რას ყვებიან უნიკალური ფოტოები წინა საუკუნის ქართველებზე

რას ყვებიან უნიკალური ფოტოები წინა საუკუნის ქართველებზე

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი თავის გუნდთან ერთად, არაერთ სასარგებლო საქმეს აკეთებს. მათი ერთ-ერთი საინტერესო და ისტორიული პროექტია - ძველი, საუკუნის ფოტომასალის მოპოვება და გაციფრება. ფოტო ხომ უტყუარ და საჭირო ინფორმაციას ინახავს და იძლევა წარსულზე... ჰოდა, სწორედ ამ თემაზე, ანუ წარსულის სურათების გამო გიორგი კეკელიძეს გავესაუბრეთ:

- ილია ჭავჭავაძე, როცა "აჩრდილს" წერდა, აღნიშნავდა, რომ ჩვენი ისტორია მხოლოდ მეფეებისა გახლავთ და ხალხი მასში არ ჩანსო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარსულში არ ჩანს კონტექსტი, ჩვეულებები, ყოფითი სივრცე...

ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი "ციფრული ფოტომატიანე" მიზანად არ ისახავს მხოლოდ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ფოტოების ციფრულ ფორმატში გადაყვანას, არამედ ერთგვარი მცდელობაა, რომ თითოეული ადამიანის ჩართულობით, შეივსოს ის მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო ქართულ საზოგადოებას ჰქონდა. ჩვენი ჯგუფები, სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და აციფრებენ ფოტოებს და გიგანტურ არქივს ქმნიან - Photomatiane.ge. მალე პროექტში რეგიონების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან და მათი დამხარებით, ჩვენ არქივს ერთი-ორად გავზრდით.

-იქნებ თქვენ მიერ მოპოვებულ და ხელთ ასებულ რამდენიმე ფოტოზეც გვესაუბრა?

- სიამოვნებით და რადენიმეს გამოვყოფ: "თვალი დაუდგა ევროპას. ღვინის სმა" - ამ ფოტოს ასე დავარქმევდი. გურული ბუკისციხელი შარაშიძეები ფართო აივანზე შეკრებილან (1907 წელი). ზედ აწერია - "თამარა პარიზში წასვლის წინ", რაც ცხადია, განსაკუთრებულ მზაობას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ სუფრა მინიმალისტურია, არ გულისხმობს კერძების ზედახორას. ჩაცმულობა სადა, მათ შორის ნაციონალური სამოსიც. სწორედ ასეთი სურათებია ჩვენი ცივილური წარსულის უტყუარი პასპორტი.

ყაზბეგი, თავის დროზე, იმპერიისა და პროვინციის გზაგასაყარი, ანუ მრავალფეროვნების, სისხლისა და სიახლის ადგილი გახლდათ... ესეც იქაური სადილის სცენა, ორი მოხუცი - ყოფითი სევდის კლასიკა, მსოფლიო სევდის თანაბარი. მთავარი ადამიანები და გასული საუკუნის დაბადება.

ქართველი ბავშვები საბჭოთა კავშირის "ხახასთან", ვიდრე 21-წლამდე. სხვა ფერები, სხვა სახეები, სხვა განწყობა. დაკარგული სხვა და ძნელად მოსაბრუნებელი.

კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის წინაპრები და ნათესავები. ზედა რიგში მარჯვნიდან: მარიამ ჯორჯაძე (მერაბ კოკოჩაშვილის დედა), მერაბ ჯორჯაძე (ბიძა), ივლიტა ჯორჯაძე (დეიდა).

ოლია სვანიშვილი 1937 წელს ქმართან ერთად დააპატიმრეს და ცოცხალი არც ერთი აღარ დაბრუნებულა. სურათი კი სულ სხვა აწმყოს მიუთითებს. მსგავსი დრო შორსაა ბოლშევიზმის შტამპისა და ყალბი ღიმილისგან. ასეთ დროს სხვა სიხარული ახასიათებს, თურმე - ხანმოკლე.

თბილისის მეორე სამშობიარო სახლი (1947 წელი). ეს ქალბატონი მარგალიტა ჩუბინაშვილია... ასეთი ფოტოები ითხოვენ მარტივ, გაცვეთილ, მაგრამ მაინც ხან აუცილებელ წარწერას: უკომენტაროდ...

მოამზადა ლალი ფაციამ

Ambebi.ge-სთვის.

დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო

ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ - თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს!

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს