კაცი, რომელმაც "მანდარინებსა" და "სიმინდის კუნძულს" კინოსტუდიის ეზოში "ოსკარის" ძეგლი დაუდგა

კაცი, რომელმაც "მანდარინებსა" და "სიმინდის კუნძულს" კინოსტუდიის ეზოში "ოსკარის" ძეგლი დაუდგა

კინოსტუდიის ეზოში ვინც მოხვდება, მხატვარ-დეკორატორების სახელოსნოს წინ, ოსკარის 6-მეტრიან სკულპტურას ნახავს, რომელიც შესაბამის კვარცხლბეკზე დგას. ის იქ ფილმების - "მანდარინები" და "სიმინდის კუნძული" დეკორატორებს დაუდგამთ.

თავიდან თურმე წაიოცნებეს, - რა კარგი იქნებოდა, ოდესმე ოსკარზე მოვხდრილიყავითო, მაგრამ იქვე გაუფანტავთ ოცნება, რადგანაც ამის შანსი არ გვაქვსო და მერე სახელოსნოს ეზოში ოსკარის სკულპტურის აღმართვა თავისთვის გადაწყვიტეს.

მუშაობა რომ დაიწყეს, ქართული ფილმების ოსკარზე წარდგენაზე ჯერ არავინ ლაპარაკობდა, ეს ამბავი შემოდგომით დაიძრა. მოკლედ, მხატვარ-დეკორატორებმა სამუშაო დეკემბერში დაასრულეს და ფილმები მართლაც ნომინანტებად დასახელდა.

ჯიმშერ ბერძენიშვილი ის მხატვარ დეკორატორია, რომელთანაც ამ თემაზე გასაუბრება ვცადე. საკმაოდ ბევრ ფილმზე უმუშავია და შესაბამისად კინოსტუდიაში წლებია, აქტიურად საქმიანობს.…

- კინოსტუდიის ტერიტორიაზე, თქვენი სახელოსნოს წინ "ოსკარის" სკულპტურა დაგიდგამთ. როგორ მოხდა ეს?

- ჯერ "მანდარინებზე" ვმუშაობდით, მერე - "სიმინის კუნძულზე". მხატვარ-დეკორატორი ვარ და შესაბამისად, ბევრი ფილმი მაქვს გაკეთებული. ამ ორ ფილმზე საქმიანობა რომ დავასრულეთ, მერე ფრანგულ პროექტზეც ვიმუშავეთ. ისიც რომ დამთავრდა, შეკვეთა აღარ გვქონდა.

- თქვენი კომპანია გაქვთ?

- კი, კინოსტუდიაში არის ასეთი კომპანია, "კინოფაბრიკა", რომელის დეკორატორებიც გახლავართ. მოკლედ, სანამ ამ ფილმებზე აჟიოტაჟი დაიწყებოდა, ანუ ჯერ არაფერი იყო ცნობილი, ოსკარზე რომელი მიდიოდა, ავდექით და ბიჭებმა (მხატვარ-დეკორატორებმა) ოსკარის გაკეთება დავიწყეთ და მისი ჩვენი სახელოსნოს წინ დადგმა მოგვინდა. მოკლედ, ყველაფერი შემთხვევით დაემთხვა.

- და ეს არ ყოფილა თქვენი წინასწარმეტყველება?

- არა, რას ამბობთ? ჩვენთვის გავაკეთეთ, ასეთ ბევრ ნიმუშს ვამზადებთ და ესეც შევქმენით. სკულპტორ-არქიტეტურ-მოქანდაკეები ამუშავდნენ, გავაკეთეთ და დავდგით. ვიმეორებ, ორი თვით ადრე, სანამ გავიგებდით, რომ ქართული ფილმები იყო "ოსკარზე" წარდგენილი. ეს იყო და ეს. მერე კი ეს თემა აქტუალური გახდა.

- ისე, შემთხვევით მგონი, არაფერი ხდება. ვფიქრობ, რომ მაინც გული გიგრძნობდათ...

- არა, რას ამბობთ, ვინ რა იცოდა და რა გული უგრძნობდა, რომ ორი ქართული ფილმი ასეთ წარმატებას მიაღწევდა? მით უმეტეს, "მანდარინები" ჯერ "გლობუსზე" და მერე "ოსკარის" ნომინანტთა ხუთეულში მოხვდა, ამას ვინ იწინასწარმეტყველებდა?

- მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს საქმე. "ოსკარი" ამ ორ ფილმს თქვენ უკვე დაუდგით.

- კი, ასე შეგვიძლია ვთქვათ. ჩვენი მხრიდან ორივე ფილმს ოსკარი უკვე დადგმული აქვს.

- ისე, რამდენი ხანი მუშაობდით?

- როცა საქმე, შეკვეთა არ გვქონდა, ანუ რეკლამასა და ფილმზე არ ვმუშაობდით, იმ შუალედებში. მოკლედ, თავისუფალ დროს ამას ვაკეთებდით, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ასე, ორი-სამი თვე. რომ დავასრულეთ, ნამუშვარი სახელოსნოდან გამოვაბრძანეთ და იქვე, ეზოში განვატავსეთ. მნახველში ის თავიდან ღიმილს იწვევდა, მერე სხვანაირად რომ განვითარდა ჩვენი ფილმების ბედი, აღარ ეცინებოდათ. პირიქით, მოსწონდათ და მის სანახავად ახლაც მოდიან, სურათებს უღებენ. მოკლედ, "მანდარინების" შედეგებს გულისფანცქალით ველოდებით. ვნახოთ, რა მოხდება დღეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია