დღევანდელ საქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია, ამიტომ გადავწყვიტე, ქართველი პოლიტიკოსები საფეხბურთო გუნდებისათვის შემედარებინა.
ბიძინა ივანიშვილი - ექს-პრემიერი მიუნხენის "ბაიერნს" გავს. ისევე, როგორც "ბაიერნს", მასაც თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ გუნდთან გამარჯვება. "ბაიერნმა" დაამხო ბარსელონას ჰეგემონია, ისე როგორც ბიძინამ - მიშასი.
ირაკლი ღარიბაშვილი - მოქმედი პრემიერი "პსჟ"-ს გავს. ეს პარიზული კლუბი გრანდების კატეგორიაში არასოდეს შედიოდა, ვიდრე მავანმა მილიარდერმა არ შეიძინა. სწორედ ასეა ღარიბაშვილიც, სანამ მილიარდერმა ივანიშვილმა არ დადო მასზე ფსონი, ის მხოლოდ შინაურთა წრისათვის იყო ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილი - თავის აგრესიული თავდასმის სტილით "ბარსელონას" ჰგავს, კატალონიელების მსგავსად, მან ბევრი რეკორდი დაამხო და ახალ თამასაზე აწია, თუმცა ერთ დღეს მისი ზეობაც დასრულდა.
ნინო ბურჯანაძე - საქართველოს ორგზის პრეზიდენტი "მილანს" ჰგავს. ისევე, როგორც იტალიური გრანდი, ნინო ბურჯანაძეც წარსულის ლანდიღაა დარჩენილი, თანაც თუ მათი თამაშის სტილით ვიმსჯელებთ, კაი ხანი მოუწევთ ლოდინი დიდ ავიაციამდე.
ირაკლი ალასანია - თავდაცვის ექს-მინისტრი ლონდონის "არსენალს" გავს. ისევე როგორც ინგლისელი "მეთოფეები", ალასანიაც მუდამ ლიდერებშია, მაგრამ მწვერვალს ვერასოდეს აღწევს.
სევდია უგრეხელიძე - ტურინის "იუვენტუსს" გავს, ორივე "ბებერი ქალბატონია".
გიორგი მარგველაშვილი - პრეზიდენტი ამსტერდამის "აიაქსს" გავს, რომელსაც ხშირად არაფრად აგდებენ, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, შეუძლია, როგორც "ბაიერნის", ისე "პსჟ"-ს გამწარება.
გოგი თოფაძე - სტამბულის "გალათასარაის" ჰგავს. თურქული კლუბი მუდამ მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, თუმცა ვერასოდეს ვერაფერს აკეთებს, ასევეა გოგიც, ის თითქმის ყველა მოწვევის პარლამენტის წევრია, მაგრამ....
დავით უსუფაშვილი - მადრიდის "რეალი". ისევე როგორც მადრიდული კლუბი, ბატონი დავითიც, თითქმის ყველა ბრძოლაში ფავორიტია. განსაკუთრებით საინტერესოა ბატონი დავითის მიერ შესრულებული ელ-კლასიკო.
ნუკრი ქანთარია - ყარაგადანის "შახტიორი". ამ ყაზახური კლუბის ლიგაზე მოხვედრის არსს ვერ ჩაწვდა ვერცერთი გულშემატკივარი, ასევე ვერავინ ხვდება, რა უნდა ბატონ ნუკრის პარლამენტში.
შალვა ნათელაშვილი - მილანის "ინტერი". ყოველ ჩემპიონატს იწყებს რიხით და საბოლოოდ ცუდი შედეგით ამთავრებს, მაგრამ მიაჩნია, რომ, რომ არა მსაჯების (ნათელაშვილის შემთხვევაში - არჩევნების დამკვირვებლების) შეცდომა, უსათუოდ გაიმარჯვებდნენ.
გივი თარგამაძე - "რომა". "რომას" მუდამ კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ რაღაც უშლის ხელს, რომ ბოლომდე გაიხსნას, სწორედ ასეა გივი თარგამაძეც, რაღაც არ აძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე თქვას თავის სათქმელი.
ჯონდი ბაღათურია - "მანჩესტერ იუნაიტედი". ინგლისური გრანდი პირველად დარჩა ლიგის გარეშე, სწორედ ასე მოხდა ჯონდის შემთხვევაშიც, პირველად დარჩა პარლამენტს გარეთ.
კობა დავითაშვილი - "ნოტინგემ ფორესტი". ბატონი კობა ყოველთვის ქართული პოლიტიკის ავანგარდში იყო, ისევე როგორც "ნოტინგემი" 70-იანი წლების ევროპულ ფეხბურთში. დღეს კი ორივე მათგანს მხოლოდ ერთეულები თუ იხსენებენ.
ნოდარ ხადური - ლონდონის "ჩელსი". ორივე მათგანი ჭამს ძალიან ბევრს, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებენ.
გუბაზ სანიკიძე - ქუთაისის "ტორპედო". მართალია, ქუთაისური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ გუბაზთან მათი მსგავსება ძალიან თვალსაჩინოა - ორივეს უნდა მილიონი.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია როგორც გუნდებისა, ისე ქართველი პოლიტიკოსებისა. ბევრი გუნდია, ვისთანაც ქართველი პოლიტიკოსების შედარება შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლოთ. წარმატებულ საფეხბურთო სეზონს გისურვებთ.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE