"სუხიშვილებმა", რომლებიც უკრაინაში, ბელორუსში, პოლონეთსა და მოლდოვაში გასტროლებით იმყოფებიან, უკრაინაში რამდენიმე კონცერტი უკვე ჩაატარეს. თებერვლის თვეში ქართულ ნაციონალურ ბალეტს უკრაინის ათამდე ქალაქში ექნება ტურნე, მათ შორის: როვნოში, ლვოვში, ხმელნიცკში, ოდესაში, ზაპოროჟიეში, ხარკოვში. მარტის დასაწყისში კი ქართველი მოცეკვავეები სამ კონცერტს გამართავენ კიევში.
როგორც ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა წერს, ქართველები იმ მცირეოდენ უცხოელ სტუმრებს შორის ამოჩნდნენ, რომლებმაც გასტროლები არ გააუქმეს და უკრაინელების მხარდასაჭერად კონცერტები გამართეს. ნიკოლაევსკში გამართული კონცერტის დროს, "სუხიშვილების" მოცეკვავეები ხორუმის შესრულებისას სცენაზე უკრაინის დროშით გამოვიდნენ და დარბაზისგან მხურვალე ოვაციები დაიმსახურეს.