28 წლის ლიას ჰგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა და ბედნიერი არასოდეს იქნება. არადა, სამი წლის წინ, როდესაც საყვარელ მამაკაცზე გათხოვდა, ეგონა, რომ ბედნიერება მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა.
ლია:
- ძალიან ლამაზი ვიყავი და ეს სილამაზე ბედისწერად მექცა. სამჯერ სხვადასხვა ბიჭმა მომიტაცა და ყველა ჯერზე სახლში დავბრუნდი. ამაში მშობლებიც მიწყობდნენ ხელს. ჩემი გათხოვება არ უნდოდათ, ოღონდ მესწავლა და უნივერსიტეტი დამემთავრებინა. 23 წლის ვიყავი, როცა მამაჩემის მეგობრის შვილი მომეწონა. დათო ბოლო ათი წელი გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოში დასაოჯახებლად დაბრუნდა. გულგრილი არც ის დარჩენილა. ახლა ვხვდები, რომ ჩვენი შეხვედრაც მშობლების მოწყობილი იყო და ყველაფერი წინასწარ გათვალეს. სამ თვეში ცოლად გავყევი. ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ცალკე გადავედით საცხოვრებლად. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ყველას შურდა.
- ქმარი გიყვარდა?
- ალბათ, მიყვარდა, მანამდე არც არავინ მყვარებია. პატარა ბავშვივით ვიყავი, სულ ვეფერებოდი. ამის გამო რამდენიმეჯერ შენიშვნა მომცა, მითხრა, რომ ჩემს ასაკში არ მიხდებოდა ასე ცანცარი. დედამთილ-მამამთილი ჩემზე გიჟდებოდნენ. ბავშვობიდან მიცნობდნენ და ჩემი წარსული კარგად იცოდნენ. ერთი წლის შემდეგ დედამთილმა მკითხა, ფეხმძიმედ რატომ არ ვრჩებოდი, რამე პრობლემა თუ მქონდა, ექიმთან წამიყვანდა. ამ თემაზე მეც ვნერვიულობდი, თან დათომ ბევრჯერ მითხრა, რომ შვილი ძალიან უნდოდა, მაგრამ ფეხმძიმედ არ ვყოფილვარ. არადა, პრობლემებიც არ მქონდა. დედამთილს დავთანხმდი და ექიმთან გავყევი. გინეკოლოგმა რომ გაიგო, ერთი წლის გათხოვილი ვიყავი, ორივე გამოგვლანძღა, განსაკუთრებულად დედამთილს ეჩხუბა, რას გაგიჟებულხართ, რა გაჩქარებთო, მაგრამ ანალიზები მაინც გამიკეთეს. პრობლემა არაფერი მქონია და ანალიზებზე ახლა დათო დაიბარეს. არც ვიცი, წავიდა თუ არა, მე მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.