როგორ დავიცვათ ოჯახი ლარის ვარდნისგან? - ეკონომიკის ექსპერტების სპეციალური რჩევები მოქალაქეებს

როგორ დავიცვათ ოჯახი ლარის ვარდნისგან? - ეკონომიკის ექსპერტების სპეციალური რჩევები მოქალაქეებს

ლარის დევალვაციამ და გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდამ მომხმარებელი შეაშფოთა. შემოსავლები უცვლელია, ხარჯები კი იზრდება. Ambebi.ge თავის მკითხველს ეკონომიკის ექსპერტების რჩევებს სთავაზობს მეტად საჭირო და პრაგმატულ საკითხებთან დაკავშირებით.

როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი არასტაბიული ეკონომიკური სიტუაციის დროს, რაზე უნდა დაზოგოს თანხა და რა ვალუტაში უნდა აიღოს სესხი, ამის შესახებ ექპერტები ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე და მიშა დუნდუა საუბრობენ.

სოსო არჩვაძის თქმით, ლარის კურსი სერიოზულ გავლენას ახდენს შიდა სამომხმარებლო ბაზრებზე, რადგან ქართული ბაზრის დიდი ნაწილი, თითქმის ორი მესამედი, იმპორტირებულ საქონელზეა დამოკიდებული.

"იმპორტის თანაფარდობას ქვეყნის ეკონომიკასთან გადამწყვეტი როლი უკავია ლარის დევალვაციის დროს. რაც უფრო მეტად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, კურსის მცირე რხევაც კი დიდ გავლენას ახდენს - მაღალი კორელაციაა ლარის დევალვაციასა და ფასების მატებას შორის", -აღნიშნავს ექსპერტი.

მისივე თქმით, რაც უფრო ნაკლებად ელასტიურია საქონელი, მით უფრო რთულია მასზე უარის თქმა. მაგალითად, პური და ლუდი. პური შედარებით ნაკლებელასტიურია, ლუდი მაღალელასტიური. ეს ნიშნავს, რომ ფასების მატების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ლუდის მოხმარება, მაგრამ ვერ შევამცირებთ პურის მოხმარებას.

ის ეხმაურება საჭირო პროდუქტების წინასწარი მომარაგების იდეას და ამბობს, რომ ასე შესაძლოა, ამოცანა გადაიჭრას, მაგრამ მთავარი შეძენილი პროდუქტების სწორი გამოყენებაა:

"მომარაგებით, შესაძლოა, მომხმარებელმა ლოკალური ამოცანა გადაწყვიტოს. ინგლისური ანდაზა არსებობს ამასთან დაკავშირებით, დაზოგო პენი, ეს ნიშნავს, იშოვო ერთი ახალი პენი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ უკვე შეძენილი პროდუქტების უფრო რაციონალური გამოყენება. არა მხოლოდ პროდუქტების, არამედ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სხვა დოვლათის", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე და მომხმარებელს ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით ელექტროდამზოგი საშუალებების გამოყებნებას სთავაზობს.

ამასთან დაკავშირებით კი საინტერესო ისტორიას ყვება: "ერთერთ შეძლებულ გერმანულ ოჯახში ვიყავი სტუმრად და მასპინძელმა მშრალ სპირტზე მოადუღა ჩაი. გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი საქართველოსათან შედარებით, დაახლოებით, ორნახევარჯერ მაღალია. გერმანელმა ჩათვალა, რომ ეს უფრო ეკონომიური იყო და არ გამოიყენა ელექტრომადუღარა", - ამბობს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი მომხმარებელს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სესხის აღებისგან, მაგრამ მათ, ვისთვისაც სესხის აღება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, ურჩევს, სესხი იმ ვალუტაში აიღონ, რა ვალუტაშიც აქვთ შემოსავალი: "თუ თქვენ შემოსავალი გაქვთ ლარში, არავითარ შემთხვევაში სესხი დოლარში არ აიღოთ, აიღეთ ლარში",- ამბობს სოსო არჩვაძე.

მიშა დუნდუა პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებს და ამ ეტაპზე მოსახლეობას ადგილობრივი პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებს: "მიმდინარე თვეებში სიტუაცია დარეგულირებას ექვემდებარება. ამ ეტაპზე ჩემი რჩევა იქნება, შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია, რომლებზეც ფასების შენარჩუნება უფრო მარტივია".

რაც შეეხება საბანკო ოპერაციებს, მიშა დუნდუას თქმით, არასწორი იქნება ამ ეტაპზე დანაზოგის დოლარში გაკეთება. "ვინც ახლა დოლარის აჟიოტაჟურ შესყიდვას დაიწყებს, ის წაგებული დარჩება. ამიტომ თანხა უნდა შევინახოთ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გვაქვს შემოსავალი და რა ვალუტაშიც ვუკეთებთ ფულს რეალიზაციას", - აღნიშნავს მიშა დუნდუა. თუმცა ექსპერტი აღნიშნავს, რომ სიტუაცია დროებითია და მოსახლეობას პოზიტიურ პროგნოზს სთავაზობს:

"მარტის თვის განმავლობაში, აპრილის დასაწყისში, სიტუაცია აქტიურად შემობრუნდება უკეთესობისკენ. მარტის თვის განმავლობაში ინფლაციის მნიშვნელოვანი ზრდა არ მოხდება იმ ღონისძიებებიდან გამომდინარე, რომლებიც უნდა გატარდეს".

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია