აკონტროლებს თუ არა ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კლანი წყლის ინდუსტრიას და ვინ დააკავეს 2 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით

აკონტროლებს თუ არა ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კლანი წყლის ინდუსტრიას და ვინ დააკავეს 2 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით

სახელმწიფო სახსრების ორ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგის ბრალდებით, შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ამჟამად სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ფხოველიშვილი დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს.

მათი განცხადებით, მთავრობა ამ შემთხვევას გარკვეული მოსაზრებებით არ ახმოვანებს.

"ორი წლის განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას აცნობდა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ/კორუფციული მმართველობის კონკრეტულ სქემებს. ამ სქემების მეშვეობით ხდებოდა და ხდება "ქართული ოცნების" ლიდერების ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და კორუფციული გარიგებების დადება. ამ განცხადებებს მთავრობის მხრიდან არც ერთხელ არავითარი რეაქცია არ მოყოლია. ბოლოდროინდელმა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ღარიბაშვილი-თამაზაშვილის კლანის მიმართ განხიბლამ აიძულა მთავრობა გადაედგა გარკვეული ნაბიჯები. ორი დღის წინ განსაკუთრებული დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის დააკავეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია, ახლა კი თამარ ფხოველიშვილი", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

მათივე ცნობით, მთავრობის მხრიდან ხდება ამ ფაქტების, როგორც ერთეული იზოლირებული შემთხვევების წარმოჩენა და ცალკეული პიროვნებებზე გადაბრალება.

"რეალობა სულ სხვაა. საქმე გვაქვს კარგად გააზრებულ სისტემასთან და სქემასთან. წყლის ინდუსტრიის შემთხვევაში მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:

2014 წლის 13 თებერვლის მთავრობის სხდომაზე სამთავრობო გადაწყვეტილებით ნომერი 178 შეიქმნა სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭო. საბჭო საქართველოში ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა და მისი თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, მოადგილე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (ჯერ დავით ნარმანია და შემდგომ დავით შავლიაშვილი), ხოლო შემადგენლობაში სხვადადსხვა სამინისტროების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან ერთად შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" (სგწკ) დირექტორი - ჯერ არჩილ ცაბუტაშვილი, ამჟამად გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და შემდეგ ვლადიმერ ლაზარიშვილი, 2012-14 წლებში შსს საპატრულო დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე შედიან", - აცხადებენ პარტიაში.

მათივე ინფორმაციით, ცნობილია, რომ წყლის ინდუსტრია ღარიბაშვილ-თამაზაშვილის ინტერესთა სფეროში შედიოდა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კი "ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილი უახლოესი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორია, ისევე როგორც არჩილ ცაბუტაშვილი.

"ამავე კლანის გავლენის სფეროში შედიოდა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია". "ქართული ოცნების" მმართველობის პირველი წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია მხოლოდ ნაცნობ-მეგობრების დასასაქმებლად იყო გამოყენებული. 2012 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებამდე კომპანიის შტატი 150 ერთეულს შეადგენდა, ხოლო ამჟამად კი 320 ერთეულია. მასში დასასაქმებლად გამოცდილება, უნარი და პროფესიონალიზმი არ არის საჭირო, ამისათვის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მეუღლის ნუნუ თამაზაშვილის ახლობლობაა სრულიად საკმარისი. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის შესყიდვების სამსახურის უფროსი ღარიბაშვილის ნათელ-მირონი ჯაბა შაგულაშვილია.

2014 წელს "გაერთიანებულ წყალმომარაგების" ფუნქციის გაფართოების გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საკოორდინაციო საბჭოს შექმნა პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. ფაქტობრივად საბჭოს დახმარებით "გაერთიანებულ წყალმომარაგება" ახდენს სფეროსა და ამ სფეროსთვის გამოყოფილი თანხების მონოპოლიზაციას", - აცხადებენ "ნაციონალები".

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2013-2014 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ტენდერები, რომლებიც სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

"შეიძლება ითქვას, რომ სურათი დაახლოებით ერთი და იგივეა -დახარჯულია მილიონები, თუმცა რეალურად სასმელი წყლის პრობლემა ისევ პრობლემად რჩება", - აღნიშნულია პარტიის გაბნცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერში გამოცხადდა ტენდერი (SPA140026017), რომელიც ითვალისწინებდა სოფელ მარტყოფში, სოფელ ნორიოში, სოფელ ახალსოფელში, სოფელ ვაზიანში და სოფელ ახალსამგორში წყალმომარაგების სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გაიმარჯვა ი.მ. გივი გაგნიძემ , თუმცა კომისიამ მოახდინა მისი დისკვალიფიკაცია, ხოლო გამარჯვება კი გადასცა შპს სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს "ეკოტექნოლოგიას".

"სახელმწიფომ იზარალა გარკვეული თანხით, ხოლო პროექტის განხორციელება კი დაიწყო კომპანიამ, რომელსაც აქამდე არც ერთ სახელმწიფო ტენდერში არა თუ არ გაუმარჯვია, არამედ საერთოდ მონაწილეობა არ მიუღია. შედარებისთვის ვიტყვით, რომ გივი გაგნიძემ 2013-14 წლებში მონაწილეობა მიიღო 13 ანალოგიურ ტენდერში და 2013 წლის პირველ ნახევარში ანუ სანამ შეიქმნებოდა ზემოაღნიშნული კომისია, გაიმარჯვა 3-ში (გორის, ახმეტის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები). შედეგად მივიღეთ პროექტი, რომელის განხორციელებაც ექსპერტთა შეფასებით ტექნიკური და ეკოლოგიური მიზებით შეუძლებელია. ეს არ არის ცალკეული შემთხვევა ზუსტად იგივე მდგომარეობაა საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში და სხვა დასახლებებში. სავარაუდოდ, სასმელი წყლის შემდეგ წყლის ინდუსტრიის სხვა შემადგენელ ნაწილებსაც იგივე ბედი ეწევა. 2014 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 108 860 000 ლარი, საიდანაც 101 460 000 ლარს წარმოადგენს კრედიტი შემდეგი ორგანიზაციებიდან: აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების საექსპერტო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. სწორედ ამ თანხის, მათ შორის შემდგომი თაობების გადასახდელი კრედიტის, ათვისებისთვის არის მომზადებული ეს სქემა", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

მათივე განცხადებით, შესაბამისად, მთავრობის მცდელობა თამარ ფხოველიშვილს გადააბრალოს ორ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა არ შეესაბამება სინამდვილეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ამ საქმის ისევე, როგორც ჯოკია ბოდოკიას შემთხვევის ბოლომდე გამოძიებას და ყველა შესაძლო დამნაშავის, მათ შორის "ქართული ოცნების" მთავრობისა და პარტიულ ახლანდელ და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოვლენას და დასჯას.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფავორიტების ერთი ჯგუფის კორუფციული სქემის მეორე ჯგუფით ჩანაცვლებას, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის არაფერს არ შეცვლის", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა