ხუხაშვილი გაზაფხულიდან დიდ სამთავრობო ცვლილებებს აანონსებს - "ეს გარდაუვალია"

ხუხაშვილი გაზაფხულიდან დიდ სამთავრობო ცვლილებებს აანონსებს - "ეს გარდაუვალია"

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ბევრად უფრო კორექტულია და ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მის შეფასებებს სრულად იზიარებს. როგორც გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუ წინა ინტერვიუებში მეტი საკამათო იყო, დღევანდელში გარკვეული კორექტივებია გაკეთებული, რასაც ექსპერტი პოზიტიურად აფასებს.

"ბევრ საკითხში - პოლიტიკური ოპონენტების პერსპექტივებთან, გადაჭარბებულ კრიტიკასთან, დრამატიზაციასთან დაკავშირებით, მე მის პოზიციას ვიზიარებ. შეიძლება ითქვას, რომ წინა ინტერვიუებში მეტი იყო საკამათო, ამ ინტერვიუში კი გარკვეული კორექტივებია გაკეთებული, რაც, ჩემი აზრით, პოზიტიურად შეიძლება იქნას განხილული. ის ხაზგასმით, ამბობს, რომ მისი პოზიციები, რაც საკამათოა, მაგალითად, სამოქალაქო სექტორთან დამოკიდებულების თუ სხვა საკითხებში, კონკურენციის შეზღუდვას არ გულისხმობს. თუ ადრე ინტერვიუებში ეს იმდენად აშკარად არ ჩანდა და გარკვეულწილად აგრესიის ელემენტებს შეიცავდა, ამ ინტერვიუში, ვფიქრობ, მან ხაზგასმით თქვა, რომ კონკურნციის შეზღუდვას არ გულისხმობს. ეს არის მისი, როგორც მოქალაქის, კრიტიკული დამოკიდებულება, რისი უფლებაც, ბუნებრივია, მას აქვს ისე, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორის მხრიდან მის მიმართაც გამოითქმება კრიტიკა. ეს ინტერვიუ ჩემი შეხედულებით, ზოგადად, ბევრად უფრო კორექტულია და მის შეფასებებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ სრულად ვიზიარებ", - განაცხადა ხუხაშვილმა. სამთავრობო გუნდთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული დადებითი შეფასების მიუხედავად, გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ უახლოს პერიოდში მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება გარდაუვალია.

"გავიმეორებ, რომ ეს გარდაუვალია. მეც არ ვარ იმ აზრის, რომ პრემიერ-მინისტრი ან კონკრეტული მინისტრი რაღაცას აშავებს, ამ ადამიანებს წესიერებას ნამდვილად ვერ წაართმევ. მე ვგულისხმობ, თვითონ პოლიტიკური სიტუაციის განვითარების ლოგიკას. ჩვენ კრიზისის სპირალიდან გამოსულები არ ვართ, პირიქით, ყოველდღიურად ვითარება უარესდება. ამის კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებას უჭირს, ეფექტურობის მიმართულებით გვაქვს პრობლემა. ამ კუთხით არ გავიზიარებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ სამთავრობო გუნდი ოპტიმალურადაა შერჩეული. ასე ნამდვილად არ არის. ოპტიმალურად შერჩეული მთავრობა, როგორც წესი, ოპტიმალურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. დინამიკაში რომ შევხედოთ, მე დღესაც ვრჩები იმ აზრზე, რომ გარდაუვალია მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება ამ გაზაფხულზე. ჩემი აზრით, არც ივანიშვილის გამონათქვამები უარყოფს ამას კატეგორიულად. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ პრობლემები არის ყველა მიმართულებით.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მთავარ პრობლემად იქცა ის, რომ არც ერთი მიმართულებით სისტემური გადაწყვეტილება არ მიუღია და ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული სისტემა დღესაც ძალაშია, უბრალოდ, პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს ამ სისტემას მართავს უფრო ჰუმანურია და ამ ბერკეტებს საზოგადოებაზე ძალადობის თვალსაზრისით არ იყენებს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკელებთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი ვერ მალავენ და ალასანიას უჭერენ მხარს, გია ხუხაშვილის თქმით, "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის მენტალური თანხვედრაა.

"ეს ინტერვიუ წინამორბედებისგან იმითაც განსხვავდება, რომ მთლიანობაში ყოფილი პრემიერი ნაკლებად შეეხო პოლიტიკურ ვითარებას. მას აღარ უხსენებია რიგგაგრეშე არჩევნები და ა.შ. თუმცა რაღაც აქცენტები მაინც დასვა. მე მთალად ვერ გავიზიარებ, რომ "რესპუბლიკელები" ალასანიას უჭერენ მხარს და პოლიტიკურ ალიანსთან გვაქვს საქმე, ალბათ, უფრო ეს მენტალური ერთიანობაა. "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ფასეულობათა სისტემა ბევრად უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე "რესპუბლიკელებისა" და კოალიციის სხვა წევრების. აქედან გამომდინარე, თუ მათი მხრიდან ისმის ასეთი ნოტები, რაზეც ყოფილი პრემიერი საუბრობს, ეს არ არის გამოწვეული რაღაც პოლიტიკური ალიანსის ფორმირებით, ეს უფრო გამოწვეულია მენტალური თანხვედრით, თუმცა თუ პრინციპში კოალიციის ეკლექტურობა "რესპუბლიკურ პარტიას" განდევნის თავისი რიგებიდან, ამ შემთხვევაში, "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ალიანსი იქნება აბსოლუტურად ბუნებრივი პოლიტიკური ალიანსი. იქედან გამოდინარე, რომ მათ ცალ-ცალკე პოლიტიკური პერსპექტივა მაინცდამაინც დიდი არ აქვთ, ერთად, შესაძლოა, რაღაც სინერგია შექმნან. ალბათ, ამას გულისხმობდა ყოფილი პრემიერი. თეორიულად ასეთი ალიანსი განხილვადია, თუმცა დღეს რომ რაღაც ხდებობდეს, არ მგონია", - განაცხადა ხუხაშვილმა. ამასთან, გია ხუხაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ მედიასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებსაც გამოეხმაურა.

"ამ ინტერვიუში "რუსთავი 2"-ზე და სამოქალაქო სექტორზე გამეორება, ბიძინა ივანიშვილს იმისთვის დასჭირდა, რათა მას უფრო აქცენტირებულად გაესვა ხაზი, რომ ასეთი მწვავე პოლიტიკური ოპონირების მიუხედავად, ის არ იქნება მომხრე, რომ ამ სისტემებზე რაღაც სხვა ტიპის ზეწოლა მოხდეს. ამის გამეორება ყოფილ პრემიერს ალბათ, იმისთვის დასჭირდა, რომ თუ წინა ინტერვიუებში ვიღაცამ ეს გაიგო, რომ ეს იყო ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო სექტორზე, მან ამ ინტერვიუში ამით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ბერკეტით არც ერთ სისტემაზე შეხებას არ აპირებს და ამას ბუნებრივი კონკურენციის ასპექტში განიხილავს. მის ამ მესიჯებს პოზიტიურად განვიხილავ. ჩვენ შეგვიძლია მას დავეთანხმოთ, ან - არა. იქედან გამომდინარე, რომ ის ბაზრზე ახლა შემოდის და აპირებს შემოსვლას პირობითად აგრესიულად, ბუნებრივია, ის აყალიბებს, თუ რა არის მისი ამოცანები. როგორც ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტის ავტორი თუ მონაწილე, ის თავის კონკურენტად მოიაზრებს "რუსთავი 2"-ს და პრინციპში ამ კუთხით ლაპარაკობს. ასევე სამოქალაქო სექტორში მან ის აქცენტები დააყენა, თუ ვის განიხილავს თავის კონკურენტად. თუ ადრე ჩანდა, რომ კონკურენტად კი არა პირობითად მტრად განიხილავდა, დღეს მან დამატებითი განმარტება გააკეთა, რომ ამას მხოლოდ კონკურენციის ფარგლებში უყურებს და სხვა სცენარებს არ განიხილავს. კარგია, რომ მან დამატებითი კომენტარები გააკეთა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა