გიორგი ზერეკიძე მამის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე ალაპარაკდა

გიორგი ზერეკიძე მამის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე ალაპარაკდა

14 წლის გიორგი ზერეკიძე სამართალდამცველებმა 2006 წლის 8 იანვარს დააკავეს. მას ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდეს ბრალად. გიორგი პოლიციაში მამამ მიიყვანა. მამუკა ზერეკიძე ფიქრობდა, რომ ბავშვს გაფრთხილებას მისცემდნენ და სიტყვიერად დასჯიდნენ, თუმცა, შეცდა. გიორგი ზერეკიძე პოლიციიდან აღარ გამოუშვეს. 2006 წლის 30 ივნისს კი გიორგი ზერეკიძეს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ეს განაჩენი ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, როგორც გაირკვა, მათ გიორგის ვადაზე ადრე გათავისუფლების სანაცვლოდ სარჩელის გამოტანა მოსთხოვეს. ზერეკიძეებმა საქმის გამოთხოვაზე განაცხადი დაწერეს და საბუთების გამოსატანად სტრასბურგში ჩაფრინდნენ. სამშობლოში დაბრუნებული მამუკა ზერეკიძე კი სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2010 წლის 24 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მას ბარგში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 230 აბი სუბოტექსი აღმოუჩინეს. ზერეკიძემ დანაშაული აღიარა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობის მისჯიდან ერთი წლის შემდეგ მამუკა ზერეკიძე რუსთავის #6 დაწესებულებაში გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად დენის დარტყმა დაასახელეს.

ოჯახმა ეს ვერსია არ დაიჯერა. მამუკა ზერეკიძის მეუღლის, ლიკას მოთხოვნით, ცხედარს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლითაც გაირკვა, რომ ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. საქმე ამის იქით არ წასულა.

2010 წლის დეკემბერში გიორგი ზერეკიძე გაათავისუფლეს. თუმცა, ორ თვეში ისევ დააკავეს, ამჯერად ხულიგნობის ბრალდებით. გიორგიმ ციხე 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. ის ეჭვობს, რომ მამამისი მის საქმეს შეეწირა და სიმართლის დადგენის იმედი აქვს. ზერეკიძე მამის გარდაცვალების საეჭვო დეტალებზე "გურია ნიუსთან" საუბრობს.

-გიორგი, როგორ ფიქრობ, ვის ინტერესში იყო მამაშენის სიკვდილი?

- მამაჩემის სიკვდილი მაშინდელი დანაშაულებრივი სისტემის ინტერესში შედიოდა. კონკრეტულ ადამიანებზე მიდის მუშაობა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ.

-ფიქრობ, რომ მამათქვენის გარდაცვალება თქვენს საქმეს უკავშირდება?

- კი, ვფიქრობ, რომ ჩემს საქმესთან პირდაპირ კავშირშია, როგორც დაკავების, ასევე გარდაცვალების ფაქტი, ამაზე სხვა ფორმატში ვისაუბრებ, უფრო ვრცლად.

-რაში სჭირდებოდათ მამათქვენის მოკვლა? როგორ ფიქრობთ, ეს რატომ უნდა გაეკეთებინათ?

- ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის, რომ ვიღაცას შეიძლება ვიღაცის მოკვლა "აწყობდეს", მაგრამ დღეს ნათელია, რომ ციხე იყო სიკვდილის ექსპორტი და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ადამიანების სიცოცხლეს. მით უმეტეს, მე ვსაუბრობ მამაჩემზე, რომელიც მანამდე წარმოადგენდა მაშინდელ ოპოზიციას და ხმას იმაღლებდა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე.

-თქვენი აზრით, ეს საზოგადოების დაშინებისთვის გააკეთეს?

- დაშინებისთვის ვერ ვიტყვი, რადგან მარტო ჩვენ კი არა, მთელი საქართველო იყო მაშინ დაშინებული - 2011 წელს მოხდა ეს ფაქტი. გეტყვით კონკრეტულს - სახელმწიფო ექსპერტის დასკვნაში წერია, რომ დენმა დაარტყა საპირფარეშოში, თუმცა, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალით ეს არ დასტურდება. ასევე საპირფარეშოში არის მხოლოდ ერთი ჩუსტი, რაც არალოგიკურია. ფაქტები მიანიშნებს, რომ მამაჩემი გარდაცვალების დროს იქ არ ყოფილა. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მამაჩემი ძირს წევს და ხელები უკან აქვს. ეს ასე არ ხდება. ამის გარდა, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ