ბიზნესმენი - პირი, რომელმაც ქონება წამართვა, სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობს

ბიზნესმენი - პირი, რომელმაც ქონება წამართვა, სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობს

"წინანდლის ძველი მარნის" დირექტორი ალექსანდრე მეგუთნიშვილი შსს კუდ-ის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელების მიერ მისი დაპატიმრების და ქონების წართმევის დეტალებს იხსენებს. ბიზნესმენის განცხადებით, კუდ-ის თანამშრომელი ზაზა უზუნაშვილი, რომელიც მის უკანონო დაკავებასა და ქონების წართმევაში მონაწილეობდა, დღეს შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, ალექსანდრე საჩიშვილი კი, რომელიც მას დაკავების შემდეგ წყლით სავსე ბოთლებით ცემდა და აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდა, ქალაქ თელავის მერის მოადგილეა.

"2010 წლის აგვისტოში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ახმეტა-თელავის განყოფილების უფროსმა ზაზა უზუნაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი კუდ-ის შენობაში. 12 საათზე მივედი მასთან. შეგვიყვანეს დავით ლორთქიფანიძის კაბინეტში. მაშინ ლორთქიფანიძე კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მისი ძმა გია ლორთქიფანიძე კი შს მინისტრის პირველი მოადგილე. სხვადასხვა საწარმოებიდან ვიყავით, იქ იყვნენ როგორც ღვინის საწარმოების, ისე ბენზინგასამართი სადგურების ხელმძღვანელები, ჯართის მიმღები პუნქტების მფლობელებიც", - იხსენებს მეგუთნიშვილი.

-რატომ დაგიბარეს, რა მოგთხოვეს?

- თითოეულს მოგვთხოვეს 10 ათასი დოლარის მიტანა იმავე დღეს ვითომ "აფხაზეთის რადიოსთვის". მე იქვე ვუთხარი, რომ ფინანსურ საკითხებს მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე ვერ ვწყვეტდი და ამიტომ, ვიდრე მფლობელი საქართველოში დაბრუნდებოდა, თანხის გარკვეულ ნაწილს მივიტანდი. ასე დავტოვე კუდ-ის შენობა. დაახლოებით 2 საათში დამირეკა ზაზა უზუნაშვილმა და მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი და მიმეტანა დასახელებული თანხა. მე ისევ ვუთხარი, რომ ამდენის გადახდის საშუალება არ მქონდა. მითხრა, თუ არ მივიტანდი, საქმე ცუდად მექნებოდა. 2000 ლარი იმავე დღეს მივუტანე ზაზა უზუნაშვილს, თავის კაბინეტში. მან პროტესტი გამოთქვა, რადგან ეს თანხის მცირე ნაწილი იყო და დამემუქრა, ნახავ რასაც გიზამთ, თუ თანხას სრულად არ გადაიხდიო.

ზუსტად 2 კვირაში მომიგზავნეს თავისი თანამშრომელი, ზურაბ გრძელიშვილი (იმ პერიოდში არ ვიცოდი ვინ იყო) რომელსაც თითქოს აინტერესებდა ჩვენი ღვინის ქარხანა რა რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებდა. შემოვიდა ღვინის ქარხანაში და დადგეს სცენა, რომ თითქოს ჩვენ ის ვცემეთ და მანქანა დავუმტვრიეთ. ეს მოხდა დილით. იმავე დღეს მივედი გუბერნატორის მოადგილეებთან, ალეკო კახიძესთან და პეტრე კიკნაძესთან. მე მათ ვუთხარი, რომ 2 კვირის წინ კუდ-მა 10 000 დოლარის მიტანა მოითხოვა, არ გადავიხადე და ასე მოხდა მეთქი. დამპირდნენ, რომ პრობლემა არ იქნებოდა. საღამოს ისევ დამირეკა ზაზა უზუნაშვილმა. მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა და ქარხნის კარი გამეხსნა. როდესაც კარები გაიღო, შემოვიდნენ 8 მანქანით, კუდ-ის და პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე იყვნენ დავით ლორთქიფანიძეც და ზაზა უზუნაშვილიც. იქ იყვნენ თელავის პოლიციის მაშინდელი უფროსი შოთა ბეჟანიშვილი, ასევე მისი მოადგილე ალექსანდრე (აკა) საჩიშვილი და მათი თანამშრომლები. დამაკავეს მე და ჩემთან ერთად კიდევ საწარმოს სამი თანამშრომელი. გადაგვიყვანეს პოლიციის შენობაში, სადაც ბეჟანიშვილი და საჩიშვილი წყლით სავსე ბოთლებით გვცემდნენ და გვაიძულებდნენ გვეთქვა, რომ მანქანა ქარხანაში დაიმტვრა. დაკითხვის დროს ოთახში შემოიჭრნენ კუდ-ის სამმართველოს უფროსი ზურაბ ლალიაშვილი, ასევე კახეთის პოლიციის უფროსი დავით ქოქიაშვილი. ლალიაშვილს იარაღი ეჭირა და იმით მცემდა, ორივენი მირტყამდნენ. მერე გადამიყვანეს გლდანის ციხეში, სადაც 4 თვე ვიყავი პატიმრობაში.

იმ პერიოდში ჩემი ძმა არჩილ მეგუთნიშვილი იყო სოფელ წინანდლის რწმუნებული. დაიბარეს კუდ-ში და მოსთხოვეს, რომ ჩვენ მათთვის უნდა გვეყიდა 8 პრადო. თუ გინდა შენი ძმა ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს, აქ 8 პრადოს გააჩერებთ, თუ არა ის იქიდან თავს ვერ დააღწევსო.

ამის შემდეგ დაიწყეს ჩემთან ციხეში სიარული. დავით ლორთქიფანიძე შემოდიოდა ღამის 11 საათზე. პირველად როცა შემოვიდა, ამიყვანეს ციხის დირექტორის, ვინმე "ქილერას" კაბინეტში. ლორთქიფანიძემ გამომიცხადა, თუ გინდა აქედან ცოცხალი გახვიდე, ჩვენი შემოთავაზება არის ასეთი - 8 პრადო უნდა იყიდო და გადმოგვცე, რის შემდეგაც აქედან მეორე დღესვე გაგიყვანთო.

-რა უთხარით?

- ვუთხარი, რომ ფიზიკურად ვერ შევძლებდი. ხომ შეისწავლეთ ჩემი ცხოვრება, ამდენი ქონება არ მაქვს მეთქი, რაზედაც მისი პასუხი იყო, რომ ციხეში ჩავლპებოდი. ამის შემდეგ სადღაც 15-20 წუთში შემოვიდნენ ციხის თანამშრომლები და გააგრძელეს ჩემი გინება და ცემა.

-კუდ-ის დავალებით რომ თქვენი დაყოლიება მომხდარიყო?

- ჩემზე გამორჩეულად ხდებოდა ზეწოლა იმის გამო, რომ რამენაირად დავთანხმებოდი მათ წინადადებას. ვფიქრობდი, რა შეიძლება გამეყიდა, სად მესესხა, ვინ მასესხებდა ამდენ თანხას, რომ როგორმე ციხიდან თავი დამეღწია. ისე მცემდნენ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა.

ბოლოს, 2010 წლის 2 დეკემბერს შემოვიდა და მითხრა, ხვალ გაგიყვანთ და ვინმემ რომ ტვინი გადაგიბრუნოს, იმასაც გვერდზე მოგისვამთო. რომ გავქცეულიყავი, ჩემს ძმას დაიჭერდნენ, ჩემს რძალს დაიჭერდნენ, ამით მემუქრებოდნენ. არაფერი არ მითქვამს. 3 დეკემბერს გამომიყვანეს. თელავში საპროცესო გამიფორმეს, 30 000 ლარი გადავიხადე ჩემი და ბიძაშვილის საქმეზე, რომელიც ჩემთან ერთად იყო დაკავებული ვითომ ჯგუფური ხულიგნობს გამო.

ორშაბათს, დათო ლორთქიფანიძემ დამირეკა. ისევ კუდ-ში მიმიყვანეს, ზურაბ ლალიაშვილის კაბინეტში. ლალიაშვილი, უზუნაშვილი და ლორთქიფანიძე მოითხოვდნენ, მიმეტანა 80 000 დოლარი. თუ ამ ფულს ვერ მივიტანდი, ისევ ციხეში დამაბრუნებდნენ.

-ზაზა უზუნაშვილს რაც შეეხება, მას ბრალიც არ აქვს წაყენებული, არადა სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, თქვენც ამხელთ მუქარასა და გამოძალვაში...

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობს და მოწმეებზეც ზეწოლას ახდენს. აკა საჩიშვილიც თანამდებობაზეა. ის ქალაქ თელავის მერის მოადგილეა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ