რა მოხდება, თუ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებს ჩაუგდებენ

რა მოხდება, თუ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებს ჩაუგდებენ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დანიშვნა შესაძლოა, დროში გაიწელოს. პოლიტიკური თამაშების შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას მხარს რამდენჯერმე არ დაუჭერს, პროცესი დროში იმდენად გაიწელება, რომ შესაძლოა, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ორი წელი არ ჰყავდეს და მისი მოვალეობა მოქმედი თავმჯდომარის მოადგილემ შეასრულოს.

საქმე ისაა, რომ თუკი პოლიტიკურ თამაშს დაგეგმავენ და პრეზიდენტს ორჯერ ჩაუგდებენ თავმჯდომარის კანდიდატურას, საპარლამენტო ცხოვრებიდან და პროცედურებიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სესიაზე თავმჯდომარის არჩევა ვეღარ მოესწრება. (ცნობისთვის, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს. ავტ.) 

პარლამენტის 2015 წლის საშემოდგომო სესიაზე კი, პროცესების იგივე თანმიმდევრობით განვითარების ალბათობაც არსებობს. ამ შემთხვევაში, პროცესი გაიწელება და საკითხის განხილვა 2016 წლისთვის გადაიდება.

ეს წელი კი, საპარლამენტო არჩევნების წელია, როდესაც პლენარული სხდომები მხოლოდ საგაზაფხულო სესიაზე უწევს, რადგან არჩევნების გამოცხადებიდან, სესიებიც აღარ ჩატარდება.

მოვლენების ასე განვითარების ალბათობას ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი უშვებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ძალიან სახიფათო თამაში იქნება, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ნდობას კიდევ ერთხელ დაუკარგავს.

"ასე თამაში შესაძლებელია, თუმცა ეს ძალიან, ძალიან სახიფათო იქნება. ამ შემთხვევაში სასამართლოში სისტემურად, მათ შორის, პირველი ინსტანციის დონეზეც კი, სრული უწესრიგობა იქნება. გამოჩნდება სხვადასხვა არაჯანსაღი ინიციატივები. მით უმეტეს, რომ მოსამართლეთა კორპუსს შიგნით არსებული დაპირისპირებები, სხვადასხვა ჯგუფების არსებობა, უკვე საჯაროდ არის გამოსული. პირველად ეს იყო გასულ წელს, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მიმდინარეობდა. გარდა ამისა, შექმნილია ორგანიზაციები, სადაც მოსამართლეები არიან გაწევრიანებული, ახლა კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ყველა ინსტანციის სასამართლოს წარმომადგენელი იყო დასახელებული. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ სამ მოქმედ მოსამართლეს, მინიმუმ სამი დაჯგუფებიდან, რომელიც სასამართლოს შიგნით არსებობს.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ამ სახიფათო თამაშმა უკიდურეს შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. პოლიტიკური თამაშების ასე განვითარება, ამ მიმართულებით სვლა და დომინანტად პოლიტიკის ქცევა, ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს სასამართლოს სისტემას, რომელიც უკვე მერამდენედ აღმოჩნდა ნდობადაკარგული და კრახის წინაშე მდგომი. პოლიტიკურად ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, სამართლებრივად - არა", - ამბობს ალაფიშვილი.

თუმცა, პროცესის ნორმალურად და სამართლებრივ ჩარჩოებში წარმართვის შემთხვევაში, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის თანახმად, პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატურის არჩევას, სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობაა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლის ვადით ირჩევა და პარლამენტი ამ პროცესში ვადებით შეზღუდული არ არის.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა