ბიძინა ივანიშვილი: გავბედე და კიდევ გავბედავ!

 ბიძინა ივანიშვილი: გავბედე და კიდევ გავბედავ!

ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებასა თუ პოლიტელიტაში დიდი გამოხმაურება აქვს. ბოლო დროს დაგროვილ აქტუალურ საკითხებზე ყოფილი პრემიერის მოსაზრებები საინტერესოა. ბიძინა ივანიშვილთან გაზეთ "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინტერვიუ ვაზაგაშვილების თემით დაიწყო:

- იური ვაზაგაშვილი თქვენთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში შვილის საფლავზე ააფეთქეს. გავრცელდა ვერსია, რომ სწორედ ამან შეაშინა ხალხი, რომელიც მისი შვილის მკვლელობაში იყო გარეული. ასევე, ითქვა, რომ ვაზაგაშვილთან შეხვედრისას თქვენსა და შსს-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შორის მძიმე საუბარი შედგა - თქვენ კატეგორიულად მოითხოვეთ იმ ხალხის სამსახურიდან გაშვება, რომლებიც, სავარაუდოდ, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილეობდნენ.

- ეს მართლაც შემზარავი ტრაგედია იყო. ასევე, ეს იყო გამოწვევა როგორც პროკურატურის, ისე მთავრობისთვის. კარგია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნა და დააკავეს სავარაუდო შემსრულებელი. რაც შეეხება დამკვეთს, დაველოდოთ გამოძიებას. იური ვაზაგაშვილთან შეხვედრა ნამდვილად მქონდა და მომდევნო დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას ვგეგმავდით. ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. იური ვაზაგაშვილი მებრძოლი კაცი და მამა იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ ცვლილებებში, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს. აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას. ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს.

ვაზაგაშვილმა იცოდა, რა ხდებოდა პროკურატურაში, კმაყოფილი იყო ამ უწყების მუშაობით, ენდობოდა მას, გახარებული იყო, რომ მისი შვილის საქმე, ფაქტობრივად, დასრულდა და ახალი მოწმეები გაჩნდნენ უკრაინიდან.

- საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს მოქმედი პოლიციელი სოსანაშვილი. ჩნდება კითხვა: კიდევ რამდენი "სოსანაშვილი" შეიძლება იყოს სამართალდამცავ უწყებებში? თქვენ ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ?

- როგორც საზოგადოება, ისე მეც განვიცდი ამას. ამ საკითხს პროკურატურა და შსს-ც აცნობიერებენ და ყველაფერს აკეთებენ. ის, რაც გაკეთდა ბოლო ორ წელიწადში, პოზიტიურად მიმაჩნია. იყო შეცდომები და ეს მომავალშიც იქნება - შეცდომების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შემაშფოთებელია, რომ დააკავეს მოქმედი პოლიციელი და არის იმის ალბათობა, კიდევ იყვნენ დარჩენილი "ძველებურად აღზრდილი" პოლიციელები. ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას, რომელმაც პოლიცია დამსჯელ რაზმებად გადააქცია და თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა. ერთი რამეცაა - არ შეიძლება, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიციაში მუშაობდა, ყველაზე უარი ვთქვათ. მათ შორის ბევრი პატიოსანი ადამიანია. თუმცა, ხელისუფლებამ მაქსიმალური ალღო უნდა გამოავლინოს, გამოამჟღავნოს და დაითხოვოს პოლიციიდან ის პირები, ვინც იქ არ უნდა მუშაობდნენ.

- ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასთან პრეტენზიები აქვს საზოგადოების ერთ ნაწილს. კერძოდ, მათი თქმით, ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისას იყო ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნისთვის საჭირო ყველა სამხილი, მაგრამ საქმე გაჭიანურდა. ისინი სვამენ კითხვას - მაინცდამაინც მამა უნდა მოეკლათ შვილის საფლავზე, საქმე რომ გახსნილიყოო?

- საუბედუროდ, მამის მკვლელობა დაემთხვა პროკურატურის წარმატებულ მუშაობას. როგორც ვთქვი, იური ვაზაგაშვილი კმაყოფილი იყო პროკურატურის მუშაობით და ელოდა საქმის გახსნას. ჩემთვის წარმოუდგენელია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთის მიზნის არსი. რისი მიღწევა სურდა? ამას მხოლოდ იმით ვხსნი, რომ დამკვეთს დაავადებული ფსიქიკა აქვს.

- შურისძიება?

- მამას შვილი მოუკლეს და კიდევ მასზე იძიეს შური? ასეთი რამ თავში მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულს მოუვა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება კბილაშვილის დროს დაიწყო და მას ხანგრძლივი დრო დასჭირდა, ამას ჰქონდა როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. თქვენ გახსოვთ, როგორი პროკურატურა ჩაიბარა კბილაშვილმა და მან ბევრიც გააკეთა, მას შემდეგ ორი მთავარი პროკურორი გამოიცვალა და, ჩემი აზრით, დღეს პროკურატურა კვალიფიკაციითა და ხარისხით სრულიად განსხვავდება წინა პერიოდისგან და ისწრაფვის სრულყოფისკენ. ის, რომ პროკურატურას აკრიტიკებენ, ამას კარგი ანალიზი სჭირდება. ადრე პროკურატურა იმ დასკვნას წერდა, რასაც სააკაშვილი ან ადეიშვილი დაუკვეთდნენ, სასამართლო კი ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა. ასეთ მუშაობას მაღალი კვალიფიკაცია არ სჭირდება. დღეს პრინციპულად სხვა ვითარებაა, მთავრობა აღარ ძალადობს სასამართლოზე, სასამართლომაც თამასა მაღლა ასწია და პროკურატურის თანამშრომლებს მუშაობის პროცესშივე მოუწიათ კვალიფიკაციის ამაღლებამ. დღეს მთავარი ის არის, რომ მიდგომა შეიცვალა - არც ერთი საქმის თაროზე შემოდება და მიფუჩეჩება არ ხდება. მტკიცებულებების მოპოვება კი მარტივი არ არის. Pპროკურატურა სწორ გზაზეა და ამას უნდა მიაქციოს საზოგადოებამ ყურადღება და ტრაგიკული სურათების დახატვა საჭირო არ არის.

- მინდა გკითხოთ ჟვანიას საქმეზეც. ბოლო პერიოდში ყოფილმა მაღალჩინოსნებმა წინა პლანზე წამოსწიეს ე.წ. დელიკატური თემების საკითხი, რომელთა გასაჯაროებით, მათი თქმით, ჟვანიას ხსოვნას ჩრდილი მიადგებოდა და ამით ხსნიდნენ ეფ-ბი-აის დასკვნის გაუსაჯაროებლობას. თუმცა, ოჯახი ამას სიბინძურესა და პროვოკაციას უწოდებს. ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიება თქვენი პრემიერობის დროს დაიწყო. მაშინ გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ ეს საქმე მალე გაიხსნებოდა და ასეთი მოლოდინი გაქვთ თუ არა დღესაც?

- მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ჟვანიას საქმე გაიხსნას. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. პროკურატურისა და მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არის ეჭვი - ქვეყნის პრემიერი მოკლულია. ეჭვის საფუძველს იძლევა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა და თუნდაც ის, რაც ხდებოდა ვაზაგაშვილების საქმეში. ეს ეჭვი ან უნდა დამტკიცდეს, ან გაქარწყლდეს. პროკურატურის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ამაღლდა და მას ხელეწიფება, ჟვანიას საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს აჟიოტაჟი, რაც მიმდინარეობს "რუსთავი 2"-ზე, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ზოგიერთი ძალიან შეშფოთდა. აქცენტების გადატანა სურთ. წინა პლანზე წამოსწიეს სექსუალური ორიენტაციის თემა (რაც მიუღებელია), არადა, თავად ამბობენ, რომ სუპერლიბერალები არიან. ამას აკეთებს "რუსთავი 2", რომელიც, სინამდვილეში, აგიტაციის მანქანაა და ღმერთმა მოახმაროს "ნაციონალურ მოძრაობას". ამ მიმართულებით წაიყვანეს საკითხი, რაც დამატებით ეჭვებს და კითხვებს აჩენს, რამდენად სცემს პატივს "ნაციონალური მოძრაობა" ადამიანის უფლებებს ("რუსთავი 2" "ნაციონალების" ნაწილად მიმაჩნია).

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა