ტერაქტი ხარკოვში "ღირსების მარშის" დროს და საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დეტალები

ტერაქტი ხარკოვში "ღირსების მარშის" დროს და საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დეტალები

სახელმწიფოთა ლიდერებმა კიევში არაფორმალური ერთობლივი შეხვედრა გამართეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტმა სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, "ღირსების მარშის" დასრულების შემდეგ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა საუბრისას უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ კოლეგებს მინსკის მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებები და მას შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გააცნო. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნებისათვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს რეგიონების ანექსიისაკენ მიმართული ქმედება, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის "მოკავშირეობისა და თანამშრომლობის" ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპელ ლიდერებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ქართულმა დელეგაციამ კიევში "ღირსების მარშში" მიიღო მონაწილეობა. მსვლელობა ინსტიტუტის ქუჩიდან დაიწყო და გაიარა ყველა ის ქუჩა, სადაც ერთი წლის წინ უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი, ე.წ. "ზეციური ასეული" და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

პეტრო პოროშენკო და ევროპელი ლიდერები მოედანზე ლამპრებით ხელში გამოვიდნენ. "ღირსების მარშის" მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედანზე შეჩერდნენ, სადაც ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა და დაღუპულების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.

"როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა შენი მეგობრების წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე მათ გვერდით, მტკიცედ იდგე უკრაინის და სხვა ერთა თავისუფალი არჩევანის გვერდით, რასაც დღეს ქართველები და არა მარტო ქართველები - თავისუფლების მოყვარული სხვა ერები ვაფიქსირებთ ლიდერების დონეზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ღონისძიებაში, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ასევე მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის: ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვა ლიდერები.

უკრაინის "ღირსების რევოლუციის" წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობაში უკრაინის პატრიარქი ფილარეტიც მონაწილეობდა. მშვიდობისთვის ლოცვა დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდა.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის "ღირსების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა. კიევში ჩასული ლიდერები ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსში შეიკრიბნენ, სადაც სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს პეტრო პოროშენკო პირადად მიესალმა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

ლიდერებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართა. შეკრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მიხაილოვის მოედანზე "უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის მტკიცებულებათა" გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკის არსებობასა და გამოყენებას ადასტურებს. დოკუმენტურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უკრაინელი სამხედროების მიერ სამხედრო მოქმედებების დროს მოპოვებული და აღმოჩენილი 2014 წელს გამოშვებული ყუმბარმტყორცნები, რომლებიც არ იწარმოება უკრაინაში, ასევე ჯავშანტექნიკა და რუსეთში წარმოებული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებსაც 20 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ სამიზნის ფოტოსურათებისა და კოორდინატების გადაცემა.

უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით ორგანიზებული გამოფენა სახელმწიფო ლიდერებს პეტრო პოროშენკომ პირადად დაათვალიერებინა.

პარალელურად დღეს ხარკოვში ერთიანობის მარშის დროს აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა აქტივისტები კოლონას აწყობდნენ, რათა თავისუფლების მოედნისკენ დაძრულიყვნენ. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია მსვლელობის 10-ზე მეტი მონაწილე.

მოგვიანებით მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში აფეთქებაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს, ამოღებულია იარაღი, მათ შორის ყუმბარმტყორცნი. "ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება", - განაცხადა ტურჩინოვმა და აქვე აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც ტერაქტი ჩაიდინეს, სწავლება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გაიარეს.

იხილეთ ვიდეო

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა