"ფულმა ძალა დაკარგა" - ყველაზე ხარჯიანი და მძიმედ გადასატანი ზამთარი

"ფულმა ძალა დაკარგა" - ყველაზე ხარჯიანი და მძიმედ გადასატანი ზამთარი

"ყველაზე მწვავე, ხარჯიანი, მძიმედ გადასატანი ზამთარი - ასეთი შეფასება ერგო ამ სეზონს რესპონდენტებისგან. ისინი სამთვიან კრიზისს ლარის გაუფასურებას, პროდუქტებისა და მედიკამენტების გაძვირებას, არასტაბილურ გარემოს, სამუშაო ადგილების შემცირებას უკავშირებენ. გაზრდილი ხარჯის ფონზე, ფულმა ძალა დაკარგა. წლევანდელი ზამთრის სეზონის გადაგორება მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა. ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება ჯერ კიდევ 20 ნოემბრიდან დაიწყო და 6 დეკემბერს ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა ერთი დოლარის მიმართ 1.95-ს მიაღწია. ვითარება ამ მხრივ ისე დამძიმდა, რომ დღესდღეისობით დოლარმა 2,2 ლარს მიუკაკუნა. ამასთან, ფასმა მოიმატა ყველაფერზე. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ცნობით, მედიკამენტების ნაწილი 9%-ით გაძვირდა. ამხელა დარტყმას ბიზნესმენთა ნაწილმა ვერ გაუძლო და მცირე საწარმოები, მაღაზიები დაიხურა. ზოგიერთმა მუშახელი შეამცირა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ყველაზე ხარჯიანი და მძიმედ გადასატანი ზამთარი /წლევანდელი ზამთრის სეზონის გადაგორება მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა.

"ამ ყველაფერმა უმუშევრობა, შემოსავლის შემცირება და ხარჯის ზრდა გამოიწვია. რესპონდენტები წლევანდელი ზამთრის სეზონს კრიტიკულად აფასებენ. "გაძვირდა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, სამწუხაროდ, იმატა გასავალმა. მახსოვს, დეკემბრის დასაწყისში უკვე კარტოფილის ფასმა 20 თეთრით მოიმატა. გაიზარდა წიწიბურას, კომბოსტოს ღირებულებაც. სიგარეტი ამათთან რა მოსატანია, მაგრამ რატომღაც ეგეც გააძვირეს. გაზრდილ ხარჯს დაემატა ისიც, რომ ბანკიდან სესხი მაქვს დოლარში აღებული და ხელფასს ლარში ვიღებ. ჯერ მარტო 200 დოლარზე მინიმუმ 50 ლარი დამემატა. წარმოიდგინეთ, ათას ხუთას დოლარზე რამხელა დანაკლისს ვნახავ. თანაც ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ, თვეში 900 ლარამდე ძლივს ავდივარ (ეგეც გამონაკლის შემთხვევებში). ფულმა ფასი დაკარგა. წლევანდელი ზამთარი უმძიმესი აღმოჩნდა", - ამბობს "რეზონანსთან" თამარ ბიწაძე.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე, 3 თვეში, ქართული ლარის ღირებულება ამერიკულ დოლართან მიმართებაში 18.18%-ით შემცირდა. როგორც "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ლარის გაუფასურება ხალხს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა. "ასეთი ზამთარი ჯერ არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ამ სეზონზე ხარჯი ყველას ეზრდება. კომუნალურ გადასახადებში ბევრად მეტის გადახდა გიწევს. ფული იხარჯება ასევე გამათბობლის, სამოსის შესაძენად. როდესაც ამხელა გასავალს ემატება ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონი, ეს ჩვენს ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. ლარის გაუფასურება აბსოლუტურად ყველას შეეხო, საშუალო და მაღალ ფენასაც კი, რამაც არასტაბილური გარემო შექმნა. ზოგიერთმა ბიზნესმენმა იმხელა დანაკლისი ნახა, რომ თანამშრომლები შეამცირა. ჩემი მეუღლეც სამსახურის გარეშე დარჩა. ძალიან რთული სიტუაციაა. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ამას ემატება ბანკების ვალი და პროდუქტზე, მედიკამენტებზე გაზრდილი ფასი", - ამბობს ლალი გიგუაშვილი.

"შემოსავლების შემცირებას და ხარჯის ზრდას უჩივის ქეთევან შარიქაძეც. მან პენსიონრების საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე ხანშიშესულებისთვის 150 ლარით თავის გატანა შეუძლებელია. იგი მთავრობას პენსიის დროულად გაზრდისკენ მოუწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ მარტომყოფი ასაკოვანი ადამიანების ფინანსური მდგომარეობა კრიტიკულია. ასეთი რამ მე არ გამიგია. ხარჯი გვეზრდება, შემოსავალი მცირდება. რას გვიპირებენ? უნდათ, რომ შიმშილით ამოგვხადონ სული? სამნი ვართ ოჯახში. მე, ჩემი მეუღლე და დედამთილი. ჩემს ქმარს 500 ლარი შემოაქვს, მე - 250. დედამთილს პენსია 150 ლარი აქვს. როგორ უნდა ეყოს მოხუცს 150 ლარი წამლებში, საკვებში და ექიმებში? მართალია, საყოველთაო დაზღვევა არსებობს, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ხარჯის გაწევა მაინც გვიხდება. თანაც არ დაგავიწყდეთ, ფასმა მედიკამენტებზეც მოიმატა. ჩვენ რომ არ ვყავდეთ, ეს ფული რაში ეყოფოდა. რატომ არ ფიქრობენ ამაზე, ეს პენსიონრების გაწირვაა. ასეთი მძიმე და არასტაბილური ზამთარი ჯერ არ ყოფილა. უკვე გავიდა თითქმის და იმედია, მის წასვლასთან ერთად ჩვენი ფინანსური პრობლემებიც შემსუბუქდება. ამაზე მე ვერ ვიზრუნებ, მთავრობა უნდა შეეცადოს, რომ ხალხს გასაქცევად არ გაუხდეს საქმე. ამ ქვეყანაში დარჩენა აღარ მინდა. ასეთი უსამართლობის, კინკლაობისა და უაზრო ლაყბობის შემყურეს რაიმეს გამოსწორების იმედიც კი აღარ მაქვს", - ამბობს ქეთევან შარიქაძე.

"ლადო კოხოძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ, პირველ რიგში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სარჩოს კერძო სექტორისგან იღებს: "ახალ სამსახურს მპირდებოდნენ, თუმცა არ გამოვიდა. იმ ფირმამ უარი თქვა მუშაობაზე. შემოსავალი მცირე მაქვს, გასავალი ბევრი. ბინა 1 წლის წინათ განვადებით ვიყიდე და თვეში მარტო ამაში 300 ლარით მეტს ვიხდი. ადრე თუ ხელფასი მყოფნიდა, ახლა თვიდან თვემდე ძლივს გამაქვს თავი".

ფინანსურად არც ეკატერინე ტყემალაძეს ულხინს. იგი, ზამთრის დადგომასთან ერთად, მძიმე ეკონომიურ კრიზისს განიცდის: "ხელფასი 400 ლარი მაქვს, აქედან 200 ლარს ბინის ქირაში ვიხდი. რაში უნდა მეყოს? ფულმა ძალა დაკარგა, პროდუქტი გაძვირდა. კიდევ კარგი, ბანკიდან არაფერი მაქვს გამოტანილი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველას, მეც გამეზარდა ხარჯი. ამბობენ, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიაც გაძვირდებაო. იმედია, ასე არ იქნება, თორემ ხალხს მოთმინების ფიალა აგვევსება და გარეთ გამოვალთ. მთავრობამ უნდა გადახედოს საკუთარ მუშაობას და სტრატეგია შეცვალოს. ვინც გასაშვებია, გაათავისუფლონ. ნუთუ ვერ ხედავენ, რაც ხდება, თუ თვალს იბრმავებენ?", - აღშფოთებას ვერ მალავს ეკატერინე ტყემალაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია