მთავრობისთვის რჩევის მიცემა მეტად საფრთხილო რამეა. თუ რჩევამ გაამართლა, მრჩეველს არავინ მოიხსენიებს. თუ არ გაამართლა, ყველაფერი მრჩეველს დაბრალდება. კარგად ვიცი არამკითხე მრჩევლებმა რა ჯილდოებიც დაიმსახურეს, მაგრამ როცა ერთმა ცნობილმა მინისტრმა 2014 წელს ქართული ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდა, ამერიკის ეკონომიკის ერთპროცენტიანი მატების ფონზე, წარმატებულ საქმიანობად შეაფასა, ჩავთვალე, რომ ეკონომიკის განვითარების ჩემეული ხედვის დაფიქსირებით მოქალაქეობრივი ვალი უნდა მომეხადა.
ამერიკის ეკონომიკის ერთპროცენტიანი ზრდა 176 მილიარდი დოლარის ტოლფასია, ჩვენი 5% კი ერთი მილიარდიც არაა. ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდა მაშინაა კარგი, როცა მთლიანი შიდა პროდუქტი 400-500 მილიარდი დოლარი გაქვს, როგორც ავსტრიასა და ბელგიას, ან 300-300 მილიარდი, როგორც ჩვენზე უფრო მცირე ისრაელსა და დანიას და არა სულ რაღაც 16 მილიარდი. ახალი ხელისუფლების მესამე წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ისევე ვერ იგრძნობს მატერიალური ცხოვრების გაუმჯობესებას, როგორც მე-2 წელს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მე-4 წელიც ახლოსაა და მორიგი საპარლამენტო არჩევნებიც, ხელისუფლებას სერიოზული დაფიქრება და საკითხებისადმი მეტი შემოქმედებითი მიდგომა მართებს.
მთავრობის ნაფიქრად თუ მის მიერ მიღებულ "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას" ჩავთვლით, რომლის მიხედვით "ინკლიზიური ეკონომიკური ზრდის" (?! ) მისაღწევად, "სახელმწიფო მინიმალურად ჩაერთვება სამეწარმეო საქმიანობაში", 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე 13000 ლარის (დღევანდელი კურსით 6500$) მთლიანი შიდა პროდუქტი რომ იქნას მიღწეული, ვიტყვი, რომ 2020 წლამდე დარჩენილ ექვს წელიწადში ჩვენისთანა მცირე ეკონომიკის "სტრატეგიაში" გაცხადებული 7%-იანი ზრდით, მით უმეტეს 2015 წლისთვის დაგეგმილი 5%-იანით, ივერიის გაბრწყინება ნაკლებად მოსალოდნელია.
რამდენიმე წლის წინ კახა ბენდუქიძეს უანგარიშია (ვფიქრობ, სწორად), რომ ეკონომიკის 4%-იანი ზრდის შემთხვევაში 2040 წელს ვიქნებით "ბანძები", ხოლო 7%-იანი ზრდისას – განვითარებული ქვეყნების ბოლოში, რაც ჩემი აზრით, სულაც არაა ცუდი, მაგრამ მანამდე მთელი 25 წელია და არა ექვსი! სულ მცირე 10%-იანი ეკონომიკური ზრდა მაინც გვჭირდება 10-15 წლის განმავლობაში, სიღარიბეს რომ რაღაც მოვუხერხოთ და მეტ-ნაკლებად ნორმალურ სახელმწიფოდ ვიქცეთ. ასე რომ, დღეიდან, შვიდი წლის თავზე 6500$ მშპ საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე წლიურად დიდი ვერაფერი წინსვლის მაჩვენებელი იქნება. იმ კურსის მიხედვით, რომელიც მთავრობას აქვს აღებული (ბენდუქიძის ნაანდერძევი ეკონომიკაში ჩაურევლობის ლიბერტარიანული პოლიტიკა) ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შემოსავლის ზრდა მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრების ხარჯზე მოხდება და არა ღარიბების გამდიდრების.
ეკონომიკის დაჩქარებული განვითარებისა და სიღარიბის დასაძლევად გარკვეული პირობების არსებობაა საჭირო. აუცილებლობისა და საკმარისობის კრიტერიუმიდან გამომდინარე, დასმული ამოცანის განხორციელების აუცილებელი პირობაა კომპეტენტური მთავრობა, ხოლო საკმარისი - მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომა.
კომპეტენტურია მთავრობა, რომელსაც დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება და საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. თუ ხელისუფლება დროზე არ მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს, შემდგომში მისი მიღება დანაშაულადაც კი შეიძლება შეაფასონ. საჭირო გადაწყვეტილებების მიღება ხშირად სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული და დიდ პოლიტიკურ გამბედაობას და სიმტკიცეს მოითხოვს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკრიტიკებულ ნიცშეს (როცა რამდენიმე მილიარდი გაქვს, ნიცშეც შეგიძლიათ აკრიტიკოთ, შოპენჰაუერიც და ბლეზ პასკალიც თავის "აზრები"-ანად) მიაჩნდა, რომ ქალებს უხეში, გაბედული მამაკაცები მოსწონთ. "მიდიხარ ქალთან? არ დაგავიწყდეს მათრახი! – ასე იტყოდა ზარატუსტრა". რამდენადაც ზოგადად ხალხს ქალის ბუნება აქვს, მათი სიმპათიები ძლიერი, უხეშობამდე მტკიცე მმართველების მხარესაა.