ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული კიდევ ხუთი პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული კიდევ ხუთი პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთში, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ ხუთი პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას, დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი. გიორგი ჩარგეიშვილის, მალხაზ ფირანიშვილის, ზურაბ მელიშიანის, რუსუდან ჩხეტიანისა და კახა აბულიძის ნეშტები დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი კვლავაც გრძელდება. წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე 7 ასეთი შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა, სოხუმის ბაბუშერასა და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია. წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.

2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ექსპერტებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 1500-მდე ნათესავის გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს, აქედან მომზადდა 230 გენეტიკური პროფილი, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა ექსპერტიზის ბიურომ განახორციელა.

საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები გადაგზავნილ იქნა ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში, სადაც შედარება მოხდა ექსჰუმირებული ნეშთების გენეტიკურ პროფილებთან. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა. ოთხივე ნეშტი ერთი ოჯახის აღმოჩნდა - ბელა ზალდასტანიშვილის ორი ძმა და ორი შვილი, რომლებიც დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია