თეა წულუკიანი დაკარგულ პირად ცხოვრებასა და დეპრესიაზე - "ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ..."

თეა წულუკიანი დაკარგულ პირად ცხოვრებასა და დეპრესიაზე - "ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ..."

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელსაც არ სჩვევია პირად ცხოვრებაზე საუბარი, ჟურნალ "რეიტინგთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დაკარგულ პირად ცხოვრებასა და დეპრესიაზე გულახდილად ისაუბრა. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

თეა წულუკიანი: რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია ადრინდელისგან. ბევრს მინისტრობა ფუფუნე­ბა ან რაიმე ტიპის კომფორტი ჰგონია, მაგრამ სხვაა, თუკი ამას მხოლოდ საქმისადმი ინტერესიდან გამომდინარე აკეთებ და ეს ჩემი შემთხვევაა. დღეს, როგორც კერძო პირს, ერთ ინდივიდს, არ მაქვს არანაირი უფლება და თავისუფლება, ამის საპირწონედ კი მეორე მხარეს არის მხოლოდ ვალდებულებები და შეზღუდვები, ამიტომ ეს ძალიან დიდი ტვირთია. რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ უსიამოვნო ტვირთი. სასიამოვნოა, როდესაც ნახულობ შენი საქმიანობის შედეგს. მაგრამ თუკი ერთმანეთს შევადარებთ, ამ ცხოვრებაში არ მაქვს არაფერი, რაც პირადად მე მიკავშირდება. რეალურად სულ სამსახურში ვარ.

"რეიტინგი": დაახლოებით რომელ საათამდე გიწევთ აქ ყოფნა?

თეა წულუკიანი: კვირის დღეებში ყველაზე ადრე ღამის 11-დან 12 საათამდე წავსულვარ, დილას კი ცხრა საათზე ვიწყებთ. ვცდილობ, თვეში ერთხელ მაინც იყოს ერთი შაბათ-კვირა, როდესაც სამსახურში მთელი დღე არ ვიქნები, რათა სხვა რამეებისთვის დამრჩეს დრო. თუმცა, ''სხვაში'' არ ვგულისხმობ არც გართობას და არც სხვა სია­მოვნებას. ეს არის სარეცხი, უთოობა და სახლის საქმეები. მარტო ვცხოვრობ და ყველაფერს თავად ვაგვარებ.

"რეიტინგი": ვერ წარმომიდგენიხართ ერთ ხელში სარეცხით და მეორეში - უთოთი.

თეა წულუკიანი: სხვათა შორის, უთო არ მიყვარს. ერთ შაბათს, როდესაც ძალიან ბევრი გასაუთოე­ბელი დამიგროვდა, ამ საქმეს ორი საათი და­ვუთმე და მივხვდი, რომ ამდენი გასაუთოებელი ერთბაშად არ უნდა დაიგროვო (იცინის). ორი საათი ძალიან დიდი დრო აღმოჩნდა, რადგან სულ ვფიქრობდი და უთოობის ბოლოს დეპრე­სიაში ჩავვარდი. ამ ორი საათის განმავლობაში მივხვდი, რომ არც პირადი ცხოვრება მაქვს, არც ოჯახი, 24 საათი სახლს გარეთ ვარ, საჯარო სამსახურში და რომ არ არსებობს არაფერი სხვა, ამიტომაც უთოობის სეანსი დამთავრდა ძალიან ცუდად. მომდევნო ორი დღე ცოტა მძიმე იყო. გამოსავალი ვიპოვე და ამდენ საუთოოს აღარ ვაგროვებ (იღიმის).

"რეიტინგი": არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?

თეა წულუკიანი: ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შემექმნა ოჯახი და ამას ვნანობ. ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში წავლენ, ამის გათვალისწინებას ვურჩევდი. როცა მექნება დრო, აუცილებლად ჩამოვწერ 10-15 წესს იმისთვის, როგორ უნდა გადარჩეს ქალი პოლიტიკაში და იმავდროულად, დარჩეს ქალად. მთავარი წესი კი ოჯახის შექმნაა მანამდე, სანამ საკუთარ თავს პოლიტიკას მიუძღვნი.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა