სარეცხი მანქანის მოპარვისთვის დაპატიმრებული 6 შვილის მამა - შოთა იათაშვილის ნაღვლიანი ისტორია

სარეცხი მანქანის მოპარვისთვის დაპატიმრებული 6 შვილის მამა - შოთა იათაშვილის ნაღვლიანი ისტორია

პოეტმა შოთა იათაშვილმა ფეისბუქ-აუდიტორიას ისტორია მოუთხრო, რომელიც მას ციხეში, პატიმრებისთვის ლექსების წასაკითხად მისულს გადახდა:

"გუშინ გლდანის ციხეში ვიყავი, დათო ყანჩაშვილმა წამიყვანა, პატიმრებისთვის ლექსები უნდა წამეკითხა. კი წავიკითხე რამდენიმე, ცოტა პოეზიაზე ლაპარაკიც მოვასწარი, მაგრამ მერე გააქტიურდნენ პატიმრები: ჯერ ერთმა დააძრო თავისი რვეული და თავისი ლექსები გვიკითხა, მერე მეორესაც მოუნდა, და კაი, გაიქეცი საკანში, მოიტანე შენი რვეულიო, გაუშვეს და იმანაც მოირბინა თავისი ნაწერებით და პოეტური საღამო განაგრძო.

ახლა რატომ ვყვები ამ ყველაფერს: პირველი, რომელმაც ეს საქმე წამოიწყო, გივი, რაღაც ძალიან წრფელ ლექსებს კითხულობდა, სულ თავის ოჯახს და უპატრონოდ დატოვებულ შვილებს მისტიროდა. რომ ვკითხე, 6 შვილი მყავსო და 3 წელი მაქვს მოსჯილი, კიდევ 2 დამრჩაო. თუ რა დააშავა, იქ აღარ მიკითხავს, მომერიდა რაღაცნაირად, მაგრამ ყველაფერი რომ მორჩა და გარეთ გამოვდიოდით, ადმინისტრაციიდან ერთმა გოგომ, რომელიც მოგვყვებოდა, გვითხრა, გული მოგიკვდებათ, რომ გაიგოთ ეს გივი რაზეა დაჭერილიო.

სადღაც სოფელში ცხოვრობს, გაუსაძლის პირობებში და სარეცხი მანქანის მოპარვისთვის დაიჭირესო. აი, 6 შვილი რომ გყავს და იმდენად გინდა ცოლისთვის სარეცხი მანქანა და იმდენად არა გაქვს მისი ყიდვის საშუალება, რომ იპარავ და ამისთვის 3 წლით გსვამენ ციხეში. რაღაც ძალიან რობოტულია ეს ჩვენი სადამსჯელო სისტემა, წვეთი ადამიანობისა მასში არაა. არ შეიძლება ასე, კარგით რა, ცოდოა ეს გივი, ვერ ხედავთ, რომ დამნაშავის, ბოროტი რეციდივისტის სული მასში არ სახლობს და ეს შეცდომაც სიყვარულმა ჩაადენინა. მიეცი პირობითი, ნუ 6 თვე მაინც აკმარე, ისიც არ ეყოფა, რომ ამ გაძაღლებულ ქვეყანაში 6 შვილის მამას სარეცხი მანქანა ოცნებადა აქვს გადაქცეული?" - წერს იათაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია