რაგბის კლუბ "ლელო-სარასენსის" მორაგბე თორნიკე ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული ანანო ჩარკვიანია. დაოჯახება წყვილმა მეგობრების წრეში აღნიშნა. თორნიკე და ანანო საქორწინო მოგზაურობაში წასვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, რადგან ანანო სატელევიზიო კარიერისთვის ემზადება, თორნიკე კი საქართველოს ჩემპიონატშია ჩაბმული. რაგბის კლუბი "ლელო-სარასენსი" 2013-2014 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. თორნიკეს სურვილია, კლუბი მესამედ გახდეს ჩემპიონი, ამიტომ მთელ დროს ვარჯიშს უთმობს. თავიანთი გეგმების და სიყვარულის ისტორიის შესახებ, წყვილი AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.
- თორნიკე, სად გაიცანით ერთმანეთი?
- ანანო შარშან, 14 იანვარს გავიცანი საერთო მეგობართან. ეს ერთი ნახვით ძლიერი მოწონება იყო. მსგავსი ემოციები იქამდე არავის მიმართ არ განმიცდია, არც არავინ მყვარებია. როცა ანანო ვნახე, მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც მაკლდა. ანანო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. მხოლოდ ერთი წელია ერთად ვართ, მაგრამ უკვე ბევრი რამის გაკეთება შევძელით.
- ანანო, თქვენც თავიდანვე მოგხიბლათ თორნიკემ?
- სიმართლე გითხრათ, თორნიკემ პირველივე პაემანზე შეძლო ჩემი კეთილგანწყობის მოპოვება, მასში ის თვისებები დავინახე, რის დეფიციტსაც განიცდის დღეს ქართველი მამაკაცი.
თორნიკე:
- მომხიბლავი და შინაგანად ძალიან საინტერესო ადამიანია ანანო, თავისუფლად შემოდის ურთიერთობაში. ძლიერია, ყველას არ ჰგავს, საკუთარი აზრი აქვს ყველაფერზე, კარგი მეგობარია. რაც მთავარია, არასდროს თამაშობს.
- სიყვარულში როგორ გამოუტყდით ერთმანეთს?
- შარშან ,12 თებერვალს, ჩემს დაბადების დღეზე ანანოს მივართვი საჩუქარი და გამოვუტყდით ერთმანეთს გრძნობებში. მას შემდეგ ვართ ტკბილად და ბედნიერად.
- ანანო, სანამ თორნიკეს დაუკავშირებდით თქვენს ცხოვრებას, მანამდე იყავით რაგბის გულშემატკივარი?
- განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი რაგბის. საქართველოში პოპულარულია სპორტის ეს სახეობა და მეც ზედაპირულად ვადევნებდი თვალს. როცა თორნიკე გავიცანი, იმ დღიდან თითქმის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია. მისი ნომერ პირველი გულშემატკივარი ვარ. მეც მასავით განვიცდი და მიხარია, მხარში ვუდგავარ და მისი იმედი მაქვს.
- ხშირად კამათობთ?
- ორივეს მტკიცე ხასიათი გვაქვს. მეშინია ამის თქმა, მაგრამ ერთი წლის მანძილზე სერიოზულად არასდროს გვიკამათია. თავიდან მეგობრები და ოჯახის წევრებიც გვეხუმრებოდნენ ამის გამო, მაგრამ ახლა უკვე შეეჩვიენ.
- რთულია მორაგბის ცოლობა?
- ჩემთვის ნაწილობრივ ძნელია ეს, სახლში ორი სპორტსმენი მყავს. თორნიკე მორაგბეა, ჩემი შვილი კალათბურთელი, საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრია რატი. მომიწია მათ რეჟიმზე გადაწყობა. დილით ადრე გაღვიძება, სპეციალური საუზმის მომზადება, ძილი, რეჟიმი, ყველაფერი მნიშვნელოვანია მათთვის და მე ორივეს ხელს ვუწყობ.
თორნიკე:
- იქედან გამომდინარე, რომ მე და რატის სპორტულ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, ანანო მაქსიმალურად ხელს გვიწყობს. თუ ემთხვევა ჩემი და რატის თამაში, ანანო ორივეს თამაშზე ასწრებს მოსვლას.
- როგორი ურთიერთობა გაქვს ანანოს ვაჟთან?
- მეგობრული ურთიერთობა გვაქვს მე და რატის. მისი გულშემატკივარი ვარ ყველაფერში, ხშირად რჩევა-დარიგებებსაც ვაძლევ.
- ანანო, როცა თორნიკეზე დაოჯახების გადაწყვეტილება მიიღეთ, სანამ რატის გააცნობდით, არ გეშინოდათ თქვენი შვილის რეაქციის?
- არ მეშინოდა, იმ დროისთვის კარგად ვიცნობდი თორნიკეს და თან ვიცი, ჩემს შვილს რა მოსწონს და რა არა. მათ გადასარევი ურთიერთობა აქვთ, უკეთესზე ვერც ვიოცნებებდი.
- ვინ არის ანანო ჩარკვიანი?
- პროფესიით კონფლიქტოლოგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ. ცოტა ხანი საქართველოს პარლამენტშიც ვიმუშავე, მაგრამ ძნელი აღმოჩნდა ორ ქალაქში ცხოვრება და წამოსვლა მომიწია. სულ მალე ტელეწამყვანის ამპლუაში გამოვჩნდები ერთ-ერთ არხზე, რომელიც ახლა იხსნება.
- დაოჯახების შემდეგ რა ახალი თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?
- უფრო საკუთარ თავში აღმოვაჩინეთ ახალი თვისებები. რაც ანანო გავიცანი, ყოველდღე ახალს ვხედავ მასში, ერთმანეთს დაუგეგმავად, მაგრამ ხელს ვუწყობთ პიროვნულ განვითარებაში. ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ.
- დაქორწინება როგორ გადაწყვიტეთ?
- აქამდეც ვაპირბდით, მაგრამ ხან მე არ მეცალა, ხან მარხვა იყო და ახლა გადავწყვიტეთ ჩემს დაბადების დღეზე ჯვარი დაგვეწერა. ხელის მოწერა არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ჯვრისწერა. მეგობრების წრეში აღვნიშნეთ ჩვენი ჯვრისწერა.
- ანანო, რთულია სიმპატიური სპორტსმენის ცოლობა?
- საერთოდ არ არის რთული. მას, როგორც მორაგბეს, ჰყავს თაყვანისმცემლები და ეს ბუნებრივია. ყველა ქალს სიამოვნებს გვერდით ასეთი სიმპატიური მამაკაცი.
- საქორწინო მოგზაურობას სად აპირებთ?
- ახლა ვერსად ვერ წავალთ. რადგან ანანო ტელეწამყვანობისთვის ემზადება, მე კი რაგბში საქართველოს ჩემპიონატში ვარ ჩაბმული.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE