ, სადაც ის არ უყვართ და მისი მოვლა ეზარებათ. აი, ეს კალა დედამ მაჩუქა, ძალიან მიყვარს... სხვათა შორის, გორის თეატრში რომ ვმუშაობდი და იმ ქალაქში ვცხოვრობდი, ყვავილები ქოთნებით თან წავიღე. აბა, ერთი წელი იქ ვიყავი და ჩემ გარეშე ესენი მოიწყენდნენ? გადასარევი ქალაქია და იქაურობას მეც მშვენივრად შევეგუე და ჩემი ყვავილებიც. დღემდე არაჩვეულებრივი მოგონებები მაქვს... მერე იქ ქუჩებში უპატრონოდ მიგდებულ ლეკვებს ვუვლიდი, ვასულიერებდი. ე.წ. უპატრონო ძაღლები თეატრში მიმაცილებდნენ, იქ მელოდებოდნენ და უკან მომყვებოდნენ.
ერთი კურიოზიც გადამხდა: სადარბაზოში გასაცოდავებული პატარა ლეკვი ვნახე. სახლში შევიყვანე, ვაბანავე, თბილად შევახვიე. მერე რაღაც გადაღებაზე მივდიოდი, ტაქსი გამოვიძახე, ორი ჩემოდანი საჭირო ტანსაცმლით გავავსე და ტაქსის საბარგულში ჩავდე. ხელში კი პლედში გახვეული ლეკვი მეჭირა. მანქანიდან რომ გადმოვედი, ძაღლი კი გადმოვიყვანე, მაგრამ საბარგულიდან ჩემოდნები არ ამომიღია. ტაქსი წავიდა და ასე დავკარგე სამოსი, თუკი რამ მქონდა, სამაგიეროდ, ლეკვი გადავარჩინე. ლეკვის გადარჩენის შემთხვევა ხშირად მქონია...ისევ მცენარეებს რომ დავუბრუნდე, იასამანიც მიყვარს და არ ვიცოდი, რომ სახლში მისი შემოტანა არ შეიძლებოდა, რადგანაც არის ხე და გარეთ უნდა იყოს. რამდენჯერმე გავაფუჭე. ახლა ის დედაჩემთან, ეზოშია, გარეთ და ველოდები გაზაფხულს...
ჩემი გამოცდილებიდან ადამიანებს პატარა რჩევაც მინდა, მივცე: ნუ უსმენთ მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რჩევა ჰკითხეთ მეყვავილეებს სპეციალურ მაღაზიებში. იქ არსებობს წიგნები, რომლითაც გამოწერილი აქვთ მცენარეები, იქვე აქვთ მოვლის საშუალებები და დაგაკვალიანებენ...
ლალი ფაცია
AMBEBI.GE