გაუფასურებული ფული, უფასო ფულის სანაცვლოდ - რას პირდებოდა ივანიშვილი ამომრჩევლებს

გაუფასურებული ფული, უფასო ფულის სანაცვლოდ - რას პირდებოდა ივანიშვილი ამომრჩევლებს

ხელისუფლებაში მოსვლამდე "ქართულ ოცნებას" ბევრი დაპირება ჰქონდა, თუმცა, მათი უმრავლესობა დღემდე შეუსრულებელია.

"ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის. არანაკლები 10 წლისა, საშუალება ექნება ფულის და ეს იქნება უმეტესწილად უფასო და სადაც პროცენტი იქნება 1,2, და მაქსიმუმ 3%. იქნება გადასახადი და უმეტესი წილი იქნება უფასო ფული",  - აცხადებდა ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელიწადში ლარის გაუფასურების პროცესი დაიწყო და კვლავაც გრძელდება. ბოლო ერთ დღეში ლარი დოლართან მიმართებაში 6 პუნქით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსის თანახმად, ხვალიდან, 20 თებერვლიდან, 1 დოლარის შეძენა 2.1472 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0839 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0633 ლარი შეადგინა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დამატებითი თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იქნება ჩადებული. "ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების მიზნით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს არის ის პირველადი ზომები, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტისა და "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის აზრით, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანას მოქნილობა დააკარგვინა და გარე შოკებისაგან დაუცველი გახადა.

"ბევრი რამ გაფუჭდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს ვერ გამოსწორდება ორ თვეში. პირველ წელიწადს გაუაზრებელი სოციალური ხარჯები, ჭარბი სუბსიდირება და ტარიფების კორექტირება გადაიფარა წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტში დატოვებული იმ ნაშთებით, რომლებიც საგარეო ვალის გასტუმრებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ამან 2013 წლის ბოლოს ლარის დევალვაციაში იჩინა თავი. ეროვნულმა ბანკმა დეკემბერ-იანვრის თვეში 470 მილიონი დოლარის ინტერვენციები განახორციელა ლარის "დასაჭერად". ეს იყო ეროვნული ბანკის შეცდომა. არ მიეცა ლარს საშუალება, მოეხდინა კურსის კორექცია ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ეს იყო ახალი მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლით გამოწვეული, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას საბოტაჟში ადანაშაულებდა და გადადგომისაკენ მოუწოდებდა. მაშინ არავითარი საგარეო უარყოფითი ფაქტორი არ ყოფილა, თუმცა ლარის დევალვაცია ვერ იქნა თავიდან აცილებული და აღქმული გამაფრთხილებელ ნიშნად. ყველაფერი კი გამოწვეული იყო შეცვლილი ბიუჯეტისა და დერეგულირების პოლიტიკის ჩანაცვლებით რეგულირებადი, შეზღუდვებით, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით, ახალ-ახალი ფონდებისა და სააგენტოების შექმნით, ე.წ. "წახალისებებით" და ლამაზი ტერმინებით შენიღბული სოციალური პოპულიზმის პოლიტიკით, რომელსაც "ინკლუზიური განვითარება" უწოდეს", - განაცხადა გოცირიძემ.

საინტერესოა, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ამომრჩეველს "იაფ ფულს" ჰპირდებოდა, თუმცა, ლარის კურსის შემხედვარემ შეიძლება იფიქრო, რომ დანაპირები ნამდვილად სრულდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია